პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ხვალ, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის რეგლამენტით, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.
„ჩვენ სწორედ ამ გრაფიკს მივყვებით – მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები გაიმართება, შემდეგ კი, არჩევნებამდე იქნება პაუზა.
მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, შეიძლება გაგრძელდეს საკომიტეტო სხდომები. პარლამენტი არჩევნების შემდეგ პლენარულ სხდომებს განაახლებს. რა თქმა უნდა, თუ საჭიროება იქნება, ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია პლენარული სხდომის გამართვა, თუმცა იმისთვის, რომ კოლეგებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონდეთ, მიმდინარე თვეს პლენარული სხდომები არ გაიმართება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები 2 და 3 სექტემბერს ჩატარდება.
„მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველი გვექნება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, უნდა ავირჩიოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ასევე უნდა ვცნოთ პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება, რომლებიც ამ პოლიტიკური გაერთიანების უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრების ნაცვლად პარლამენტის წევრები გახდებიან. პლენარულ სხდომებზე, რა თქმა უნდა, გაიმართება კანონპროექტების განხილვა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადასცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 9 ივლისის №3 წარდგინება „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან ნემსაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ“.