Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

პაატა ბურჭულაძე პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა -გია ვოლსკი

ვერაფერი ვერ წარმომიდგენია ისეთი, რაც შეიძლება, რეალობაში პაატა ბურჭულაძის მიერ განხორციელდეს, რადგან ამ ადამიანის მრავალგვარი შეფასება არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ერთი რეალური შეფასება არსებობს, რასაც სისულელე ჰქვია – სისულელეს სულელები ლაპარაკობენ.  თავის დროზე, შეიძლება, კარგი მომღერალი იყო და რუსეთშიც ინტენსიურად მოღვაწეობდა. მთელი რიგი სახელოვნებო კოლექტივების ხელმძღვანელი იყო. დღესაც დაფასებულია, პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა. თითქოს დროშა უჭირავს ხელში. ყველაზე „ჭკვიანური“ რაც მოიფიქრა, ეს ტელეფონებით არჩევნების ჩატარება იყო. ამის იქით მისი ინტელექტი ვეღარ სწვდება. რასაკვირველია, ამას მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც ასეთი იდეის წამოყენება შეუძლია. ამის იქით კიდევ ბოროტებაა – როდესაც ემსახურები ბოროტებას, რომ საკუთარ ქვეყანას როგორმე ზარალი მიაყენო, რასაკვირველია, აქ სხვებს ბადალი არ ჰყავთ და პაატა ბურჭულაძე ცდილობს, მაგრამ სხვებს ვერ დაეწევა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ტელეფონებით არჩევნები, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩატარდება.

თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება

სოციალური კაფე „მზიური“, თიბისის მხარდაჭერით, ღია კინოჩვენებების მე-10 საიუბილეო სეზონს ხსნის.

მზიურის ღია სივრცეში სადისკუსიო ფორმატის კინოჩვენებები 2016 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული და უცხოური საავტორო ფილმების პოპულარიზაცია და მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

კინოჩვენებების ფარგლებში გაიმართება დისკუსიები ქართველ რეჟისორებთან და კინოს სფეროს სხვა წარმომადგენლებთან, რაც მაყურებელს შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე ქართული კინოს შესახებ მეტი გაიგოს.

ღია კინოჩვენებები კაფე „მზიურის“ ეზოში მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ ხუთშაბათს, 21:00 საათზე მოეწყობა.

თვეში ერთხელ,  კაფე „მზიური“ შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებს, თავად წარადგინონ ფილმი და სადისკუსიო თემა.

პროექტის კურატორია კინოკრიტიკოსი და კულტურის მკვლევარი ნინო ჩიმაკაძე.

დასწრება თავისუფალია.

სივრცე სრულად ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის.

თიბისი, ქვეყნის მასშტაბით, კულტურის და განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ამ პროცესში თიბისის მიზანია, როგორც კულტურული ინსტიტუციების, ისე ცალკეული სახელოვნებო პროექტების გრძელვადიან და თანმიმდევრულ ხელშეწყობასთან ერთად, ხელმისაწვდომი გახადოს ფართო აუდიტორიისთვის.

®

მთავარია ხარისხი იყოს და საქმის გაკეთება იმ ამოცანების შესასრულებლად, რასაც ევროკავშირთან ჩვენი ვალდებულებები ჰქვია – გია ვოლსკი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაზე

დასაბუთებას, ალბათ, იურიდიული კომიტეტი წარმოადგენს, მაგრამ თუ პოლიტიკურად შევხედავთ, მთავარია ხარისხი იყოს და საქმის გაკეთება იმ ამოცანების შესასრულებლად, რასაც ევროკავშირთან ჩვენი ვალდებულებები ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფაქტს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას შეუერთდება.

მისი თქმით, „ევროკავშირთან ვალდებულებების შესრულების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ კარგ პოზიციაზე გვაყენებს“.

„ვალდებულება შესრულებული იქნება ევროკავშირთანაც და რაც მთავარია, ჩვენს საზოგადოებასთან თუკი სახელმწიფო კონსტიტუციური იქნება და სტრუქტურები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან. სტრუქტურის შექმნა ერთი საკითხია, ფორმალობა და ორგანიზაციული ნაწილია. ამასთან დაკავშირებით დასაბუთებას, ალბათ, იურიდიული კომიტეტი წარმოადგენს, მაგრამ თუ პოლიტიკურად შევხედავთ, მთავარია ხარისხი იყოს და საქმის გაკეთება იმ ამოცანების შესასრულებლად, რასაც ევროკავშირთან ჩვენი ვალდებულებები ჰქვია. ამ ვალდებულებების შესრულების პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საკმაოდ კარგ პოზიციაზე გვაყენებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მისი თქმით, პროკურატურას საკმარისი დამოუკიდებლობა გააჩნია იმისთვის, რომ ის საქმიანობა აწარმოოს, რაც კონსტიტუციით აქვს დავალებული.

„დამოუკიდებელი სტრუქტურა არის პროკურატურა. მას საკმარისი დამოუკიდებლობა გააჩნია იმისთვის, რომ ის საქმიანობა აწარმოოს, რაც კონსტიტუციით აქვს დავალებული. ამათთან დაკავშირებით, არა მგონია, ოდესმე რაიმე შეკითხვა წარმოიშვას და თუ რაიმე კონკრეტული საკითხია, ამაზე შეიძლება ცალკე ვიმსჯელოთ. რაც შეეხება ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, უნდა გადავხედოთ იმ ვალდებულებების უშველებელ სიას, რომელსაც ჩვენ პირნათლად ვასრულებთ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მთავარი არის საქმე, შედეგი და ამ შედეგზე აუცილებლად უნდა გავიდეთ. მათ შორისაა ეკონომიკური მაჩვენებელი და არამარტო გარკვეული შეთანხმებები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავად საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ის გაუქმების შემდეგ, გენერალური პროკურატურის მმართველობის სივრცეში გადავა.

ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები განზრახ თავდასხმას “შეხვედრას” უწოდებენ, თან, ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა იდენტურ ტექსტს ავრცელებს -შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები „ონჯი“ და პ„უბლიკა“, ხალხის არჩეული წარმომადგენლის ადევნებას და მასზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხზე თავდასხმას.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მსგავსად, ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე.

„ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები „ონჯი “და „პუბლიკა“, ხალხის არჩეული წარმომადგენლის ადევნებას და მასზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, რათა ამ თავდასხმის სიმძაფრე დააკნინონ.

ამასთან, ორივე, ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა, სიტყვასიტყვით იდენტურ ტექსტს ავრცელებს, რაც კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს.

მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მსგავსად, ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე“, – წერს პაპუაშვილი.

https://www.facebook.com/shpapuashvili/posts/pfbid066yhFvW2AS7EdY1zKL53wfC2uA8tWVVe7im4cM9m5T97H4fGJmq11pQGERBv3rLxl

ჩოხატაურში, მამუკა კალანდაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჩოხატაურში ჩატარდა მინი ფეხბურთის ტურნირი, რომელიც აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, მამუკა კალანდაძის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, რვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. გამარჯვება მოიპოვეს და პირველი, მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს შემდეგმა გუნდებმა: I ადგილი – ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა, II ადგილი – გიმნაზია “სამრევლო”, III ადგილი – ბუკნარის საჯარო სკოლა.

საპრიზო ადგილების მფლობელებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები მამუკა კალანდაძის ძმამ თამაზ კალანდაძემ გადასცა. ტურნირს ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ვეტერანები.

აღსანიშნავია, რომ მამუკა კალანდაძის მემორიალური ტურნირი ჭაბუკთა შორის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ინიციატივითა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით 2023 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება.

მამუკა კალანდაძე 1960 წლის 13 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში დაიბადა. ის ეროვნული გვარდიის ოზურგეთის სწრაფი რეაგირების მეთვრამეტე ბატალიონის ჩოხატაურის ცალკეული ასეულის მეთაურის მოადგილე იყო. მამუკა კალანდაძე დაიღუპა 1992 წლის 3 დეკემბერს, აჩადარაში.

სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით

ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს, არ გადაიხდიან გირაოს და იმავე ბედს გაიზიარებენ, რაც იმ ხალხმა, გირაო ვინც არ გადაიხადა – დავით მათიკაშვილი

ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს, სასამართლო დავალების შეუსრულებლობისთვის სანქცირება იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, „საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება დამარცხდება და ისინი თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწევენ“.

„ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს. ისინი დაიბარეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე და არ გამოცხადდნენ, თუმცა კარგად იცოდნენ, რომ გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია. სისხლის სამართლის საქმის წიაღში მათ გირაო შეუფარდეს და აცხადებენ, რომ არ გადაიხდიან. არ გადაიხდიან გირაოს და იმავე ბედს გაიზიარებენ, რაც იმ ხალხმა, გირაო ვინც არ გადაიხადა. შესაბამისად, სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ევროპაში და შეერთებულ შტატებში როგორც ხდება, ზუსტად ანალოგიურად წესია, კანონისა და სასამართლო დავალების შეუსრულებლობის მიმართ სანქცირება იქნება გამოყენებული. ეს თითიდან გამოწოვილი თემა სჭირდებათ, რადგან შესაძლოა, კვლავ ვითარების დაძაბვაზე ფიქრობენ, დადგან სპექტაკლი, როგორ დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლება. გახსოვთ, თავის დროზე ნიკა მელიამ გირაოს გადაუხდელობის საფუძვლით რაც გააკეთა. მათი მიზანია, საზოგადოების მოტყუებას შეეცადონ, რაშიც ქვეყნის ფარგლებს გარედან არსებული პატრონები დაეხმარებიან, რათა რაიმე ფორმით სიტუაცია არიონ. ეს ყველაფერი შეუსრულებელი მისიაა. ამ შეუსრულებელ მისიაში, ტრადიციულად, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება დამარცხდება და ისინი თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კეთილი ინებონ და სასამართლოს მიერ დაწესებული გირაო გადაიხადონ, თუ არ გადაიხდიან, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება -გიორგი კახიანი

პოლიტიკოსებს იმდენი უნდა ესმოდეთ, რომ კანონის უზენაესობას პატივი უნდა სცენ და კანონი ისე უნდა დაიცვან, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანის თქმით, როცა პოლიტიკოსი კანონს არღვევს და შემდეგ კანონიდან გამომდინარე დაყენებულ პასუხისმგებლობას აბრალებენ პოლიტიკურ დევნას, ეს ფარისევლობაა და არასწორი საქციელია.

„ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კეთილი ინებონ და სასამართლოს მიერ დაწესებული გირაო გადაიხადონ. თუ არ გადაიხდიან, ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კახიანმა.

თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს

თიბისი, ტექნოლოგიური განათლების პროგრამის ფარგლებში, განაგრძობს მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებას სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.

თიბისი IT აკადემიის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „მიწოდების ჯაჭვი და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციული უსაფრთხოების რისკები (Supply Chain & AI Risks)“. ღონისძიება ჩატარდა თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, რომელსაც 100-ზე მეტი სპეციალისტი დაესწრო.

შეხვედრას უძღვებოდნენ ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, რომლებმაც მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დამსწრეებს გაუზიარეს ცოდნა და პრაქტიკული რეკომენდაციები:

  • მიხეილ ბენდიაშვილი – SOC Manager, თიბისი
  • ზაზა გაბაშვილი – Head of Information Security, TNET
  • ირაკლი გაგოშიძე – Lead Security Systems Engineer, EPAM

ღონისძიება წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ თიბისი IT აკადემიაში, 200-ზე მეტმა სპეციალისტმა წარმატებით დაასრულა ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების პროგრამები. მათი დიდი ნაწილი წარმატებით საქმდებიან, როგორც თიბისიში, ასევე სხვა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში.

თიბისი IT აკადემიის მთავარი მიზანი საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებაა, რასაც განათლების მრავალფეროვანი პროგრამებით და პროფესიული განვითარების აქტივობებით ახორციელებს. ეს ინიციატივები ხელს უწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიების როლის გაზრდასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.

®

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ლევან დარახველიძე დაინიშნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ, ლევან დარახველიძე დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან დარახველიძეს აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

„სხვადასხვა წლებში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.

ასევე, სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციაში იკავებდა გენერალური და კომერციული დირექტორის თანამდებობებს. იყო საქართველოს განათლებისა და პროფესიული სწავლების ფონდის წევრი. ლევან დარახველიძე პროფესიით ინჟინერია. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. დაიბადა 1970 წლის 17 აგვისტოს ქალაქ თბილისში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს” – დავით ჭიჭინაძე

ნონა გაფრინდაშვილის შვილი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შესახებ საუბრობს, რომელიც იმ ღამით განვითარებულ მოვლენებს სადამსჯელო სპეცოპერაციას უწოდებს.

“ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს. მე ვერ მოვთხოვ მათ პასუხს, ვინც იცეკვა და იმღერა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი აცეკვეს და ამღერეს. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მხოლოდ ერთ რამეს- მთელი საქართველოსთვის იმის ჩვენებას რა დაგემართებათ, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ”, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის თქმით, “ამ სასაკლაოთი მთელს საქართველოს დაანახეს, რომ უნდა გაჩუმდნენ”. მისივე თქმით, ამ ოპერაციის “მიზანი იყო საზოგადოების კიდევ უფრო დაშინება, მაგრამ 1 ოქტომბერს მიიღეს სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან”.

“ყველამ ვიცით რა ხდებოდა ბიზნესის რეკეტის კუთხით, ღამის ნოტარიუსების თემა და ა.შ., მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის იმ მომენტში, როცა ძალიან დიდი სიმცირე იყო თავისუფალი აზრის გამოხატვის, თუნდაც, ტელევიზიით, არ იყო სოციალური ქსელები, ახლა, წამებში ვრცელდება ინფორმაცია, ფართო საზოგადოებისთვის ის ფაქტები არ იყო მრავლად ცნობილი და ამ ოპერაციით, ამ სასაკლაოთი მთელს საქართველოს დაანახეს, რომ უნდა გაჩუმდნენ. ხალხი იმდენად იყო დაშინებული, ყველამ ყველაფერი გაიგო, ჯერ კადრები ნანახი არ ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთს ჩურჩულით უყვებოდნენ თუ რა სასაკლაო და რა უბედურება მოხდა. ყველა, ნებსით თუ უნებლიედ თავისთვის ფიქრობდა, ისეთი სისხლიანი შოუ მოაწყვეს, რომ მეც შემეხება, ჩემს ოჯახსაც შეეხება, ნათესავსაც შეეხება. მიზანი იყო საზოგადოების კიდევ უფრო დაშინება, მაგრამ 1 ოქტომბერს მიიღეს ძალიან ვაჟკაცური, გემრიელი, სწორი და სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან. მიიღეს ის, რაც დათესეს”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

სახეზე გვაქვს პოლიტიკური ოპონენტებისადმი პირდაპირი ანგარიშსწორება, რომელიც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიერ ხდება – ბადრი ჯაფარიძე

ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ოპონენტებისადმი პირდაპირი ანგარიშსწორება, რომელიც სწორედ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიერ ხდება, ის შექმნილია კანონის ფეხქვეშ გათელვით, – ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

„პირდაპირ სახეზეა თანასწორობის დარღვევა და ფეხქვეშ გათელვა კანონის მოთხოვნის… იმპერატიულად განსაზღვრულია, რომ საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის მინიმუმ 50% ოპოზიციონერი წევრებისგან უნდა შედგებოდეს.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამი წევრი თავისი რიგებიდან დანიშნა „ქართულმა ოცნებამ“, ეს იგივეა, რომ პროკურორმა დანიშნოს მეორე პროკურორი ადვოკატად და თქვას, ის იცავდა ბრალდებულის უფლებებსო, ორი ადგილი გამოყო სხვა პარტიისთვის. მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის საგამოძიებო კომისიაზე წარმოდგენილი, ამიტომ საგამოძიებო კომისია გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორებისთვის. კანონმა სწორედ იმიტომ დაადგინა 50-% ოპოზიციის წევრებისგან უნდა შედგებოდეს, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ საგამოძიებო კომისია არ გამოიყენოს პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორებისთვის. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ანგარიშსწორება პოლიტიკური ოპონენტებისადმი, რომელიც სწორედ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიერ ხდება, რომელიც შექმნილია კანონის ფეხქვეშ გათელვით. თვითონ უკანონოა პარლამენტი, უკანონოა კომისია და კანონის დარღვევით არის ყველა გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.

2011 წლის 26 მაისის აქციაზე რაც გააკეთეს, სასაკლაო რომ გაგვიმართეს, თვითონ დაუბრუნდათ, პირველი ოქტომბერი იყო შემდეგ ამის გამოძახილი, როცა ხელისუფლება შეიცვალა -ნონა გაფრინდაშვილი

მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ეპიზოდი გაიხსენა.

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, ამ დროს აქციის მონაწილეებისთვის გასასვლელები ჩაკეტილი იყო.

„რაღაც ჯგუფმა სცენის მხრიდან მოახერხა კუთხის გარღვევა და შევარდნენ კინოთეატრში. ამ დროს კონოთეატრში თურმე ფილმს უყურებდნენ, ფილმი მიმდინარეობდა, იჯდა საზოგადოება, რომელიც ფილმს უყურებდა. მათ შეყვნენ ისინიც, ვინც იქ იყვნენ, დასარბევად მოსული. ვისაც ბილეთი არ ჰქონდა და ბილეთი ვერ უჩვენა, ისინი ყველანი დაიჭირეს და წაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. რამდენიმე სართული იყო გამზადებული ხალხის მისაღებად. როგორც ხდებოდა, ვინც ხელში ჩაუვარდებოდათ, ყველას აგდებდნენ, ხელბორკილს ადებდნენ, სცემდნენ ფეხებითა და ხელებით, შემდეგ მიათრევდნენ მოლი რომ არის დღეს იქ და გრძელდებოდა კიდევ, ვიდრე ავტობუსი არ მივიდოდა და არ ჩასვამდნენ. მოლთან შიპებიანი ხელთათმანი ჩაარტყეს ერთ-ერთს და საოპერაციო გახდა. სიცივეში შეკუმშვა მოხდა და იმან გადაარჩინა, რომ სისხლისგან არ დაიცალა, თორემ მთელი საღამო შემდეგ გაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩემი ახლობლები, უახლოესი ოჯახი და სანათესაო, რომელიც მოსული იყო – ერთის გულმა ვერ აიტანა გაზის ოდენობა, რაც გამოუშვეს, შეიძლება, ტყვიაც მოხვდა, ეს არ ვიცი, სცენაზე ვიყავი, მაგრამ ფაქტია, გულმა ვერ გაუძლო და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ჩემი ძმის შვილი, ლევან გაფრინდაშვილი ისე სცემეს, რომ მთლიანად დაშავებული იყო.

თავიდანვე ორი მკვდარი ადამიანი შემოდეს ბუტკის თავზე – ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი. შემდეგ ამის გასაღება უნდოდათ, ვითომ უბედური შემთხვევა იყო. აქედან დაიწყო ყველაფერი. მე თვითონ როგორ გამოვედი იქიდან, დავარდნილი ვიყავი. ძლივს ჩამოვედი სცენიდან და შემდეგ დავეცი. რატომ დავეცი, მართალი გითხრათ, არ ვიცი. შეიძლება, ვიღაც გამომედო სირბილში, იმდენი ხალხი რომ მიაწყდა იმ კუთხეს. სცენასთან რომ დავვარდი, ამან მიშველა, რადგან კოტე ქოჩიაშვილმა მიცნო, დამინახა, რომ დავარდნილი ვიყავი და წამომაყენა. მან ძლივს წამომაყენა, თავად ვერაფრით ავდგებოდი. დაიწყო ჩემი წაყვანა, კორდონამდე რომ მივსულიყავით. ახლოს იყვნენ, შორს არა, მაგრამ მიჭირდა ფეხის გადადგმა, 70 წლის ვიყავი. დაიწყო ძახილი, ნონა გაფრინდაშვილი გამომყავს და არ ესროლოთო, ამიტომ არ მესროლეს. იმათ ინტერესში არ იყო პირადად ჩემი განადგურება. მათ უნდოდათ მთლიანად იმის გაკეთება, რაც გააკეთეს, რათა ხალხში შიში კიდევ უფრო მაგრად წასულიყო. ყველა კორდონს თავისი უფროსი ჰყავდა და პირველ კორდონთან როდესაც მივედით, ვიდრე უფროსი ეტყოდა, გაატარეთო, ფარი მომადეს შუბლზე, რა უნდა გამეკეთებინა, ვერ ვხვდები, ფარი რისთვის მომადო შუბლზე. ასე გამატარეს ერთი, მეორე, მესამე კორდონი და როცა უკვე უნდა გავსულიყავი, მისული ვიყავით უკვე ბოლომდე, გაახსენდათ, რომ ვიღაცას მივყავარ. მე გამიშვეს და მას სტაცეს ხელი, გააქანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის მოხვდა ზუსტად იმ სართულზე, სადაც დათო იყო მოხვედრილი და დათოს უთხრა, დედაშენზე არ ინერვიულო, მე გამოვიყვანეო. მე კიდევ ვიყვირე, კი მაგრამ, ის რატომ მიგყავთ და მე რატომ მტოვებთ-მეთქი. ასე დაიწყო ეს ყველაფერი. ტაქსმა მიმიყვანა პირდაპირ სახლში, რამდენიმე დღე ვერ ვწვებოდი, ისეთი დაბეჟილი იყო ჩემი ორგანიზმი. 800 ადამიანი მაინც იყო დაჭერილი. მეორე დღეს, ვითომ „კოქტეილები“ ამოიღეს ოფისიდან. „მოლოტოვის კოქტეილია“ თუ რაც ეწოდება, როგორ გამოიყურება, ისიც არ ვიცი. ეს ვერ გაათამაშეს. ერთი კადრიც არ ექნებათ, რომ ვინმემ რამე დააშავა. კადრებს ვატრიალებდი და ვუყურებდი, როგორ სცემდნენ ხელებითა და ფეხებით. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს 40 ტყვია ესროლეს მიჯრით. მეტი რა უნდა ვთქვა, არ ვიცი“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვაზე, იყო თუ არა რაიმე ძალადობა აქციის მონაწილეების მხრიდან, ნონა გაფრაინდაშვილმა აღნიშნა: „არ არსებობს ამის არანაირი კადრი. ჩვენ არც ვიხედებოდით პარლამენტისკენ, ზურგით ვიდექით, როცა სცენა იყო გაკეთებული. ჩვენ ამისი ინტერესი არ გვქონდა. ჩვენ უბრალოდ ხმამაღლა ვლაპარაკობდით და ხალხს ვუხსნიდით იმას, რაც ხდებოდა. ჩემი აზრით, ის საზარელი, რაც გააკეთეს, სასაკლაო რომ გაგვიმართეს, თვითონ დაუბრუნდათ. პირველი ოქტომბერი ამის გამოძახილი იყო შემდეგ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, რადგან ასეთი რაღაცები მაინც არ იკარგება. ამაში დარწმუნებული ვარ“.