2010 წელს ფინანსურ პოლიციაში მეუბნებიან, რომ “რუსთავი 2-ზე” საეთერო დრო უნდა ვუყიდო გიორგი თარგამაძის პარტია “ქრისტიან-დემოკრატებს”, ეს დავალება მოვიდა დავით კირკიტაძის ძმისგან -ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი

22
spot_img

საქართველოს პარლამენტში, სადაც “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის” სხდომა მიმდინარეობს, ბიზნესმენ ვალერ შოშიაშვილს უსმენენ.

სხდომაზე განიხილება ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

როგორც ვალერ შოშიაშვილმა სხდომაზე კომისიის წევრებს განუცხადა, დავით კირკიტაძის ძმამ, ირაკლი კირკიტაძემ, რომელიც ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, დაიბარა უწყებაში და განუცხადა, რომ უნდა ითანამშრომლონ.

“საოჯახო ბიზნესში ჩართვის მომენტიდან დაიწყო ის, რომ აშკარა გახდა, რა შეუძლებელი იყო ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი ბიზნესის წარმოება. 2006 წელს, როდესაც შემოვიდა იმპორტი და კონტეინერები, საბაჟოზე მოხდა გაურკვეველი სიტუაცია – მაშინდელმა ხელისუფლებამ მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნ, რომელიც უნდა ჰქონოდა თითოეულ კონტეინერს. არაფერი საბუთი არ არსებობდა იმაზე, რა დასკვნა უნდა ყოფილიყო. მაშინ გაჩერდა საბაჟოზე, ჯამში იყო 100-150 კონტეინერი. იმპორტიორებმა გავაპროტესტეთ საბაჟოს ტერიტორიაზე. ამ დროს მიბარებენ ფინანსურ პოლიციაში, სადაც მეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერცერთი კონტეინერი ვერ გავა კი არა, ამასთან ერთად იქნება უკვე დაჭერაც და იმ ოჯახის წევრებზე, რომლებიც ჩართული ვართ ბიზნესში, იქნებოდა განსაკუთრებული ზეწოლა.

ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, სესხი ავიღე და შემოწირულობის სახით გადავრიცხე “ნაციონალური მოძრაობის” ანგარიშზე. სესხი ავიღე “პროკრედიტ ბანკში”, 2007 ან 2008 წელს, საპარლამენტო არჩევნების პერიოდია. პარალელურად, გრძელდება ამ თითოეულ კონტეინერზე 1 500 დოლარის გადახდა. ყოველ თვე მოდის თბილისის ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირაკლი კირკიტაძე და ჯამში მიაქვს ხან 18 000 დოლარი, ხან 15 000 დოლარი. გააჩნია, რამდენი კონტეინერი შემოვიდოდა. იმ პერიოდში, როდესაც გადვიხადე თანხა, 100 ათასი ლარი შემოწირულობის სახით, შემდგომაც გრძელდება შეთანხმება – თანხის გადახდა.

2010 წელს ისევ მიბარებენ და მეუბნებიან, რომ შემოწირულობას აღარ მთხოვენ “ნაციონალური მოძრაობის” ანგარიშზე. მეუბნებიან, რომ საეთერო დრო უნდა ვუყიდო “რუსთავი 2-ზე” “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას”, გიორგი თარგამაძის პარტიას. იგივე “დავალება” მოდის იქიდან – ირაკლი კირკიტაძისგან, ფინანსური პოლიციიდან. ამ საეთერო დროის ღირებულება იყო 50 ათასი ლარი და ეს თანხა უნდა გადამერიცხა “რუსთავი 2-ის” ანგარიშზე.

მართლა გაოცებული დავრჩი, რადგან ვიცოდი, რომ სახელისუფლებო პარტია იყო “ნაციონალური მოძრაობა” და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვიყავი “ნაციონალური მოძრაობის” ტყვე, ახლა ეს ახალი პარტია საიდან გამოჩნდა-მეთქი, მამაჩემს პირველი ეგ ვუთხარი. “ქრისტიან-დემოკრატები” რა შუაში არიან, ოპოზიცია არის-მეთქი. მაშინ ირაკლი კირკიტაძემ მიპასუხა, რომ “ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენში სხვაობა არ არისო”.

ბიზნესს უკვე ძალიან გაუჭირდა მაგ პერიოდში. კონტეინერებიც ვეღარ შემოდიოდა, დაიწყო კონტეინერებმა კლება, რადგან თანხის მუდმივად გადინება ბიზნესიდან, ნიშნავდა, რომ საბრუნავი კაპიტალიდან ვიღებდით თანხას და 2010 წელს ირაკლი კირკიტაძე ითხოვს უკვე ჩემი შპს-ს გადაფორმებას ოფიციალურად. ამბობს, რომ ის უნდა გახდეს შპს „ენკა ჰაუსის“ დირექტორი. ოფიციალურ შეხვედრაზე დამიბარა ფინანსურ პოლიციაში. მიზეზი იყო ის, რომ კონტეინერები ვეღარ შემოდის, უკმაყოფილო არიან, ვისთანაც თანხა მიმაქვსო და ეს იყო ვანო მერაბიშვილი. ამიტომ, ეს უნდა გადავიფორმო მე და დავიწყო ჩახედვა, რა არის ბიზნესში პრობლემა და რატომ ვეღარ შემოდის კონტეინერები. მე ვფიქრობ, რომ ეგენი ზოგადად არიან უნიჭო ადამიანები და მხოლოდ ზეწოლა შეუძლიათ, მაგრამ 2010 წელს ბიზნესის ირაკლი კირკიტაძეზე გადაფორმების შემდეგ, ბიზნესმა დაიწყო გაცამტვერება”, – განაცხადა ვალერ შოშიაშვილმა.