20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს 153 600 ევროს გადახდა დააკისრა – საია

25
spot_img

20 ივნისის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საია-ს არგუმენტები და დაადგინა მესამე მუხლის დარღვევა ანუ წამების აკრძალვა. სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ, სახელმწიფოს 153 600 ევროს გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით იმ პირებისთვის, რომელთა ნაწილშიც დადგინდა დარღვევა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას დაადგენდა,- ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს აქციებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც 26 პირის ფაქტობრივ გარემოებებს აერთიანებს. ეს ადამიანები 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს არიან დაზარალებულები. მათგან 22 პირის ინტერესებს წარმოადგენდა საია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ ერთად. 22 ადამიანს შორის არიან: მშვიდობიანი აქციის მონაწილე 10 პირი, მედიის 11 წარმომადგენელი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირი.

წარმოდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება – მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – დემონსტრანტების შემთხვევაში) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლის დარღვევებზე დაობდა.

საია-მ საფუძვლიანად შეისწავლა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვა მტკიცებულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ სახეზე იყო შემდეგი დარღვევები: გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა; დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა; ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა; გამოძიების არაეფექტურობა, რაც მათ შორის ვლინდებოდა, გაჭიანურებულ გამოძიებაზე, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრობლემებში და ა.შ.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საია-ს არგუმენტები და დაადგინა მესამე მუხლის ანუ წამების აკრძალვა და ამასთან ერთად, სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს საბოლოოდ 153 600 ევროს გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით იმ პირებისთვის, რომელთა ნაწილშიც დადგინდა დარღვევა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას დაადგენდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ოთხნახევარი წლის შემდგომ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ მისულა; სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მოუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირები პირდაპირ იყვნენ მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი. არ არსებობს ოფიციალური სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიის და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც ასევე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადები არიან, რაც ამ საქმეზე ასევე პრობლემას წარმოადგენს“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.