პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:
„ბატონმა ივანიშვილმა, ღარიბაშვილის მეშვეობით, ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს ახალი გზავნილი შესთავაზა: თურმე, უკრაინაში ომის მიზეზი არის ნატო-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გახდეს ნატოს წევრი და რომ არა ეს სურვილი, ომი არ მოხდებოდა. ეს ასე არ არის!
საქართველოშიც და უკრაინაშიც რუსეთის შეჭრის მთავარი მიზეზია პუტინის სურვილი, აღადგინოს რუსეთის იმპერია და ქართველებსა და უკრაინელებს მოუსპოს ისტორიული სწრაფვა, ააშენონ თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფოები და იზრუნონ თავიანთი ხალხის განვითარებაზე.
ამავე პერიოდში, ბატონმა ივანიშვილმა „შემოაგდო“ ნეიტრალიტეტის თემა – რომ თუ ნეიტრალურები ვიქნებით, საქართველოში ომი არ დაიწყება. ზუსტად ვიცი, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები: გაიმართება თეატრალური წარმოდგენა, როგორიც უკვე ვიხილეთ, მაგალითად, „გარეჯი საქართველოა“, „2017 წელს ზღაპრულად ვიცხოვრებთ“ და სხვა ამდაგვარი. შემდეგ დაიწყება საუბარი, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გზით შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ. „ქოცების“ პროპაგანდა შემოგვთავაზებს, რომ რუსეთი ამაში არც ისე ბევრს ითხოვს – მაგალითად, პატარა სამხედრო ნაწილის განლაგებას საქართველოში, ან ერთობლივი კონტრტერორისტული ცენტრის დაფუძნებას ჩვენს ტერიტორიაზე.
ეს სცენარი, ფაქტობრივად, საქართველოს სრული ოკუპაციაა და ბატონი ივანიშვილი ამაზე წავა, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ხელისუფლება და საქართველო რუსეთს მიჰყიდოს. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველოში ომი გარდაუვალია და თუ ომი გაჩაღდა, მეც ქართველი ხალხის რიგებში ვიქნები.
ვის შორის იქნება ომი?! რუსეთის მიერ მხარდაჭერილ „ქოც-ბანდას“ (ვგულისხმობ „ქოცლიდერებს“ და მათ „ზონდერებს“ და არა „ოცნების“ ამომრჩეველს) და ქართველ ხალხს შორის. ვფიქრობ, ივანიშვილი თავს გაქცევით უშველის, „ქოცბანდა“ და მათი „ზონდებრიგადები“ კი განადგურდებიან.
ამ ანალიზს ვაქვეყნებ იმედით, რომ ზემოაღნიშნული სცენარი არ განვითარდება და ივანიშვილის, თავისი არალეგიტიმური „რუსული ოცნებით“, ჭკუა ეყოფა, შეეშვას ოკუპანტთან კეკლუცს. რუსეთი არაფერს დაგვითმობს და ამ კეკლუც-კეკლუცში გადაგვყლაპავს, რისი სურვილიც ქართველი ხალხის 90 %-ს არ გააჩნია.
ჩვენ 30 წელია მივდივართ ევროპისა და ნატო-სკენ და ჩვენი ხალხი ამ გზიდან არ გადაუხვევს, ხოლო ვინც ამ სურვილს შეეწინააღმდეგება, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდება!“ – აცხადებს ოქრიაშვილი.