14 სექტემბრიდან საეკლესიო ახალი წელი იწყება

372
spot_img

საეკლესიო ახალი წლის დასაწყისი, ძველი სტილით 1 სექტემბერს, ახალი სტილით კი 14 სექტემბერს აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია “ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს” შესთხოვს, “აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა”.

გადმოცემის თანახმად, როდესაც რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო, სექტემბრის თვის პირველი დღე ინდიქტიონის დასაწყისად დაადგინა და თხუთმეტი წლით განსაზღვრა, მერე კი ეს დრო სამ ნაწილად გაყო. თითოეული ხუთწლეულის პირველ სექტემბერს დაპყრობილ ქვეყნებსა და ხალხებს ხარკი უნდა ეძლიათ. სექტემბრის პირველ დღეს ხარკის გადახდით ხალხი მომდევნო ხუთი წლის თავისუფლებას ზეიმობდა. ამგვარად, ინდიქტიონი სადღესასწაულო დღედ იქცა.

წმიდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა: “სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე… ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული”.

ასევე, 312 წლის 14 სექტემბერს კი კონსტანტინე დიდის მიერ მაქსენციუსის დამარცხების შემდეგ ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ მოვლენათა აღსანიშნავად უძველესი დროიდან ბერძნულ ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება.