Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ბოლოს და ბოლოს, სამსახურში თქვენი ძალისხმევა ნელ-ნელა შედეგს მოიტანს. ეს დღე იდეალურია პრეზენტაციების, მნიშვნელოვანი განხილვების, განაცხადების წარდგენისა და სტრატეგიული დაგეგმვისთვის. ინიციატივის აღების ნუ შეგეშინდებათ – ამ დღეს შეგიძლიათ, თქვენი მაგალითით გარშემომყოფები შთააგონოთ. ხელსაყრელი დროა ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებისთვის – ყურადღებით მოგისმენენ, განსაკუთრებით თუ საკუთარ შეხედულებებს გონივრულად ჩამოაყალიბებთ.

რჩევა: იმოქმედეთ მკაფიოდ და თავდაჯერებულად და საკუთარ თავში ნუ დაეჭვდებით. ეს დღე თქვენი შანსია, რომ კარიერული კიბის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი საფეხური დაძლიოთ.

კურო

ეს დღე თბილ და ემოციურად დატვირთულ ატმოსფეროს გპირდებათ. პარტნიორთან ურთიერთობაში შეიძლება გაუგებრობების ეტაპი დასრულდეს და გაუგებრობის ეტაპი დაიწყოს. ხელსაყრელი დროა გულახდილი საუბრებისა და სულიერი კავშირების აღსადგენად. ამ დღეს ადამიანები უძლურები არიან თქვენი პიროვნული მომხიბვლელობის წინაშე.

რჩევა: თუ ბოლო დროს აუხსნელ დაღლილობას გრძნობთ, შეეცადეთ გარემო შეიცვალოთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ და ის აკეთოთ, რაც მოგწონთ.

ტყუპები

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას და ემოციურ მდგომარეობას უნდა მიაქციოთ. ამ დღის კეთილგანწყობილი ფონის მიუხედავად, შესაძლოა ნერვიულობა და მარტო დარჩენის სურვილი იგრძნოთ. ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ – უბრალოდ, თქვენი ორგანიზმი „გადატვირთვას“ითხოვს. ეცადეთ, საქმეებით არ გადაიტვირთოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამ დღეს სასარგებლოა წყლის პროცედურები, სუნთქვითი ვარჯიშები, იოგა ან სხვა მსუბუქი ფიზიკური აქტივობა, რაც შინაგანი დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

რჩევა: მოიცილეთ გამაღიზიანებელი ხმაური და დღე იმ ქმედებებით შეავსეთ, რაც სხეულსა და სულს სიხარულს ანიჭებს.

კირჩხიბი

კირჩხიბები ამ დღეს პრაქტიკულობითა და რაციონალურობით გამოირჩევიან. შესაძლოა, სასწრაფოდ გეგმების შეცვლა, ახალ პირობებთან შეგუება ან მოულოდნელად წარმოქმნილი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზებიც: ვალების დაბრუნება, მოულოდნელი პრემია ან მომგებიანი შეთავაზება.

რჩევა: გრძელვადიანი გეგმების არ შეგეშინდეთ. თუნდაც მცირე ნაბიჯები თავდაჯერებასა და შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ.

ლომი

თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა და ქარიზმა ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. თუ ურთიერთობებში სირთულეები გაჩნდა, დროა ცოტა გაახალისოთ: შესთავაზეთ პარტნიორს სადმე გასეირნება ან რომანტიკული სიურპრიზი მოუწყვეთ. საღამოს მოსალოდნელია არასტაბილური ემოციური ფონი, ამიტომ უმჯობესია დაძაბულ საუბრებს და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ.

რჩევა: ითამაშეთ – სიტყვებით, მზერით, ემოციებით. ამით გრძნობებსაც გაახალისებთ და საკუთარ თავსაც გააკვირვებთ.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება მედიტაციის, კითხვის, შემოქმედების ან განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ. ამ სურვილს არ შეეწინააღმდეგოთ – თქვენი სული სიჩუმესა და ღრმა ფიქრებს ითხოვს. გაძლიერებული ინტუიციის დახმარებით შესაძლებელია მოულოდნელად მიიღოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. განსაკუთრებით მგრძნობიარეები იქნებიან ქალწულები, რომლებიც ახლახან ემოციურად რთული პერიოდი დაძლიეს – ახლა აღდგენის ეტაპი იწყება.

რჩევა: უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. თუ პარტნიორთან ერთად რაიმეს განხილვას ან გრძნობების აღიარებას გეგმავთ, ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა.

სასწორი

შესაძლოა, ლამაზი ნივთის შეძენის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შოპინგისთვის არახელსაყრელი დროა. უმჯობესია, რომ ფინანსური შეცდომების გამოსწორებაზე იზრუნოთ: ვალები დააბრუნოთ, ხარჯებს გადახედოთ და ახალი შემოსავლის წყაროები ეძიოთ.

რჩევა: დაიმახსოვრეთ, რომ ფული მხოლოდ საშუალება კი არა, ენერგიაა, ამიტომ უსარგებლო ნივთების შესაძენად არ უნდა დახარჯოთ.

მორიელი

ამ დღეს თქვენს სხეულს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ ბოლო დროს მძიმე შრომა მოგიწიათ და დიდი ხანია დაღლილობას უგულებელყოფთ, დროა დასვენებაზე და ძალების აღდგენაზე იფიქროთ. ხელსაყრელი დღეა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებისთვის, არც სრულფასოვანი ძილის შესახებ დაივიწყოთ.

რჩევა: თქვენი სხეული ახლა მგრძნობიარე ბარომეტრია – მიეცით მას ყურადღება და ზრუნვა, სანაცვლოდ კი ენერგიასა და გონების სიწმინდეს მიიღებთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან – დღე იდეალურია პირადი კავშირების გასამყარებლად. უამრავი საინტერესო შეხვედრა, ახალი ადამიანის გაცნობა და დიდი რაოდენობის ინფორმაციის შესწავლა მოგიწევთ. გირჩევთ საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და დებატებში არ დანებდეთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთი საკითხის გადადება ან გაუქმება მოგიწევთ. ახალი ინფორმაცია გაიძულებთ, სამომავლო გეგმებს გადახედოთ ან საგნების მიმართ მიდგომა შეცვალოთ.

რჩევა: იყავით გულწრფელი და გულღია – ურთიერთობები გაძლიერებას მოითხოვს და არა თამაშს.

თხის რქა

ეს დღე დაგეხმარებათ, რომ მკაფიოდ დაინახოთ, როგორ შეიძლება კარიერა პირად სურვილებს შეუთავსოთ. შესაძლოა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც საკუთარი პოზიციების დაცვა მოგიწევთ. ასევე შესაძლებელია საინტერესო შეთავაზება, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში გულწრფელი საუბარი გელით, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავი და პარტნიორი უკეთ გაიცნოთ.

რჩევა: იფიქრეთ იმაზე, რა გაძლევთ სტაბილურობისა და თვითშეფასების შეგრძნებას – ამ დღეს თქვენში ბევრი რესურსი იღვიძებს.

მერწყული

შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ახალი ცოდნით დაინტერესდეთ, შთაგონებულ ადამიანებს მოუსმინოთ ან სხვებისთვის მოტივაციის წყარო თავად გახდეთ. შესაძლოა იგრძნოთ, რომ ნაცრისფერი ყოველდღიურობიდან გაქცევა და ახალი ახალი ადგილების მონახულება გსურთ. თუ მარტოხელა ხართ, გამორიცხული არ არის, რომ ასეთ ადგილზე იმას შევხვდეთ, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდით. ამიტომ სახლიდან გასვლა არ დააგვიანოთ.

რჩევა: ეს დღე როგორც პიროვნულ, ისე სულიერ ზრდაში დაგეხმარებათ.

თევზები

ემოციური განახლების დროა. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს ან მოხვდეთ სიტუაციაში, რომელიც ძველი განცდების ახლებურად აღქმაში დაგეხმარებათ. კარგი დროა მედიტაციისთვის ან საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბრისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ არ გადადოთ — თუ გრძნობთ, რომ მომენტი დადგა, უნდა იმოქმედოთ.

რჩევა: ამ დღეს მნიშვნელოვანია არა მოქმედების სიხშირე, არამედ — ხარისხი. ჯობია ნაკლები გააკეთოთ, მაგრამ სწორად, ვიდრე მეტი და უხარისხოდ.

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

 მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).

მეუფე იაკობი: 200 წელზე მეტია, რუსეთის უღელქვეშ ვართ და ეს ვითომ ევროპელებიც არ გვაცდიან, წესიერად ვიცხოვროთ, რა იმათი საქმეა, ჩვენს ქვეყანაში როგორ ვიცხოვრებთ

„200 წელზე მეტია, რუსეთის უღელქვეშ ვართ და ეს ვითომ ევროპელებიც არ გვაცდიან, წესიერად ვიცხოვროთ. რა იმათი საქმეა, ჩვენს ქვეყანაში როგორ ვიცხოვრებთ, რაში შესტკივათ გული, ხალხის სახელით რომ გველაპარაკებით?“ – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა ქადაგებისას ახალგაზრდებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ჯერ საქართველო უნდა შეიყვარონ.

„მე მკითხეს ახლა, მომწონს იმათი გადაწყვეტილებები? ჩვენ რომ ახლა უკრაინასავით ვიძახოთ, რომ ნატოში შევიდეთ, ჯარი 2008 წელს რომ დაუთმეს ტერიტორიები და ნაწილი რუსებს მისცეს, ნაწილი სხვა მხარეს დაუტოვეს, დღეს რომ დავრბივართ და ეკონომიკის ჩამოშლა გვინდა, ევროპა ევროპას რომ იძახი და საქართველო თუ არ გიყვარს, ახალგაზრდებს მივმართავ, ჯერ ხომ საქართველო უნდა შეიყვაროთ? გარე აქტორებსაც მივმართავ, ჩვენ გვინდა ნორმალური ურთიერთობა თუნდაც მტრებთან, რომ ცივილიზებული ურთიერთობა გვქონდეს, ლაპარაკი შეგვეძლოს.

გავუფრთხილდეთ ახალგაზრდებს. მე ადრე მივმართე ქალბატონ ყოფილ პრეზიდენტს, ასე სამარცხვინოდ არ უნდა იქცეოდეს ადამიანი, უმრავლესობას ჰკითხეთ, რა გვინდა და რა არა და ნუ გვიშლით ხელს განვითარებაში. ქალბატონი ურსულა ცენტრალურ აზიაში გაიქცა და საქართველო რომლიმეზე უკან ვდგავართ? – სირცხვილია, ნუ ვმტრობთ ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს მეუფე იაკობი. 

,,სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები რომ არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს არც დაეკითხა, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა”- ნიკა ობოლაძე

ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არც დაეკითხა, ჩემი აზრით, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, „დღის ამბებში“.

ნიკა ობოლაძის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით [ოპოზიციურ] პარტიებს პოზიცია არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული. მისი თქმით, სწორედ სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ „მისცა ტონი ამ ყველაფერს“.

„ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არანაირი არანაირი მტკიცებულებები არ სჭირდება არჩევნებთან დაკავშირებით და მან არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არც დაეკითხა, „ლიდერშიფი“ აიღო, ეს ყველაფერი თვითონ გააკეთა, ჩემი აზრით, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა. ეს რომ პარტიებს გაეკეთებინათ კი. მაშინ კარგად ვუყურებდი ახალ ამბებს. პარტიებს არ ჰქონდათ ის პოზიცია ჩამოყალიბებული ისე მკვეთრად, რამდენადაც ჰქონდათ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების მერე, როდესაც თქვა, რომ „მე არ ვიცი, არ მაქვს მტკიცებულებები, არ მჭირდება მტკიცებულებები, მე ვამბობ, რომ ეს არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას“, ასე თქვა და გაიარა და ამან მისცა ტონი ამ ყველაფერს“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ანდრეი შევჩენკო „უეფას“ აღმასკომის წევრად არ აირჩიეს

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო „უეფას“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრად არ აირჩიეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

კენჭისყრის შედეგების თანახმად, შევჩენკომ 55 ეროვნული ფედერაციიდან მხოლოდ 15-ის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მას მინიმუმ 28 ხმა სჭირდებოდა.

სააგენტოს ცნობით, შევჩენკოს ადგილი „უეფას“ აღმასკომში ისრაელის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა, მოშე ზუარესმა დაიკავა. მან 31 ხმა დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს პარიზში ჩატარებულ „უეფას“ კონგრესზე უკრაინამ „უეფას“ პრეზიდენტის, ალექსანდრე ჩეფერინის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ხმა არ მისცა.

ეროვნული ბანკი – საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

კერძოდ, ამავე მონაცემებით, 2025 წლის მარტის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.6% (714.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის გამო, მარტის მონაცემებით წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 64.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ოქროს შესყიდვის მომენტიდან მონეტარული ოქროს ღირებულება დაახლოებით 195 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 მაისს გამოაქვეყნებს.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ტრამპი ჩინეთს 50%-იანი ტარიფებით დაემუქრა, თუ პეკინი უარს არ იტყვის საპასუხო ზომებზე

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთს 50%-იანი ტარიფებით დაემუქრა, თუ პეკინი უარს არ იტყვის საპასუხო ზომებზე.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ აშშ-დან იმპორტირებულ ყველა საქონელზე დამატებით 34%-იანი საბაჟო გადასახადის შემოღება გამოაცხადა. დადგენილება ძალაში 10 აპრილს შედის. ჩინეთის მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება ამერიკის ხელისუფლების მსგავს ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯია.

„თუ ჩინეთი ხვალამდე არ გააუქმებს 34%-იან სატარიფო ზრდას, აშშ ჩინეთის მიმართ დამატებით 50%-იან გადასახადებს დააწესებს 9 აპრილიდან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ჩინეთის ხელისუფლება ამ პირობას არ შეასრულებს, „ჩინეთთან მოლაპარაკებები მათივე თხოვნით ჩვენთან შეხვედრის შესახებ შეწყდება“.

,,რეზოლუციაში რომ ჩაგიწერენ, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და კეზერაშვილი მედიამენეჯერიო, იქ თემა დამთავრებულია, მათ რაზე უნდა ველაპარაკოთ?”- ზარქუა

„რეზოლუციაში რომ ჩაგიწერენ, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და კეზერაშვილი მედიამენეჯერიო, იქ თემა დამთავრებულია. მათ რაზე უნდა ველაპარაკოთ?“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოკუჩავებს და სამადაშვილებს საერთოდ არ აქვთ ლეგიტიმაცია ქართულ საზოგადოებაში.

„იქ, სადაც საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს ულტიმატუმებით ელაპარაკებიან, თან უსამართლოდ, ყოველგვარი უფლებების დარღვევით, ბუნებრივია, ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად, თუმცა ამ ტონალობაში, ულტიმატუმებით საუბარს არავის გავუტარებთ.

დღეს ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს და სამადაშვილებს, რომელთაც საერთოდ არ აქვთ ლეგიტიმაცია ქართულ საზოგადოებაში და ერთმანეთი ატყუონ. ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან და ამ ლიდერებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს.

რეზოლუციაში რომ ჩაგიწერენ, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და კეზერაშვილი მედიამენეჯერიო, იქ თემა დამთავრებულია. მათ რაზე უნდა ველაპარაკოთ? ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრებული ლობისტური ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულები არიან და ამ პოლემიკაში ჩვენ არ შევალთ. ჩვენ ვუთხარით, რომ ულტიმატუმებით ვერ დაგველაპარაკებით და კარგად იყავით, მორჩა“, – აღნიშნავს ზარქუა.

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მნიშვნელოვანია, რადგან გარე ძალებმა ვერ შეძლონ, დააფინანსონ ძალადობრივი აქციები თუ სხვა დესტრუქციული ქმედებები”- ირაკლი კირცხალია

ვინაიდან გრანტი თავისი ბუნებით გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მნიშვნელოვანია, რადგან გარე ძალებმა ვერ შეძლონ, დააფინანსონ ძალადობრივი აქციები თუ სხვა დესტრუქციული ქმედებები.

„საზოგადოებას გვინდა, ვაცნობოთ, რომ დავაინიციირეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, დარეგულირდება უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი. საქართველოს კანონმდებლობა გრანტის გამცემ სუბიექტთა ფართო წრეს ითვალისწინებს, მათ შორის, უცხო ქვეყნის ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლობებს, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

ამასთანავე, ვინაიდან გრანტი, თავისი ბუნებით, გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა გარე ძალებმა ვერ შეძლონ ჩვენს ქვეყანაში დააფინანსონ მოლოტოვის კოქტეილების სროლის რომანტიზების კამპანიები, ძალადობრივი აქციები თუ სხვა დესტრუქციული ქმედებები, რაც მრავლად იხილა საზოგადოებამ, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ და არა მხოლოდ, რომელთა მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა და ხელისუფლების სათავეში „დიფსთეითის“ აგენტურის მობრუნებაა. წარმოდგენილი ცვლილებით: უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტთან დაკავშირებით სავალდებულო გახდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა. გრანტის მიღების მონიტორინგს უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო“, – განაცხადა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა შესაბამისი თანხმობის გარეშე გრანტის მიღებასთან დაკავშირებით.

„კერძოდ: თუ პირი შესაბამისი თანხმობის გარეშე მიიღებს გრანტს, ის დაჯარიმდება მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით; იმისათვის, რომ ცალკეულმა სუბიექტურად დაინტერესებულმა თუ აგენტურულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, საზოგადოებისთვის ხაზგასმით განვმარტავთ, რომ მთავრობის თანხმობას არ დაექვემდებარება: საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემული ინდივიდუალური სტიპენდიები და გრანტები; ასევე, საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემა და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღება.

გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა მართალია კრძალავს პოლიტიკური პარტიის მიერ შემოწირულების მიღებას იურიდიული პირისგან, თუმცა, საკანონმდებლო მოწესრიგება ტოვებს სივრცეს, რომ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და რადიკალური ოპოზიციის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეში მხარდაჭერა და დაფინანსება შენიღბოს ლექციის, სემინარის ან სხვა, მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობის გზით, რისი ნათელი მაგალითიც საზოგადოებამ არაერთხელ იხილა თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ წარმოდგენილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ უცხოურ და ქართულ იურიდიულ პირებს აღარ შეეძლებათ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი ღონისძიების ჩატარების დაფინანსება პარტიული ინტერესების სასარგებლოდ.

„ხაზგასასმელი და ძალიან სიმბოლურია, რომ საკანონმდებლო პაკეტის დაინიციირების პარალელურად, დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ევროკომისიის აღიარება, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებს სინამდვილეში იყენებდა ლობისტური საქმიანობისთვის. კომისიამ თავისსავე განცხადებაში მიუთითა, რომ აქტივისტი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა არასათანადო ლობირებას, ანუ თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად და ემსახურებოდა განსხვავებული აზრის ჩახშობას.

ეს კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის წარმოდგენილი ცვლილებების მიღების აუცილებლობას. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულებას, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ხარისხის, ეროვნული იდენტობის დაცვას და კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ქვეყნის სწრაფი განვითარების და ღირსეული, ჭეშმარიტად ევროპული მომავლის უზრუნველყოფის საფუძველია“, – განაცხადა კირცხალიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტო, „სოფლის ნობათთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

„სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას, – ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„კომპანია “ვიმ- ბილ-დან საქართველო” აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე, მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული “სოფლის ნობათის” პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამმუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც ამოწმებს. შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის “ვიმ- ბილ-დან საქართველო ”15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის აფლატოქსინზე) და არცერთი დარღვევა არ გამოვლინდა.~

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო, აფლატოქსინის შემცველობაზე რძეს ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისად 2022 წლიდან იკვლევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება

გრანტების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, „აკრძალული გრანტის“ მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვის წესი და საფუძვლები იქნება განსაზღვრული.

ცვლილებების მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება კი, აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. პროექტით, ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აკრძალული გრანტის მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია ჰქონდეს, შეიძლება ანტიკორუფციულმა ბიურომ ნებაყოფლობით გამოკითხოს.

კანონპროექტით, აკრძალული იქნება, პირის იძულება მტკიცებულების წარდგენის ან ინფორმაციის გაცემისთვის. ასევე, გამოსაკითხ პირს უფლება ექნება, საკუთარი ხარჯით ადვოკატის მომსახურებით ისარგებლოს, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

ინიციატივის გათვალისწინებით, გამოსაკითხი პირი ვალდებული იქნება, გამოკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. თავის მხრივ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოსაკითხი პირი წერილობით უნდა გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე გამოსაკითხ პირს უნდა განემარტოს მაგისტრატ მოსამართლესთან დასაკითხად შესაძლო დაბარების თაობაზე.

კანონპროექტით გათვალისწინებულია გამოსაკითხი პირისთვის წინასწარ ცნობის საფუძველზე, გამოკითხვისას ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გამოსაკითხი პირის დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოკითხვის შესაძლებლობას.

ცვლილებებით, ასევე შემუშავებულია აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი. კერძოდ, „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს დაადგენს, რომელიც განსახილველად სასამართლოს გაეგზავნება. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილი იქნება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად, სამართალდამრღვევის ქონებას – მათ შორის საბანკო ანგარიშებს, ყადაღა დაადოს. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად სასამართლოს წარედგინება.

ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, რომ ამას ფეხდაფეხ გაჰყვეს შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება – პრემიერი

ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხდაფეხ ამას გაჰყვეს შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბათუმში.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მაქსიმალური ყურადღება იქნება მიმართული მომავალშიც.

„პრაქტიკაში კანონის რეალიზება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონის გამკაცრება. ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხდაფეხ გაჰყვეს ამას შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს და შესაბამისად, მომავალშიც მაქსიმალური ყურადღება იქნება მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავამარცხოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სენი. ეს საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერმა.