13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს

30
spot_img

13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება.

წმ. ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს. ხვარაზმელი ჯალალ ად-დინის ურდოები 1226 წელს თბილისს ახალ განსაცდელად დაატყდა თავს. ისინი საქართველოში შუა აზიიდან შემოიჭრნენ.

სპარსელებმა და ხვარაზმელებმა დედაქალაქს ალყა შემოარტყეს. თბილისი ამ დროს სამი ნაწილისგან – კალას, ისნისა და თბილისისგან შედგებოდა და მისი აღება არც თუ ისე ადვილი იყო. მტერი ქალაქს ნარიყალას მხრიდან მოადგა. თბილისელი მაჰმადიანები ხვარაზმელთა მხარეს გადავიდნენ. მიუხედავად ამისა, ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი, რომელთა უმეტესობასაც ხელოსნები შეადგენდნენ, მედგრად იცავდა თბილისს. პირველი შემოტევები ქართველებმა მოიგერიეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თბილისში მცხოვრები მუსლიმები შეთქმულიყვნენ ქალაქის დასამხობად. თბილისელმა სპარსელებმა მტერს განძის კარი გაუღეს. საქართველოს მეფე რუსუდანი ქუთაისში იყო. მემნა ჯაყელი ქალაქის მარჯვენა სანაპიროს იცავდა, ბოცო ჯაყელი – მარცხენას. თუმცა ქართველები დამპყრობლებს მაინც ძალიან მოუმზადებლები შეხვდნენ.

1226 წ. 9 მარტს მტერი დედაქალაქში შემოიჭრა. ქალაქის მცველებმა ისნის ციხეს შეაფარეს თავი და მტრით გარემოცულნი იქიდან აგრძელებდნენ ბრძოლას. საქართველოს მთავარსარდლობამ ისანში ჩაკეტილ მეციხოვნეთა მდგომარეობა უიმედოდ მიიჩნია. რუსუდანმა მათ ციხის დატოვება უბრძანა, თუმცა მეციხოვნეები ამის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ. ბოცომ ჯალალ ად-დინს დანებების პირობების შესახებ მოსალაპარაკებლად მოციქულები მიუგზავნა. ზამთრის დიდი სიმკაცრით გაჭირვებაში მყოფმა ხვარაზმელმა ისნის ციხისთავის საზავო პირობები მიიღო და მეციხოვნეთ გზა გაუხსნა. საქართველოს დედაქალაქი მთლიანად ჯალალ ად-დინს ჩაუვარდა ხელში. მისი ჯარები ქალაქს შეესივნენ და არნახული სისასტიკით იწყეს მოსახლეობის ჟლეტა. გამხეცებული ხვარაზმელები ჩვილ ბავშვებს დედებს მკერდიდან აგლეჯდდნენ და თავებით ქვაფენილზე ანარცხებდნენ, მერე წუხილით შეშლილ დედებს ტვინდანთხეულ შვილებს ზედ აკლავდნენ. მოხუცებულთ ცხენთა ფლოქვებით სრესდნენ, ჭაბუკებს კოდავდნენ… ქუჩებში სისხლის მდინარე დიოდა… მტკვარი სისხლით შეიღება და გვამებით გაივსო.

ხვარაზმელს თითქოს სისხლიც მობეზრდა, ბრძანა: სიცოცხლე აჩუქეთ, მხოლოდ მათ, ვინც ქრისტიანობას უარყოფს და მაჰმადის რჯულს შეუდგებაო. ზოგიერთმა, საშინელი კაცთაკვლით შეძრწუნებულმა მართლაც დათმო ქრისტიანობა, უმრავლესობამ კი სიცოცხლეს წამებულის გვირგვინი არჩია. ჯალალ ად-დინმა სიონის ლავრიდან წმიდა ჯვარი ჩამოაგდო და მიწაზე დაანარცხა. გუმბათი სულ გადაანგრია სიონს და მის ადგილზე თავისი “ბილწი საჯდომი დაიდგა”, ზედ საგანგებოდ აღმართული ფიცარნაგით ადიოდა და იქიდან აწიოკებულ ქალაქს ათვალიერებდა. სიონის ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ძვირფასი ხატები გამოატანინა და მისგანვე აგებული “ხიდის” შესასვლელთან პირაღმა დააყრევინა. ბრძანა, რიგ-რიგად მოეყვანათ ყველა ქრისტიანი, ქალიცა და კაციც, ყველას ცალკეულად ჩაეწიხლა და დაეფურთხებინა იმ ხატებისთვის და ფიცით უარეყოთ ქრისტეს რჯული. ხოლო ვინც ამას არ აღასრულებდა, იქვე თავი წარეკვეთათ და მტკვარში ესროლათ. ჯალალი სიონის ნაგუმბათევზე იჯდა და ხედავდა, როგორ მიჰყავდათ მის მეომრებს ქართველები და სომხები, როგორ იბრძოდნენ, ჰკვეთდნენ თავებს და ისროდნენ მტკავში თავსა და ტანს ცალ-ცალკე. მხოლოდ მცირე სულმოკლენი შეურაცხყოფდნენ წმიდა ხატებს და უარყოფდნენ ქრისტიანობას.

100 000 თბილისელის სიცოცხლე შეეწირა ამ დღეს უცხო ველურთა მახვილს. დამპყრობლებმა გაძარცვეს და გააპარტახეს თბილისი. ძარცვა-გლეჯვისას არ დაუზოგავთ არა მარტო ქრისტიანები, არამედ მაჰმადიანებიც, რომელთა წყალობითაც ხვარაზმელებმა ქალაქის დაუფლება შეძლეს.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ დღეს წამებული 100 000 უდიდესი გმირი წმიდანად შერაცხა.