Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დროა, საკუთარი სხეულის მიმართ მეტი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინოთ. თუ ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასვლას ფიქრობთ, გირჩევთ დაბალანსებული კვებით და მსუბუქი ვარჯიშით დაიწყოთ. ფიზიკური აქტივობა თქვენზე აუცილებლად დადებით გავლენას მოახდენს, განსაკუთრებით — თუ ეტაპობრივად იმოქმედებთ. მთავარია, მკვეთრი ცვლილებებით არ გადატვირთოთ.

რჩევა: უსმინეთ საკუთარ სხეულს და მყისიერ შედეგებს არ ელოდოთ. თანმიმდევრობა – თქვენი წარმატების გასაღებია.

კურო

ამ დღეს პირად ცხოვრებაში მოულოდნელი აღმოჩენები გელით. შესაძლოა, პარტნიორი სრულიად სხვა მხრიდან დაინახოთ ან გააცნობიეროთ, რომ თქვენი მოლოდინები ყოველთვის სამართლიანი არ იყო. მარტოხელა კუროს შეიძლება, გრძნობა გაუჩნდეს იმ ადამიანის მიმართ, ვისაც აქამდე მეგობრად მიიჩნევდა. თუ ურთიერთობებში გაურკვევლობა გაჩნდა, შესანიშნავი დროა გულწრფელი საუბრისთვის.

რჩევა: იყავით გულწრფელი, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. ზოგჯერ ჯობია მოვლენების განვითარებას მშვიდად დაელოდოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დროა ფინანსური ჩვევების გადახედვისთვის. შესაძლებელია, გააცნობიეროთ, რომ უსარგებლო ნივთებზე ზედმეტად ბევრ ფულს ხარჯავთ. სასურველია, ხარჯების შესამცირებლად ბიუჯეტს გადახედოთ, თუმცა ზედმეტად მკაცრი შეზღუდვები აუცილებელი არ არის – მთავარია ეკონომიასა და კომფორტს შორის ბალანსი იპოვოთ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ.

რჩევა: ფინანსურ გეგმაზე მუშაობისას ზომიერი მიდგომა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.

კირჩხიბი

მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღეა, შესაძლოა მოულოდნელად პროფესიული მოტივაცია იგრძნოთ და გაგიჩნდეთ იდეა, რომელიც რთული ამოცანის გადაჭრაში დაგეხმარებათ. თუ დიდი ხანია კარიერულ ცვლილებებზე ფიქრობთ ან ახალი ცოდნის მიღება გსურთ, შესანიშნავი დროა პირველი ნაბიჯის გადასადგმელად.

რჩევა: გამოიყენეთ ეს დღე კარიერული პერსპექტივების გაანალიზებისთვის, მაგრამ რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ.

ლომი

იდეალური დღეა სპორტული აქტივობების დაწყების ან კვების რეჟიმის შეცვლისთვის. თქვენი ორგანიზმი ცვლილებებს ელის, ამიტომ მცირე აქტივობაც კი შესამჩნევ შედეგს გამოიღებს. ეცადეთ, საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ — ისინი სიტყვითაც დაგეხმარებიან და საქმითაც.

რჩევა: დაიწყეთ ცხოვრების წესის მცირე ცვლილებით და თქვენი სხეულის რეაქციას ყურადღება მიაქციეთ.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება პირად ურთიერთობებზე ახალი შეხედულება ჩამოგიყალიბდეთ. მოულოდნელად გააცნობიერებთ, რომ პარტნიორის მიმართ ზედმეტად კრიტიკული ხართ ან ურთიერთობის განსამტკიცებლად მის გულწრფელ მცდელობებს ვერ ამჩნევთ. მარტოხელა ქალწული შეიძლება ისეთი ადამიანით დაინტერესდეს, ვისზეც აქამდე არასოდეს უფიქრია.

რჩევა: ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი მოქნილობა გამოიჩინოთ. ზოგჯერ დათმობა ურთიერთობის შესანარჩუნებლად საუკეთესო გამოსავალია.

სასწორი

ხელსაყრელი დროა ბიუჯეტის გადასახედად – შეგიძლიათ გაყიდოთ ან გააჩუქოთ ის, რაც აღარ გჭირდებათ. დღის პირველი ნახევარი ნაკლებად ნაყოფიერია — შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები შუადღის შემდეგ უნდა დაგეგმოთ, როცა თავს გაცილებით ენერგიულად იგრძნობთ.

რჩევა: მოერიდეთ ნაჩქარევ და დაუფიქრებელ ხარჯებს. რაციონალური მიდგომა ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ.

მორიელი

პროფესიულ სფეროში მოტივაციის მოზღვავება გელით. მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღეა, კარიერულ მიზნებზე და ახალი შესაძლებლობების ძიებაზე ფიქრი თქვენთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდება. თუ ბოლო დროს რაღაც გაწუხებდათ, ახლა კარგი დროა, რომ პრობლემის გადასაჭრელად ალტერნატიული გზები მოძებნოთ. შესაძლებელია, დღის მეორე ნახევარში საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ, რაც პროფესიულ წარმატებაში დაგეხმარებათ.

რჩევა: გამოიყენეთ ეს დღე სტრატეგიული დაგეგმვისთვის. ზოგჯერ საუკეთესო გადაწყვეტილებები სიმშვიდეში იბადება.

მშვილდოსანი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, ყურადღება თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას დაუთმოთ. შესანიშნავი დროა ვარჯიშის დასაწყებად და ჯანმრთელი კვების ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. თქვენი სხეული ამ ცვლილებებს აუცილებლად დააფასებს, მაგრამ ზედმეტი დატვირთვისგან თავი უნდა შეიკავოთ – ყველაფერი ნელ-ნელა უნდა აკეთოთ, რომ სტრესი არ გამოიწვიოთ.

რჩევა: აირჩიეთ ისეთი ფიზიკური აქტივობა, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. გირჩევთ ნებისმიერი საქმის კეთებისას წვრილმანებს ყურადღება მიაქციოთ.

თხის რქა

პირად ცხოვრებაში ჰარმონიისა და სტაბილურობის ეტაპი დგება. შესაძლოა, ბოლო დროს ურთიერთობებში დაძაბულობა გაჩნდა, მაგრამ ახლა კარგი დროა პრობლემების მოგვარებისთვის. მთავარია, რომ პარტნიორის ემოციებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და კრიტიკას მოერიდოთ, თუნდაც ის სამართლიანი იყოს. მარტოხელა თხის რქამ შეიძლება გაიცნოს ადამიანი, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.

რჩევა: რაც უფრო მეტ სითბოს და სიყვარულს გამოიჩენთ, მით უფრო მტკიცე გახდება თქვენი ურთიერთობა.

მერწყული

ამ დღეს ფინანსური საკითხების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. შესაძლებელია, გააცნობიეროთ, რომ ზედმეტად ბევრს ხარჯავთ და დროა, დანაზოგის შექმნაზე იზრუნოთ. შესაძლოა, ვინმემ ბიზნესპროექტში ჩართვა შემოგთავაზოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროთ.

რჩევა: ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. უმჯობესია, ფრთხილად იმოქმედოთ, ვიდრე მომავალში ინანოთ.

თევზები

შეიძლება, აღმოაჩინოთ, რომ თქვენი კარიერული გეგმები სერიოზულ კორექტირებას მოითხოვს. პროფესიონალებთან საუბარი სასარგებლო იქნება – მათი რჩევები ძალიან გამოგადგებათ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს, მაგრამ ეცადეთ, ამ ბრძოლაში გაიმარჯვოთ.

რჩევა: მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ მოქმედებებში თანმიმდევრული და ყურადღებიანი იყოთ. თუ არ იზარმაცებთ, შესაძლოა, მტკივნეული პრობლემაც მოაგვაროთ, რომელიც გამუდმებით თავს გახსენებთ.

როგორი ამინდი იქნება 30 მარტს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ქ. თბილისში30 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 31 მარტს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი):-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +15, +17 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

,,სახეზე იყო ცინიკური ძალადობა”- ელენე ხოშტარია

შიშველ სხეულზე მატარებდნენ მეტალოდეტექტორს, ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო პოლიციის მხრიდან – ახლა მოულოდნელად მითხრეს, გადიო, ადვოკატთანაც არ დამარეკინეს, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, “სახეზე იყო ცინიკური ძალადობა”.

„როგორც დაკავებისას არ განმიმარტეს არაფერი, ისე გამოსვლისას არაფერი განმიმარტეს, თუმცა, ეს გასაკვირი არ არის, იმდენი უკანონო პატიმარი გვყავს, იმდენი არასათანადო მოპყრობა, წამებაა, რომ ეს ნამდვილად არ მიკვირს. მოულოდნელად მითხრეს, გადიო, ადვოკატთანაც არ დამარეკინეს, მარტო გამოვედი.

არ მინდა, ჩემი პერსონის გარშემო იყოს, რა თქმა უნდა, არც არაფერი დამაკლდა, პასუხიც კარგად გავეცი და ძალიან კარგად ვარ, არაფერი მიჭირს. ამაზე საუბარი საჭიროდ ჩავთვალე, რადგან ეს არის მანკიერი, საშინელი, არაადამიანური მოვლენაა. წარმომიდგენია, ადამიანებს, რომელთაც საშუალება არ აქვთ ტელევიზიით ისაუბრონ, შიში შეიპყრობს. მე მაინც გამოცდილი ვარ, ჩემთვის სიახლე არ არის, ამ კედლებში ვინ უნდა შეაშინონ?! ეს არის პოლიცია, რომელიც კაციან-ქალიანად კახეთის გზატკეცილზე განყოფილებაში პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური [ძალადობა] იყო, მათ შორის, სახეზე შემეხნენ, კბილებზე… იქ იყვნენ ნინო ჩხარტიშვილი და დავით ბოლოთაშვილი, მითხრეს, უნდა გაგჩხრიკოთო, ვუთხარი, ჯიბეები შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ თქვენთან არ ვთანამშრომლობ-მეთქი, ამის შემდეგ გადამიღუნეს ხელები, შემიკრეს უკან, ვეიპი მქონდა, ამ ვეიპის ამოგლეჯისას კბილებზე, სახეზე იყო ძალადობა, ცინიკური ძალადობა. ყოველ წამიერად თავში მქონდა, ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ჰყვებიან, როგორ შეიძლება ეპყრობოდნენ. მერე უკვე, აქ [იზოლატორში] ჩაატარეს პროცედურა სამარცხვინო, დამამცირებელი, გამაკავეს, ორივე ხელი უკან შემიკრეს, ორი ადამიანი მაკავებდა და მესამე მაშიშვლებდა.

აქ [იზოლატორში] შესვლისას მქონდა წნევა, ღებინების ეპიზოდი… საპირფარეშოში არ გამიშვეს და ზუსტად ამ წნევის ფონზე იყო ეს რაღაც ძალადობის ეპიზოდი, როცა ორი პოლიციელი – ნინო ჩხარტიშვილი მაკავებდა, ასევე ვიღაც სხვა პოლიციელი და მესამე მხდიდა. შიშველზე მეტალოდეტექტორს მატარებდნენ, ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო მათი მხრიდან. მე არაფერი დამაკლდა, პასუხიც კარგად გავეცი, ეს მათაც კარგად იციან, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები მსგავსი პოლიციელებისგან უნდა დავიცვათ, უნდა ვამხილოთ, სწორედ ამიტომ ვსაუბრობ სახელებით და გვარებით. ყველას ამოცნობა შემიძლია სახეზე, საკმაოდ დიდი ხანი გავატარე, საკმაოდ ცინიკურები იყვნენ, სახელები და გვარები ვკითხე, ორის ვიცი მხოლოდ. ნინო ჩხარტიშვილი იყო, როგორც იქ ძალადობის ეპიზოდში, პოლიციაში, ასევე აქ [იზოლატორში], გაშიშვლების ეპიზოდში, ის გამოიძახეს პირადად, საათნახევარი ველოდებოდით მის მოსვლას. დავით ბოლოთაშვილი ასეთი აგრესიული არ იყო, მაგრამ ნინოს ეხმარებოდა და სახეზე ვერ შეიკავა თავი აგრესიისგან“, – აღნიშნა ხოშტარიამ.

რაც შეეხება შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ელენე ხოშტარიას დაკავებისას სავარაუდოდ კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება აღმოჩნდა, რასაც ექსპერტიზა უტარდება, თავად ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ რომ ეს ინფორმაცია „სასაცილოა“.

„როცა ჩემგან ინფორმაცია გავრცელდა, მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ რაღაც უნდა ეთქვათ. მე, ზოგადად, ბევრი წამალი მაქვს გამოწერილი, რომელიც აუცილებელია ჩემთვის, თან მქონდა წამლები, ერთ-ერთი ტაბლეტი, არ ვიცი, ზუსტად რომელია, ალბათ, იქ ეგდო. ჩემთვის არ არის საინტერესო, არც ის, რას იტყვიან, ამიტომ დღეს სასამართლოშიც არ წავედი, ხაზგასმით უარი ვთქვი სასამართლოში წასვლაზე, არ ვეთანამშრომლები ამ სისტემას, არც მათი ექსპერტიზა არ მაინტერესებს, არანაირი აკრძალული ნივთიერება არ მქონია და არც მექნება, ეს არის წამლები, რომელიც გამოწერილი მაქვს“, – აღნიშნა ხოშტარიამ გათავისუფლების შემდეგ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ ყველაფერი, რაც მის გარშემო მოხდა, შურისძიებაა.

„ერთი არის შურისძიება, ნერვები ეშლებათ პროტესტზე, იმაზე, რომ ხალხი არ ჩერდება. მეორე, ეს არის ზოგადად გზავნილი, სისტემა, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, ძალადობის ინსტრუმენტებს იყენებს, სხვები რომ დააშინოს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, საჯაროდ ვილაპარაკო, ჩვენს პარტნიორებს ვესაუბროთ…“, – განაცხადა ხოშტარიამ.

კითხვაზე – აპირებს თუ არა პოლიციელების წინააღმდეგ დავას, ხოშტარია პასუხობს: „საქართველოში არა, საქართველოში არ არსებობს სამართლებრივი სივრცე…. შესაბამისად, აქ არ ვაპირებ სამართლებრივ პროცედურებს, მაგრამ ეს ადამიანები რომ დაისჯებიან, ამას გარანტიას ვაძლევ“.

„პირადი შურისძიება არც მაქვს, მაგრამ ეს მოვლენა, ეს სისტემა – ყველა ვინც, ჩვენი მოქალაქეების მიმართ დამწყვდეულზე ოთახში ძალით ჯაბნის, შეურაცხყოფს, ბრაზდება, რადგან ქუჩაში ვერ ერევა – ყველა ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა ხოშტარიამ „ტვ პირველთან“ დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ.

,,ზურაბიშვილის საზღვარგარეთ ვიზიტები საქართველოზე საგარეო თავდასხმის გაღვივების მორიგი მცდელობაა”- თორნიკე ჭეიშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საზღვარგარეთ ვიზიტებს მედიასთან აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არის საქართველოზე საგარეო თავდასხმის გაღვივების მორიგი მცდელობა.

„გასტროლები“ რომელიც ვიხილეთ ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, არის მორიგი მცდელობა, რომ საქართველოზე საგარეო თავდასხმები გაღვივდეს. ეს არის მცდელობა, რომ ჟანგბადი მიაწოდონ პოლიტიკურ რეანიმაციაში მყოფ რადიკალურ ჯგუფებს“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

,,რეჟიმი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა”- ლევან მაჭავარიანი

„იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, ვინც მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასა და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღების გადაცემას, შესაბამისად კი, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც მაჭავარიანი წერს, რეჟიმი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„ყველას შეგახსენებთ, რომ რეჟიმმა სწორედ ჩვენ გმირებს დააბრალა ომის დაწყებაც და ომის დანაშაულების ჩადენაც. რატომღაც, არ მახსენდება ლაზარეს გამგმირებლების პროტესტი ამ ღალატთან დაკავშირებით.

ჩვენი უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად, სტრასბურგშიც და ჰააგაშიც მოვიგეთ სასამართლო პროცესები და ყველაფერზე პასუხისმგებლობა რუსეთსა და სეპარატისტებს დაეკისრათ.

ამ ყველაფერს ახლა დროებითი საგამოძიებო კომისია იძიებს და, შესაბამისად, შეშინებული რეჟიმი და მისი მხარდამჭერები სხვადასხვა ბინძური სპეკულაციით ცდილობენ ამ პროცესის თითქოსდა გადაფარვას. პირველივე დღეებში უკვე გამოიკვეთა, რომ სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკური თანამდებობის პირები იღებდნენ. უკვე გამომჟღავნდა ის, რომ რეჟიმმა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ერთი ნაბიჯიც არ გადადგა და გაწირა კოდორისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა სასიკვდილოდ.

კიდევ ძალიან ბევრი რამ გამომჟღავნდება და რეჟიმი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!“ – წერს მაჭავარიანი. 

ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პოლიტიკოსის, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას, ადვოკატის, თეონა ზაქრაშვილის განცხადებით, ხოშტარია დიღმის მთავარი სამმართველოდან გაათავისუფლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზაქრაშვილმა განუცხადა, 24-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ის იზოლატორიდან გამოუშვეს.

ადვოკატისთვის დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ელენე ხოშტარიას გათავისუფლების შესახებ წერს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამიაც, როგორც ის აღნიშნავს, ხოშტარია სასამართლოს გარეშე გაათავისუფლეს.

„ამ წუთას ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან. არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს და გადი აქედანო, უთხრეს“, – წერს გვარამია.

,,დონალდ ტრამპის იმპერიალისტური გეგმები”- ავთანდილ წულაძე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ ვენსის და მისი მეუღლის ვიზიტმა გრენლანდიაში და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებმა, რომ ამერიკას გრენლანდია სჭირდება, ევროპაში შეშფოთება გამოიწვია. ბოლო დრომდე, ტრამპის განცხადებები გრენლანდიისა და კანადის შეერთებულ შტატებთან შეერთების შესახებ პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მიერ აღიქმებოდა, როგორც ზეწოლის ფორმა კანადასთან და ევროკავშირთან ურთიერთობაში. დონალდ ტრამპის არაერთმა განცხადებამ და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის დემონსტრაციული ვიზიტი გრენლანდიაში შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტს უფრო ამბიციური გეგმები აქვს.

რა არის ეს გეგმები და რა მიზეზები უბიძგებს ტრამპს, გაანადგუროს საერთაშორისო ურთიერთობების არსებული სისტემა? ტრამპის ყველა ქმედების მთავარი მიზეზი ჩინეთია. ჩინეთის ეკონომიკური და სამხედრო ძალაუფლების ზრდა, ჩინეთის წარმატებები ტექნოლოგიურ განვითარებაში ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ შეერთებული შტატები დაკარგავს გლობალურ ლიდერობას. ტრამპი თვლის, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაეფექტური იყო ჩინეთის შეკავებაში. ტრამპის პროგრამაა შეერთებული შტატების რეინდუსტრიალიზაცია, ამერიკული სახელმწიფო ვალის შემცირება და შეერთებული შტატების ლიდერობის უზრუნველყოფა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში.

სახელმწიფო ვალის ზრდის პრობლემა ნაწილობრივ შეიძლება გადაიჭრას სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირებით. ილონ მასკი ჰპირდება ტრამპს, რომ მისი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი შეძლებს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას 1 ტრილიონი დოლარით. მაგრამ ეს საკმარისი არ არის ვალის პრობლემის გადასაჭრელად, რომელმაც 35 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

კიდევ ერთი ბერკეტი, რომელსაც ტრამპი იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტზე ვალის ტვირთის შესამცირებლად, არის სავაჭრო ომი შეერთებული შტატების მოკავშირეებთან და მოწინააღმდეგეებთან. ახალი ტარიფები ამოქმედდება 2 აპრილს, რაც, ტრამპის განზრახვით, აიძულებს უცხოურ კომპანიებს გადაიტანონ წარმოება შეერთებულ შტატებში. ეს ნიშნავს ინვესტიციების შემოდინებას და სამუშაო ადგილების ზრდას ამერიკაში. მაგალითად, აშშ-ს ფარგლებს გარეთ წარმოებულ მანქანებზე 25%-იანი ტარიფები დიდი დარტყმაა ევროკავშირის და განსაკუთრებით გერმანიის ეკონომიკისთვის. შეერთებული შტატები გერმანული მანქანების უდიდესი ბაზარია და ახალმა ტარიფებმა შეიძლება აიძულოს გერმანელი მწარმოებლები ამერიკაში ახალი ქარხნები გახსნან.

თუმცა, ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ევროკავშირი, კანადა და ჩინეთი საპასუხო ზომებს ამზადებენ. სავაჭრო ომი ასევე იწვევს უფრო მაღალ ფასებს და ინფლაციას აშშ-ში. ამიტომ, ტრამპი სწრაფ შედეგებს სავაჭრო ომით ვერ მიაღწევს.

ტრამპს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ვალის პრობლემის გადაჭრისა და მსოფლიოში აშშ-ის ლიდერობის უზრუნველყოფის კიდევ ერთი მეთოდი კანადისა და გრენლანდიის შეერთებაა. დონალდ ტრამპი და მისი იდეოლოგიური მოკავშირე ილონ მასკი ბიზნესმენები არიან. ტრამპი და მასკი თვლიან, რომ ქვეყანა დიდი კორპორაციის მსგავსად უნდა იმართებოდეს. როდესაც კორპორაცია კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდება, კონკურენტებთან მიმართებაში პოზიციის განმტკიცების ერთ-ერთი მეთოდი არის უფრო მცირე, მომგებიანი კომპანიების შეძენა.  შეერთებული შტატები არის მსოფლიო ლიდერი ბიზნესში „შერწყმისა და შესყიდვების“  (“Mergers and Acquisitions”) გარიგებების რაოდენობით. ტრამპს და მასკს სურთ ამ სქემის პოლიტიკაში გამოყენება.

გრენლანდია მიმზიდველია იშვიათი ლითონების ახლახან აღმოჩენილი საბადოებით, რომლებიც აშშ-ს სჭირდება IT ტექნოლოგიების განვითარებისა და ჩინეთთან კონკურენციისთვის. კანადას აქვს განვითარებული ინდუსტრია და არის ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი. კანადის მშპ 2 ტრილიონ დოლარზე მეტია. თუ შეერთებულ შტატებსა და კანადას შევადარებთ, როგორც “კორპორაციებს”, მაშინ ტრამპისა და მასკისთვის კანადა არის საშუალო ზომის, მაგრამ მომგებიანი კომპანია, რომლის შეძენაც გაზრდის ამერიკული “კორპორაციის” კაპიტალიზაციას.

ტრამპის მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობებისადმი ანგრევს შეთანხმებების საერთაშორისო სისტემას, რომელიც არსებობდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მაგრამ ტრამპი არ მალავს, რომ მისთვის არ არსებობს წესები და ბარიერები. ტრამპმა დაიწყო გავლენის სფეროების ახალი გადანაწილება მსოფლიოში. ამით ასევე აიხსნება მისი „მეგობრული“ ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომელსაც ტრამპი მიიჩნევს სასარგებლო მოკავშირედ ძველი მსოფლიო წესრიგის განადგურებაში.

ევროპელი პოლიტიკოსები უკვე მიხვდნენ, რომ ტრამპი არ ხუმრობს და აქტიურად დაიწყეს ევროპის მილიტარიზაციის პროცესი. კანადა, რომელიც დამოუკიდებლობის დაცვის აუცილებლობის წინაშე დგას, ასევე ევროკავშირის მოკავშირეა.

ძნელია პროგნოზირება, რამდენად რეალურია ტრამპის იმპერიალისტური გეგმები. ლიდერობისთვის ბრძოლა და გავლენის სფეროების გადანაწილება მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის კონფლიქტის ახალ ფაზაში შედის.  მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელიც გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ინგრევა და ახალი მსოფლიო წესრიგი წარმოიქმნება მას შემდეგ, რაც გამარჯვებულები თავიანთ პირობებს დააკისრებენ მსოფლიო ლიდერობისთვის ბრძოლაში დამარცხებულებს.

ავტ: ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი

,,კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან, ისინი წარმოადგენენ დამარცხებული ოპოზიციის ელექტორატს”-გივი მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, გიორგი ვაშაძის სიტყვებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საპროტესტო აქციებზე მყოფი ადამიანები ოპოზიციის ელექტორატს წარმოადგენენ.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან, ისინი წარმოადგენენ დამარცხებული ოპოზიციის ელექტორატს. ისინი ხედავენ, რომ პირწმინდად დამარცხდნენ და ახლა მათი მცდელობაა, რომ ფრუსტრაცია როგორმე ქუჩაში მოიოხონ“, – აღნიშნავს მიქანაძე. 

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ქუჩაში აპოლიტიკური ადამიანები არ დგანან.

,,ამერიკა ახლა მშვიდობის მხარეზეა, ევროპა კი უგუნურად მიისწრაფვის ომისკენ”- ვიტორ ორბანი

ამერიკა ახლა მშვიდობის მხარეზეა, ევროპა კი უგუნურად მიისწრაფვის ომისკენ, -ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი წერს.

მისი თქმით, ახლა საუბრობენ სავალდებულო გაწვევაზე, კუდიანებზე პოლიტიკურ ნადირობაზე და პარალელურ ნატოზეც კი.

„ამერიკა ახლა მშვიდობის მხარეზეა. ევროპა? ჯერ კიდევ უგუნურად მიისწრაფვის ომისკენ. აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ხოლო ბრიუსელის ელიტები კონფლიქტის გახანგრძლივებას გეგმავენ. ისინი ახლა საუბრობენ სავალდებულო გაწვევაზე, კუდიანებზე პოლიტიკურ ნადირობაზე და პარალელურ ნატოზეც კი, რომ ომში შეგვიყვანოს – საზღვრების გარეშე, წითელი ხაზების გარეშე. ევროპას ჰქონდა თავისი შანსი მინსკის შეთანხმებით და ის ჩაიშალა. ევროპას არ აქვს საკმარისი ძალა მშვიდობის აღსრულებისთვის. პასუხი აღარ არის ომი, არამედ არის მათი მხარდაჭერა, ვისაც შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობას“, – წერს ვიქტორ ორბანი

,,ელენე ხოშტარიას ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს”- ნიკა გვარამია

წინასწარი დაკავების იზოლატორში ელენე ხოშტარია როდესაც მოიყვანეს, მას წნევის კრიზი ჰქონდა და ამ დროს ღებინების რეფლექსი ირთვება, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და თან ბევრი წამალი აქვს ხოლმე.

„ამბავი, რომელიც წამალთან დაკავშირებით მოიგონეს, არის იმისთვის, რომ გაამართლონ ელენეს გაშიშვლება და რაღაცის ძებნა, ვითომ ნარკოტიკი გვეგონაო, ნარკოტიკს ვეძებდით და ასე შემდეგ. ბოლო წლების განმავლობაში ელენეს ჯანმრთელობა, საზოგადოებამაც იცის ალბათ, არ არის სრულყოფილი, მას ყოველთვის თან ბევრი წამალი აქვს. ეს წამლებიც არ მისცეს, ახლაც ჰქონდა წნევის კრიზი რამდენჯერმე. როცა მოიყვანეს, მაშინაც ჰქონდა წნევის კრიზი და ამ დროს ღებინების რეფლექსი ირთვება, უთხრეს, საპირფარეშოში არა, პარკს მოგიტანთ და აქ არწყიეო, ზუსტად ამ სიტყვებით, რაც ნაცნობი პრაქტიკაა ამ ქაჯეთის ციხის. ამის მერე მან ითხოვა, ჩემი წამლებიდან დამარეგულირებელი დამალევინეთო, არ მიუციათ, დღემდე არ დაულევია, ახლაც აქვს მაღალი წნევა. ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის. ღებინების მერე, ადამიანს, რომელსაც წნევის კრიზი აქვს, აშიშვლებენ და მეტალოდეტექტორი გამოიყენეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შსს-ს ინფორმაციით, ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.

,,ახლავე გაათავისუფლეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს მიიღებთ!”- იან კელი

აბსოლუტურად ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა ელენე ხოშტარიას მიმართ, ახლავე გაათავისუფლეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს მიიღებთ, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.

„აბსოლუტურად ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გულისხმიერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყურადღება სხვა რამეზე გვაქვს გადატანილი, მაგრამ თქვენ, „ქართულ ოცნებას“, გხედავთ. ახლავე გაათავისუფლეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს მიიღებთ“, – წერს იან კელი X-ზე.

შსს ელენე ხოშტარიას “ფეისბუკ” პოსტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გვსურს, გამოვეხმაუროთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ პოსტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პოსტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავდა.

დაკავების შემდეგ, მის მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. თავდაპირველად ის გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.

იზოლატორში მოთავსებამდე დაკავებული პირის მიმართ დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტო ბრძანება №423 – ით რეგულირდება.

პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები.

აქვე განვმარტავთ, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესითა და დაკავებული პირის თანხმობით, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეო ჩანაწერებს.

ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე,”- აღნიშნულია განცხადებაში.