ნატოს სამიტის სამი პრიორიტეტი – რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს თბილისს

51
spot_img

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნატოს სამიტის სამი პრიორიტეტი – რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს თბილისს?“, რომელშიც განხილულა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვაშინგტონის სამიტის პერსპექტივები, რომელიც მიმდინარე წლის 9-11 ივლისს უნდა გაიმართოს.


გთავაზობთ პუბლიკაციას სრული სახით:


ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატო, რომლის მთავარი მიზანი, გენერალური მდივნის თქმით, მშვიდობის შენარჩუნებაა, საიუბილეო სამიტისთვის ემზადება. 75-ე სამიტს ვაშინგტონი, აშშ-ის დედაქალაქი უმასპინძლებს.


„ნატო ისტორიაში ყველაზე გამძლე, ყველაზე წარმატებული ალიანსია“, – ამბობს იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც ალიანსში ფინეთი და შვედეთი გაწევრიანდნენ. ეს უკანასკნელი, ნატოს ვაშინგტონის სამიტს, წევრის სტატუსით პირველად დაესწრება.


„მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ნატო ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსი ნაწილობრივ არის ის, რომ მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, ჩვენ გაერთიანება შევძელით. მაგრამ, წარმატების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ შევძელით დროსთან, საფრთხეებთან და გარემოებებთან ადაპტაცია“, – ამბობს სტოლტენბერგი.


ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, 1949 წლის 4 აპრილს დაარსდა. თავდაპირველად, დოკუმენტის ხელმომწერი 12 ქვეყანა იყო. დღეს ნატო 32 ქვეყნის ალიანსია და როგორც გენერალური მდივანი ამბობს, „გაფართოება გრძელდება“.


ვაშინგტონის სამიტის სამი პრიორიტეტი


ნატოს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს გაიმართება. უკვე ცნობილია ძირითადი მიმართულებები, რაზეც ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ. ძირითადი, სამი პუნქტის შესახებ, იენს სტოლტენბერგმა 27 მაისს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლის დროს ისაუბრა.


პუნქტი პირველი – როგორც ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, თავდაცვითი ხარჯების მინიმალური მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. რაც გულისხმობს, რომ ალიანსის წევრი ქვეყანა, ყოველწლიურად, თავდაცვითი ძალების გაუმჯობესებისთვის, სულ ცოტა, მშპ-ის 2%-ს უნდა ხარჯავდეს. საკითხს მნიშვნელოვანს ის გარემოებაც ხდის, რომ ალიანსს საკუთარი ჯარი არ ჰყავს და ის წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობებს ეყრდნობა.


„პირველი საკითხი თავდაცვითი ხარჯების მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება და ჩვენი მზადყოფნაა. საბოლოო მონაცემები რამდენიმე კვირაში გვექნება და მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – ამბობს იენს სტოლტენბერგი. გენერალური მდივანი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ამბობდა, რომ თავდაცვის მიმართულებით ევროპელი მოკავშირეების ერთობლივი დანახარჯი, კოლექტიური მშპ-ის 2% იქნებოდა. „2024 წელს, ნატოს მოკავშირეები ევროპაში, თავდაცვაში, ჯამურად 380 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებენ“, – ამბობდა იენს სტოლტენბერგი 2024 წლის თებერვალში.


პუნქტი მეორე – უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს შეეხება. როგორც ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, მნიშვნელოვანია დასავლეთმა კიევის დახმარება განაგრძოს და სამხედრო დახმარების „სტაბილური“ მიწოდება უზრუნველყოს. „მე ველოდები, რომ ამ მიმართულებით, ნატოს ვაშინგტონის სამიტზე, ნატოს უფრო ძლიერ როლზე შევთანხმდებით. როლზე, [სამხედრო დახმარების] ორგანიზებულ, დაგეგმილ მიწოდებაში, რათა დავეხმაროთ უკრაინას… მტკიცედ მჯერა, რომ უკრაინისთვის დროული და პროგნოზირებადი სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის ძლიერი, ინსტიტუციური სტრუქტურა გვჭირდება“, – ამბობს იენს სტოლტენბერგი და აქვე განმარტავს, რომ უკრაინისთვის საჭირო ამუნიციისა და საბრძოლო ტექნიკის დაგვიანებით მიწოდება, ფრონტის ხაზზე აისახება. „მიწოდების კუთხით არსებულმა ხარვეზებმა, სამხედრო მხარდაჭერის შეფერხებამ, ფრონტის ხაზზე შედეგი გამოიღო. ეს არ არის თეორია, ეს არის ფაქტი. ფაქტია, რომ თუ მათ არ ექნებათ საჭირო შეიარაღება, პოზიციების დაცვა ძალიან გაუჭირდებათ“,- თქვა სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლის დროს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა აქვე აღნიშნა, რომ ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კიევი ვაშინგტონისგან 60 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღებას მიღებს, ფრონტის ხაზზე ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის.
უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდებას ამერიკის კონგრესის ორივე პალატის, ორპარტიული შემადგენლობა უჭერს მხარს. ამერიკელ კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს იმდენი და ისეთი შეიარაღება, რომლითაც ომის მოგებას შეძლებს.
„დროა ვიყოთ ვითარების შესაბამისობაში, ახლა არ არის ბიუროკრატიის დრო – დროა [ბაიდენის] ადმინისტრაციამ სრულად აამოქმედოს უკიდურესად მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება და შეეშვას უკრაინის მიკრომენეჯმენტს თუ როგორ გამოიყენებს კიევი ამერიკულ შეიარაღებას. ჩვენ უნდა აღვჭურვოთ უკრაინა საჭირო შეიარაღებით იმისთვის, რომ გაიმარჯვოს და არა იმისთვის, რომ მარცხი აიცილოს,“ – თქვა გასულ კვირას, აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა სენატორმა მიტჩ მაკკონელმა.


ნატოს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთი დღეს აგრესიულია როგორც არასდროს და უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან ერთად, სადაც მას ომი აქვს ან ჰქონდა, დღეს მთელს დასავლეთს ემუქრება.


პუნქტი მესამე – ნატოს გენერალური მდივნის თქმით, აზიაში ალიანსის მოკავშირე ქვეყნებს შეეხება. სტოლტენბერგის თქმით, ნატო გაფართოებას აზიაში არ გეგმავს, თუმცა „ის, რაც ხდება აზიაში, გავლენას ახდენს ევროპაზე და პირიქით“. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ნატო მოკავშირე ქვეყნებთან ერთად მუშაობს. „ვინ უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში? ყველაზე მნიშვნელოვანი მომწოდებელი ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორაა“, – ამბობს იენს სტოლტენბერგი და განმარტავს, რომ ჩინეთისგან რუსეთი მიკროჩიპებს იღებს, რაც კრემლს სამხედრო წარმოებისთვის სჭირდება, ირანისგან კი – სამხედრო დრონებს, ხოლო ჩრდილოეთ კორეისგან – რაკეტებს. „რომ არა ჩინეთის ეს ეკონომიკური მხარდაჭერა, რუსეთი ვერ ახერხებდა ომის წარმართვას ისე, როგორც ამას დღეს ის უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს“, – ამბობს სტოლტენბერგი. მისი თქმით, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოებისთვის, აზიაში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავება და ერთობლივი მოქმედება მნიშვნელოვანია.


„ნატო რჩება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მაგრამ იმუშავებს პარტნიორებთან – აზია-წყნარ ოკეანეში. ამიტომაც, აზია-წყნარი ოკეანის ლიდერები მოწვეულნი იქნებიან ჩვენს სამიტზე, ვაშინგტონში“, – ამბობს სტოლტენბერგი და აქვე აღნიშნავს, რომ მესამე პუნქტი, გარდა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებისა, სხვა პარტნიორ სახელმწიფოებსაც შეეხება, რომლებიც ალიანსის პარტნიორ სახელმწიფოებად განიხილებიან.
მიიწვევენ თუ არა უკრაინას ნატოში?


ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ალიანსი „ღია კარის“ პოლიტიკას ინარჩუნებს და გაფართოებას აგრძელებს. მომლოდინეთა შორის არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. გასული წლის სამიტის შემდეგ, უკრაინა ამ გზაზე დაწინაურდა, თუმცა უცნობია, როდის შეძლებს ქვეყანა ნატოში გაწევრიანებას.


ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებისთვის სამი რეკომენდაცია აქვს: „ფოკუსს სამ რეკომენდაციაზე გავაკეთებდი: პირველი – ვაშინგტონის ივლისის სამიტზე, ნატოს ლიდერებმა უკრაინა უნდა მიიწვიონ, რათა დაიწყოს მოლაპარაკება [ალიანსში მათ] გაწევრიანებაზე. მეორე – მათ უნდა განსაზღვრონ უკრაინის ნატოში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი, არაუგვიანეს 2028 წლის ივლისისა. მესამე – მათ უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები ომის შესაჩერებლად და მის ჩვენს სასარგებლოდ შემოსატრიალებლად”, – თქვა ანდერს ფოგ რასმუსენმა, “ატლანტიკურ საბჭოში” საუბრის დროს.


ნატოს ვაშინგტონის სამიტზე, უკრაინისთვის პოზიტიური სიგნალის გაგზავნას ელოდება თადარიგის გენერალი უესლი კლარკი. „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართულ დისკუსიაზე მან თქვა, რომ ალიანსმა უკრაინას დროში გაწერილი გეგმა უნდა შესთავაზოს.


„ეს შესაძლოა იყოს ბოლო შესაძლებლობა ამ სამიტზე, რომ სრულად გამოვიყენოთ ნატოს დიპლომატიური ძალა, რათა წინ აღვუდგეთ უკრაინაში რუსეთის წინსვლას. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ნატოში უკრაინის გაწევრიანების პოზიტიური გზა. არა მაშინ, როცა უკრაინაში ომი დასრულდება, არა მაშინ, როცა ბრძოლები შეწყდება – არამედ ახლა. ეს გულისხმობს იმის თქმას, რომ აი ჩვენ გვაქვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, აი ეს არის წინსვლის გზა. თუ ბრძოლები გაგრძელდება, აი ასე უნდა ვიმოქმედოთ, თუ არ გაგრძელდება მაშინ – ასე. ჩვენ უნდა მივიღოთ რეალობა და თუ ჩვენ ნატოს წინ წამოვწევთ უკრაინისთვის, ჩვენ გვექნება საუკეთესო შანსი, რუსეთის აგრესია შევაკავოთ“, – ამბობს გენერალი უესლი კლარკი.


საქართველო ნატოს ვაშინგტონის სამიტზე


ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს ნატოს ვაშინგტონის სამიტისგან „პოზიციური მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს“.


“არ მგონია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოს მომავალზე ზრუნვა იყოს. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს საკითხი ნატოს ვაშინგტონის სამიტზე მოწინავე საკითხებს შორის იქნება და ვიტყოდი, რომ, მიმდინარე პროცესების ფონზე, ეს შეცდომა იქნებოდა,” – ამბობს “ამერიკის ხმასთან” საუბრისას ჯონ ჰერბსტი “ატლანტიკური საბჭოდან” და განმარტავს, რომ თუ საქართველოს პარლამენტი ე.წ. “უცხოეთის აგენტის” კანონის პროექტს დაამტკიცებს, ეს საქართველოს ნატოსთან დაახლოებას ხელს შეუშლის.


ანალიტიკურ წრეების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა, რომლითაც “ზურგს აქცევს დასავლეთს”, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე ექმნება.


26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სპეციალური განცხადება გაავრცელა ნატოს საპარლამენტო ასამბლეამაც, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ ე.წ. “აგენტების კანონის” შემობრუნება, ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს.


კანონის ხელმეორე ინიცირებისას ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ არ დაემტკიცებინათ ეს კანონი, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება პარტნიორების მოწოდებებს არ ითვალისწინებს და “ქვეყნის სუვერენულ უფლებებში” ჩარევაზე მიანიშნებს.


ნატოს საიუბილეო 75-ე სამიტს, ვაშინგტონის კონვენციის ცენტრი უმასპინძლებს. ცენტრის მშენებლობა 2003 წელს დასრულდა და მას ერთდროულად 40 000-ზე მეტი ადამიანის მიღება შეუძლია.


წყარო