,,2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით მხოლოდ ავღანეთისა და ერაყის მისიებში”- პრემიერი

5
spot_img

2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით მხოლოდ ავღანეთისა და ერაყის მისიებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, 32 მამაცი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ამ მისიებში და ამის დაფასებაც არის მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

“უნდა გავიხსენოთ საერთაშორისო მისიებში ჩვენი ქვეყნის წვლილი, რაც მათემატიკურადაც დათვლადია. კერძოდ, ჩემს წერილში საუბარი იყო იმაზე, რომ 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით მხოლოდ ავღანეთისა და ერაყის მისიებში. მაშინ, როდესაც ამერიკული რეალური დახმარება, რაც გაუწიეს ჩვენს ქვეყანას ამერიკული ბიუჯეტიდან, არის ბევრად ნაკლები ამ 2.5 მლრდ დოლარზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, თუ რას ვერ ჩავთვლით ჩვენ რეალურ დახმარებაში, ეს არის, პირველ რიგში, ის თანხები, რომლებიც ქვეყნის არევისთვის იხარჯებოდა ჩვენს ქვეყანაში USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით. რა თქმა უნდა, ეს არ იყო არავითარი დახმარება. ასევე, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ეკონომიკას წაეხმარა ამერიკული დახმარება, ეს იყო 2008-2011 წლები, როდესაც გადასარჩენი იყო სააკაშვილის რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელმაც სწორედ Deep State-ის მეშვეობით დაიწყო 2008 წელს ომი საქართველოში. ეს ვერ ჩაითვლება დახმარებად, ვერც სააკაშვილის რეჟიმის გადარჩენა ვერ ჩაითვლება საქართველოს დახმარებად და ვერც არეულობის დაფინანსება NGO-ების, USAID-ის, NED-ის გავლით.

ყველაფერი დანარჩენი რომ ავიღოთ, რომ გამოვაკლოთ ეს და დავტოვოთ ყველაფერი დანარჩენი, რეალური დახმარება ბევრად, მრავალჯერ  ჩამორჩება იმ 2.5 მილიარდს, რაც ჩვენ დავუზოგეთ ამერიკულ მხარეს მხოლოდ ავღანეთში და ერაყში ჩვენი მისიების მონაწილეობით. რაც შეეხება ჩვენს ჯარისკაცებს, ეს საერთოდ არ ექვემდებარება არავითარ მათემატიკურ დათვლას, ჩვენ მსხვერპლი გავიღეთ, ჩვენმა ჯარისკაცებმა  გაიღეს მსხვერპლი, ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს ამ მისიებში მონაწილეობას. 32 მამაცი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ამ მისიებში. ამის დაფასებაც არის მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ამ ფაქტებზე. სამართლიანობა, ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ჩვენ ვაყენებთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.