11:30 საათის მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა კოლეგიის 170-მა წევრმა მიიღო-ცესკო-ს სპიკერი 

5
spot_img

ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევნები ჩატარებულად ითვლება, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

მისივე განმარტებით, კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ ის მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ს, ანუ 200 ხმას.

ნათია იოსელიანი განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური დღესვე გაიმართება.

„დილის 9:00 საათიდან მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. ქვეყნის ისტორიაში პირველად არაპირდაპირი წესით ხდება პრეზიდენტის არჩევა. პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა ცესკო-მ განკარგულებით დაამტკიცა და მასში შედიან საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი, ასევე, ცესკო-ს მიერ საარჩევნო კოდექსის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად საკრებულოების წარმომადგენლები. ხმის მიცემის პროცესი ორ საათამდე გაგრძელდება, თუმცა 11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, რადგან მასში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

რაც შეეხება კანდიდატს, კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ ის მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ს, ანუ 200 ხმას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დღესვე გაიმართება მეორე ტური, სადაც კანდიდატმა უნდა მიიღოს ხმების უმრავლესობა. ხმის მიცემის დასრულების პროცესის შემდეგ გაიმართება პარლამენტის სასახლეში ცესკო-ს სხდომა, სადაც კანონით დადგენილი წესით დაითვლება ბიულეტენები, შეივსება შემაჯამებელი ოქმი და ცესკო-ს თავმჯდომარე შედეგებს წარუდგენს როგორც საარჩევნო კოლეგიას, ასევე საზოგადოებას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს პირველად არაპირდაპირი წესით აირჩევს. პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა.