„ნეთანიაჰუს ომი წაგებული აქვს” – რას წერს უცხოური პრესა

36
spot_img

ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნეთანიაჰუს ომი წაგებული აქვს. მოვიდა დრო მშვიდობის ნებისმიერი შანსი შევინარჩუნოთ“ (ავტორი – ქენ ბრილი, ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციების დიპლომატიური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასზე“ სრული გამარჯვება ახლოს არისო“, მაგრამ ქვეყნის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები უფრო სიმართლეს ამბობენ – „ნეთანიაჰუმ ღაზაში ომი წააგო“. ისრაელისთვის და აშშ-სათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი დღეს იმით გამოიხატება, თუ რამდენად შეიძლება რეგიონის გადარჩენა იმ კატასტროფისაგან, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოაწყო.

საერთოდ, ისრაელის ლიდერის მიერ დაწყებული ომი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ იყო წაგებული. თავდაპირველად მთელი მსოფლიო ისრაელთან ერთად უკიდურესად იყო აღშფოთებული 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ისრაელის მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის გამო – არავითარი ეჭვი არ არსებობდა იმაში, რომ „ჰამასელებმა“ შურისძიება მართლაც დაიმსახურეს, მაგრამ ისრაელის მთავრობის სამხედრო პასუხი ღაზას სექტორში პალესტინელი არაბი სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ ისეთი უკიდურესად დაუნდობელი გახდა, რომ „ჰამასელების“ ქმედებას არაფრით ჩამოუვარდება.

ისრაელის არმიის ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ფაქტების ზრდის კვალობაზე – ღაზას სექტორში მსხვერპლთა რიცხვმა უკვე 30 ათასს გადააჭარბა – მთელ მსოფლიოში ნელ-ნელა მატულობდა უკურეაქცია – ამჯერად უკვე ისრაელის მთავრობისა და მისი ცაჰალის უმოწყალო მოქმედების მიმართ. ისრაელის არტილერია და ავიაცია დაუნდობლად ანგრევდა და პირდაპირ მიწასთან ასწორებდა ღაზას ქალაქებსა და სოფლებს…

ისრაელის არმიის ქვედანაყოფებმა ახლახან, გასულ კვირაში, მორიგი საშინელება ჩაიდინეს – მათი თავდასხმის შედეგად ჰუმანიტარული ორგანიზაციის World Central Kitchen-ის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა, რომელიც, სხვათა შორის, ღაზას სექტორში თავის საქმიანობას ისრაელის წარმომადგენლებთან ათანხმებდა და მათთან კოორდინირებულად მოქმედებდა. ეს ნიშნავს, რომ ისრაელის სამხედროები, მათივე განცხადების საპირისპიროდ, არ იღებენ გამაფრთხილებელ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი მოქმედება მხოლოდ „ჰამასელი“ მებრძოლების წინააღმდეგ იქნეს გამიზნული. როგორც ისრაელის გაზეთი
ჰაარეცი“ წერს, World Central Kitchen-ის ჰუმანიტარული ტვირთის ავტოკოლონას ცაჰალმა სამი სარაკეტო დარტყმა მიაყენა.

არავისთვის საეჭვო არ არის ის ფაქტი, რომ „ჰამასელები“ სამოქალაქო მოსახლეობის უკან იმალებიან და ხშირად მათ ფარის სახით იყენებენ, ანუ სამხედრო დანაშაულს სჩადიან. ასევე უეჭველია ისიც, რომ ისრაელის პრიორიტეტია „ჰამასის“ განადგურება, მაგრამ ამ დროს უდანაშაულო სამოქალაქო მოსახლეობასაც ხოცავენ.

იმ სისასტიკისა და უმოწყალო მოქმედებისთვის, რაც ისრაელის არმიამ გამოავლინა ღაზას სექტორში, იერუსალიმს განსაზღვრული ფასის გადახდა მოუწევს. საოცარმა ნგრევამ და დიდმა მსხვერპლმა თვით ისრაელის მოკავშირეებიც და გაეროც შეაძრწუნა. შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ღაზას სექტორისა და მთლიანად რეგიონის პრობლემა „ჰამასი“ კი არ არის, არამედ თვითონ ისრაელი.

როგორც ისრაელის ექს-პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა განაცხადა გასულ სამშაბათს, არმიის მოქმედება ქვეყანას ისეთ შედეგამდე მიიყვანს, რომ ისრაელი „საერთაშორისო ოსტრაკიზმის“ (შერისხვის) წინაშე დადგება, სწორედ ასე ხდება ხოლმე ხშირად ომის წაგება.

ის, რაც ამჟამად რაფაჰში ხდება, ნეგატიურად აისახება ისრაელის ურთიერთობაზე აშშ-სთან, ევროპასთან და არაბულ სამყაროსთან.
ერთი მხრივ, თუ ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი ექსტრემისტულად განწყობილი მინისტრები თავისას მიაღწევენ და ისრაელის არმია რაფაჰს ისე დაუნდობლად დაიპყრობს, როგორც ამას ღაზას სექტორის სხვა რაიონებში აკეთებდნენ, ისრაელის მიერ საკუთარი თავისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ძალიან ძვირი დაუჯდება აშშ-საც, რომელიც ისრაელისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულების გაუმჯობესებას ცდილობს.

მეორე მხრივ, თუ ისრაელელი სამხედროები უფრო მჭიდროდ გააგრძელებენ თანამშრომლობას ჰუმანიტარულ ორგანიზაციები, ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მოსახლეობის უზრუნველყოფას სურსათ-სანოვაგითა და პირველი მოხმარების საგნებით, დროებითი თავშესაფრებითა და უსაფრთხო ბანაკების მოწყობით და „ჰამასის“ წინააღმდეგ მხოლოდ ზუსტ წერტილოვან დარტყმებს განახორციელებან, ასეთ სიტუაციაში შეიძლება ახალ ეპოქას ჩაეყაროს საფუძველი – ხიდს „ჰამასთან“ ომსა და გრძელვადიან რეგიონულ მშვიდობას შორის.
რა თქმა უნდა, რაფაჰიდან რომ რაღაც პოზიტიური ინიციატივა წამოვიდეს, აშშ-მა მეტი სიმტკიცე და მომთხოვნელობა უნდა გამოავლინოს ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიმართ, ვიდრე დღემდე იჩენდა. მართალია, ისრაელისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ამ დღეებში ერთმანეთს შეხვდნენ სამოქალაქო მოსახლეობასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვის მიზნით, მაგრამ როგორც ჩანს, უშედეგოდ, თუმცა გამოცხადდა, რომ შეხვედრები გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი რამ არის ფსონად დადებული, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ბენიამინ ნეთანიაჰუს რაფაჰში შესვლაზე დაეთანხმოს, რომელიც დიდ მსხვერპლს გამოიწვევს და თეთრ სახლსაც ზიანს მიაყენებს, ძირს გამოუთხრის აშშ-ის ინტერესებს არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს ხელს შეუშლიდა ჯო ბაიდენის მიზნების მიღწევასაც – აშშ-ის ხელმძღვანელობით რეგიონული მოლაპარაკების განხორციელებას, ორი სახელმწიფოს (არაბული და ებრაული) თანაარსებობის საფუძველზე.

ბენიამინ ნეთანიაჰუს სუსტი პოზიციები აქვს: მას ეწინააღმდეგებიან საკუთარი მოქალაქეები ანტისამთავრობო დემონსტრაციებით ქვეყნის შიგნით და ისრაელის ირგვლივ მდებარე სახელმწიფოები. მისმა სამხედრო-პოლიტიკურმა ნაბიჯებმა ისრაელის პოლიტიკურ ავტორიტეტს აშშ-ში და ევროპაში ძირი გამოუთხარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ისეთ ფიგურას წარმოადგენს, რომლის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა 7 ოქტომბრამდე და მის შემდეგაც ისრაელის ავტორიტეტი დაჩრდილა. ისრაელში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მოწმობს, რომ მოსახლეობას არჩევნები და ბენიამინ ნეთანიაჰუს წასვლა სურთ.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ზოგიერთი „წითელი ხაზი“ უნდა დაუწესოს რაფაჰის ენდშპილის საკითხში. მაგალითად, არ მიაწოდოს ისრაელს ძლიერი „უხმაურო“ ბომბები, მკაცრად მოსთხოვოს მას, რომ შეუშვას ღაზას სექტორში იმდენი ჰუმანიტარული ტვირთი, რამდენიც ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის არის აუცილებელი, მოსთხოვოს პრემიერ-მინისტრს ისიც, რომ „ჰამასს“ მხოლოდ მაშინ დაარტყას, თუ სამოქალაქო მოსახლეობა საფრთხე არ შეექმნება.

აშშ-ის ოფიციალურ პირებს არაერთხელ აქვთ გაცხადებული, რომ თეთრი სახლი მხარს უჭერს ისრაელის უფლებას საკუთარი თავის დაცვაზე, მაგრამ აშკარაა, რომ ისრაელის სამხედრო კამპანია ღაზაში უკვე რამდენიმე თვეა, რაც თავდაცვის უფლებიდან შურისძიებად გადაიქცა.

ამერიკამ თავისი ახლო აღმოსავლელი მოკავშირის წინაშე ვალდებულება შეასრულა და გადააჭარბა კიდეც. მოვიდა დრო, რომ ვაშინგტონმა სიმკაცრე გამოავლინოს სიყვარულის სახელით, რომ ისრაელს იმ ორმოდან ამოსვლაში დაეხმაროს, რომელშიც ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი ქვეყანა ჩააგდო და რომელიც ამ ორმოს გაღრმავებას აპირებს. ამერიკამ გრძელვადიანი სამშვიდობო მოლაპარაკების შესაძლებლობა უნდა შეინარჩუნოს.

წყარო