2 თებერვალს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულები საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.
გიგი უგულავას და კიდევ შვიდი პირის მიმართ პროკურატურა 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
სასამართლომ გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000-ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
ბრალდების მხარის განცხადებით, დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები არსებობს.
სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს – გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, დიმიტრი ბიძინაშვილს, ნიკოლოზ კუპატაძეს, ნიკოლოზ ქუმსიშვილსა და ალექსანდრე გოგოლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდება ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.