შეერთებული შტატები უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ თარიღს აღნიშნავს. 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 22 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს „ალ ქაიდას“ ტერორისტებმა სამგზავრო თვითმფრინავები გაიტაცეს და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ტერაქტების სერია განახორციელეს.
ორი ავიალაინერი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს შეეჯახა. მოგვიანებით კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა პენტაგონის დასავლეთ ფასადს შეაჯახეს, მეოთხე თვითმფრინავში კი მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ლაინერი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. შემზარავ ტერორისტულ აქტებს 2977 ადამიანი ემსხვერპლა.