14 მილიარდზე ვიდრე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული, თუმცა ეს მილიარდები არსად ჩანს-კახა კალაძე

15
spot_img

14 მილიარდზე ვიდრე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული, თუმცა ეს მილიარდები არსად ჩანს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ევროკავშირის მხრიდან, სტატუსთან ერთად, საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარების შეთავაზება სპეკულაციას წარმოადგენს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება.

„პასუხი არის მარტივი – ეს იყო სპეკულაცია და ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ჩვენ მივიღებდით მილიარდობით დოლარს. თუ არ მივიღებდით, ქვეყანა თითქოს კარგავდა მილიარდობით თანხებს. ეს იყო ტყუილი და  სპეკულაცია,  მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. საბოლოო ჯამში, რა მოხდა? ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს მილიარდები არსად ჩანს. იგივე ხდება ამ 14 თუ 16 მილიარდთან დაკავშირებითაც. რაღაც ხომ უნდა მოიფიქრონ ახლა წინასაარჩევნო კამპანიისთვის? ხალხთან არაფერი აქვთ სათქმელი. რა უნდა უთხრან მოსახლეობას ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე, როდესაც ერთი სული აქვთ, საკუთარ ქვეყანაში ომი გაჩაღდეს და მეორე ფრონტი გაიხსნას. ამბობდნენ, გვირჩევნია, ბომბები ცვიოდესო და უკრაინას ადარებდნენ ვითარებას, გვირჩევნია, რაც უკრაინაშია, ის ვითარება იყოს საქართველოშიო. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, მოსახლეობასთან მივიდნენ, დაელაპარაკონ, დაპირებებზე კი ზედმეტია საუბარი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ მიიღებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან დებატებში მონაწილეობას.

„დებატებს რაც შეეხება, ხომ იცით ჩვენი პოზიცია. არაერთხელ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ კობახიძემაც გააკეთა ამაზე განცხადება, მეტ სიახლეს მე ვერაფერს ვიტყვი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სად არის ის მილიარდები, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში მივიღებდით? ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.