16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ – პაველ ჰერჩინსკი

44
spot_img

ნება მომეცით, ძალიან ხმამაღლა და გარკვევით ვთქვა ევროკავშირის სახელით, რომ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა და შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც სურს უკეთესი მომავალი, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გასულ კვირას იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის 27 ელჩს, ასევე ახალ კოლეგებს ევროკავშირის ინსტიტუტებში.

„16 დეკემბერს გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და განიხილავენ საქართველოს საკითხს, საქართველოს საკითხს ასევე განიხილავენ მომავალი კვირის ბოლოს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ის, რაც საქართველოში ხდება, ძალადობის დონე, სისასტიკის დონე აბსოლუტურად მიუღებელია. ხალხს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრები, ეს ყველა დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ძალადობა, სისასტიკე აბსოლუტურად მიუღებელია. მოდით, ვნახოთ რა მოხდება მომავალ კვირაში. ვფიქრობ, ჩვენმა უმეტესობამ ევროკავშირის დედაქალაქებში, ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებში მივაღწიეთ ისეთ ეტაპს, როცა უნდა ვიმოქმედოთ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ იქნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე მოხდება შეთანხმება მომავალი კვირის ორშაბათს“, – აღნიშნა ელჩმა.