17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა

17
spot_img

17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა.  საქართველოს სახალხო პოეტი, გალაკტიონ ტაბიძე  1891 წლის 17 ნოემბერს  კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა.

1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან – თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 – 1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.

გალაკტიონ ტაბიძე არის ჟურნალ “მნათობის” ერთ-ერთი დამაარსებელი (1924). მისი შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა “ლექსები” და განსაკუთრებით 1919 წელს გამოცემულმა “არტისტულმა ყვავილებმა” მას საყოველთაო აღიარება, “გენიალური გალაკტიონისა” და “პოეტების მეფის” სახელი მოუტანა.

“მე და ღამემ”, “მთაწმინდის მთვარემ”, “მერიმ” მკითხველს წარუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება და სიტყვის მოქნილობა.

40-იანი წლებიდან გალაკტიონი აქვეყნებს ლექსებს: “ლურჯა ცხენები”, “მთაწმინდის მთვარე”, “პოეზია უპირველეს ყოვლისა”, “ნიკორწმინდა” და სხვ., რომლებშიც რეალობის სფეროში სიკეთის, მშვენიერების და ჰარმონიის მიკვლევაა გადმოცემული. მის თითქმის ყველა ლექსს უაღრესად დახვეწილი მელოდიურობა, აუხსნელი მუსიკალურობა, რითმის ბუნება, ლექსიკა და ფრაზის წყობა ახასიათებს.

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი და მრავალფეროვნება შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. “პოეტების მეფემ” სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.