1992-93 აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

21
spot_img

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, საქართველო (ICRC) – წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით განხორციელდა 1992-93წწ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტის მოძიება, ამოცნობა და ოჯახებისთვის გადაცემა.

მათივე ცნობით, ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წწ შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მის შემდგომ პერიოდში დაკარგული ადამიანების მოძიებაზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს ICRC-ის მხარდაჭერით და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით.

„ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში 5 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია თავიანთი ახლობლების მოძიებისა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ICRC-ის წარმომადგენლები.

ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ ვეტერანების, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ICRC-ის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, ანნ მონტავონის განცხადებით, უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახების წევრებს აქვთ უფლება იცოდნენ თავიანთი ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფლის შესახებ.

„საკოორდინაციო მექანიზმთან ჩვენი ერთობლივი მუშაობა მიზნად ისახავს ამ ოჯახების განსაცდელის შემსუბუქებას არსებულ შეკითხვებზე მათთვის პასუხების მიწოდების გზით. დღეს, 16 ოჯახს, ვისაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გაურკვევლობაში უწევდა ცხოვრება, მიეცა შესაძლებლობა, პატივი მიეგოთ თავიანთი გარდაცვლილი ახლობლებისთვის. ჩვენ ვუსამძიმრებთ ამ ოჯახების წევრებს“, – განაცხადა ანნ მონტავონმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლიდან, სხვადასხვა ლოკაციაზე მოძიებულია 543 ადამიანის ნეშტი, აქედან 301 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს. 1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება სულ 1849 ადამიანი, მათ შორის სამხედრო და სამოქალაქო პირები.

საკოორდინაციო მექანიზმი, ICRC-ის მხარდაჭერით, განაგრძობს მუშაობას, რომ გაარკვიოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების ხვედრი.