1796 წლის 14 მაისს, ინგლისელმა ქირურგმა ედვარდ ჯენერმა გამოიყენა ყვავილის პირველი ვაქცინა

77
spot_img

კაცობრიობა ყვავილს, სულ ცოტა, სამი ათასი წელია იცნობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით , მხოლოდ მე -20 საუკუნეში ამ დაავადებამ 300 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ითვლება, რომ ყვავილთან გამკლავების პირველი მცდელობა იყო ჩინეთში, ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში, ვაქცინის ოფიციალურ გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე. სწორედ ამ ცდების ფარგლებში, იმდროინდელი სპეციალისტები შეგნებულად ცდილობდნენ ვირუსის მცირე დოზით ადამიანების ინფიცირებას, რათა პაციენტი დაავადებას უფრო ადვილად გამკლავებოდა. ამისათვის ისინი ყვავილის გამონაყარის ბუშტუკიდან ჩირქს იღებდნენ და ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში შეჰყავდათ. ზოგიერთ ქვეყანაში ამას ცხვირის ღრუს მეშვეობით აკეთებდნენ, სხვაგან კი – ნემსის დახმარებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კანი სხვადასხვა ადგილას იჭრებოდა, შემდეგ კი ჩირქში ამოვლებულ ძაფს კანქვეშ ატარებდნენ. 

ამ მეთოდს ვარიოლაცია ერქვა და ის მე-18 საუკუნის ევროპაში ძალიან პოპულარული გახდა. ვარიოლაციის გამოყენების შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ს შეადგენდა. თუმცა ყვავილით ადამიანები ბევრად ხშირად იღუპებოდნენ, ამიტომაც ეს მეთოდი აქტუალობას მაინც არ კარგავდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საფრანგეთში ვარიოლაცია აკრძალული იყო. ამ მეთოდს აქ შიშით უყურებდნენ, იმის მიუხედავად, რომ 1774 წელს მეფე ლუდოვიკო XV ყვავილით გარდაიცვალა.