“2010 წელს სააკაშვილი პუტინთან იხვეწებოდა რუსეთთან ფრენების აღდგენას და აღდგა”- მამუკა მდინარაძე

67
spot_img

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ელჩების დემარში მისი აზრით, არაობიექტურია.

„ჩვენ ასეთი დემარში გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. გახსოვთ ალბათ ეს თქვენ და მაშინ აღმოჩნდა, რომ ეს დემარში იყო უსაფუძვლო და ამას პირდაპირი და მკაფიო პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ. ამ დემარშზე, რომელიც უსაფუძვლო შიშებით, თუ წუხილებით არის გამოწვეული, ალბათ მომავალი გაგვცემს პასუხს, რადგან ასეთი ქეისები სტრასბურგში არ განიხილება. ეს [დემარში] არის არასწორი შეფასება მოვლენების და ერთი სამწუხარო ამბავი, ევროკავშირის ელჩმა თავისი განცხადების პირველ ნაწილში თქვა, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე ნაწილში არასწორი იყო ინფორმაცია, რომ ამას სჭირდებოდა საქართველოს მთავრობის თანხმობა. თუ საუბარია იმ დეტალებზე, იმ ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც საქაერონავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანებამ უნდა გასცეს, მათი არგაცემა იქნებოდა სანქციები და სანქციები დააზარალებს ქვეყანას და მის მოქალაქეებს. კიდევ უფრო სიღრმეში თუ შევალთ, გაგახსენებთ, რომ ფრენები რუსეთთან საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის უშუალო ინიციატივით აღდგა. მაშინ მოლაპარაკების შუამავლად გამოიყენა ბატონი თამაზ გაიაშვილი.

პუტინისა და სააკაშვილის უშუალო კომუნიკაციის შედეგად 2010 წელს, ოღონდ მაშინ [სააკაშვილი] იხვეწებოდა, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით, ფრენების აღდგენას და აღდგა. ცალმხრივი სანქცია დააწესა რუსეთმა 2019 წელს. მაშინ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი პარტნიორები მოუწოდებდნენ რუსეთს, ეს სანქცია მოეხსნა, ახლა მოიხსნა და ამ მოხსნას პასუხობენ დემარშით. ჯერ უპრეცედენტოა, როდესაც სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებას სხვა ქვეყანაში დემარშით პასუხობ, ეს ჩემი აზრით, არ არის ობიექტური, მეორეც, არ დაგვავიწყდეს რომ საქართველო არის დღეს რუსეთის ოკუპაციასთან მიმართებაში, უკრაინის შემდეგ რისკის შემცველი ნომერ პირველი ქვეყანა და ახლა საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესება და მსგავსი საკითხების იმგვარად გადაწყვეტა, რომელიც გლობალური ომის პარტიას, თუ მათი დავალებებით საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას უნდათ, რისკებს შეიცავს და მეორე – ეკონომიკური თვალსაზრისით დააზიანებს ქვეყანას და მის მოქალაქეებს. მარტივი კითხვა, ყველაზე სახალხო ენაზე რომ ვთქვათ არის ის, რომ ლარსით შემოვა, ბაქოდან, ერევნიდან, ჩამოფრინდება, თუ შემდეგ მანქანით გადმოკვეთს საზღვარს, საქართველოს მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე, თუ რუსი ტურისტი, ამას რა მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.