Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

კრიმინალი პუტინი ყველა ძალისხმევას მიმართავს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის აღსადგენად – იყო ეროვნული არჩევნების გაყალბება საქართველოში – ჯო უილსონი

კრიმინალი პუტინი ყველა ძალისხმევას მიმართავს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის აღსადგენად , – ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) ევროპაში აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის, გენერალი კრისტოფერ კავოლის კონგრესის წინაშე მოსმენის დროს განაცხადა.

მან რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსსა და რუმინეთში.

“ჩემი რწმენით, რასაც ვხედავთ არის ის, რომ კრიმინალი პუტინი ყველა ძალისხმევას მიმართავს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის აღსადგენად.

რუს სამხედროებს რეალურად არასდროს არ დაუტოვებიათ მოლდოვაში მდებარე დნესტრისპირეთი. მათ უნდა დაეტოვებინათ [დნესტრისპირეთი], მაგრამ არ დატოვეს, ასე რომ, მოლდოვის ნაწილი აქვთ ოკუპირებული.

დამატებით, ვიცით, რომ მათ არჩევნები გააყალბეს ბელარუსში.

შემდეგ იყო საქართველოში შეჭრა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია. და შემდეგ იყო უკრაინაში შეჭრა, რომელშიც ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, 2014 და 2022 წლებში. და შემდეგ იყო ეროვნული არჩევნების გაყალბება საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც ძალისხმევა განხორციელდა ძალიან მამაცი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ჩასანაცვლებლად.

ცოტა ხნის წინ, დავინახეთ ძალისხმევებს რუმინეთის არჩევნების გასაყალბებლად, მაგრამ, საბედნიეროდ, ის წარმატებული არ არის,” – განაცხადა უილსონმა.

აშშ-ს პოლონეთის დაბა იასენკადან საკუთარი ჯარი გაჰყავს

აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობას ოპტიმიზაციის ფარგლებში პოლონეთის დაბა იასენკადან საკუთარი სამხედროები და ტექნიკა გაჰყავს. ინფორმაციას ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობა ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამხედროები იასენკაში 2022 წლიდან იყვნენ განლაგებულნი. მათი მთავარი ფუნქცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაცია იყო. ამერიკული ჯარის გაყვანის შემდეგ ამ ფუნქციას პოლონეთისა და ნატოს ჯარები შეასრულებენ.

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლის, გენერალ კრისტოფერ დონაჰიუს ინფორმაციით, იასენკადან გაყვანილი ამერიკელი სამხედროები კი მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან.

ცნობისთვის, იასენკა, სადაც ჟევუშის აეროპორტი მდებარეობს, უკრაინის ვოლინის ოლქიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. იგივე მანძილზეა განლაგებული ბელარუსის საზღვარი.

ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი დირექტორი პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბუხრაშვილი წარუდგინა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გიორგი ბუხრაშვილს ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გიორგი ბუხრაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გრიგოლ ბესელია შეცვალა. ვახტანგ გომელაურმა გრიგოლ ბესელიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პოლიციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორს გიორგი ბუხრაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო თათბირზე დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება პოლიციელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს რეგიონში მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და საპოლიციო საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელების მიზნით შესაბამისი დავალებები მისცა.

კომისიაზე ასობით უდანაშაულო ადამიანის წამების შესახებ ვისმენთ, რომლის შემოქმედი „ნაცმოძრაობა“ იყო – ეს არის ევროპული პარტია, ზოგიერთი ელჩის აზრით? – გურამ მაჭარაშვილი

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნიკოლოზ ჯანჯალაშვილს მოსმენისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა რიტორიკული კითხვა დასვა.

გურამ მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ასობით უდანაშაულო ადამიანის წამების მიუხედავად „ნაცმოძრაობას“ დღემდე ევროპულ პარტიას უწოდებენ ზოგიერთი ქვეყნის ელჩები.

„ალბათ ყველას გახსოვთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგიერთი ქვეყნის და მათ შორის, ევროკავშირის ელჩმაც, წინასაარჩევნო კამპანია რომ წამოიწყეს, რა დროსაც ჩავიდნენ რეგიონებში და ხალხს მოუწოდებდნენ, რომ ევროპული პარტიებისთვის და პირველ რიგში – „ნაცმოძრაობისთვის“ მხარი დაეჭირათ. რიტორიკულ კითხვას ვსვამ: რა საშინელებაც აქ მოყევით, რაც მანამდე თქვენმა წინამორბედებმა მოგვიყვეს, ამის მერე „ნაცმოძრაობა“ არის ევროპული პარტია, რომლის რეჟიმის დროსაც ხალხს ასე აწამებდნენ?

კომისიაზე ვუსმენთ, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს აბსოლუტურად უდანაშაულო ასობით ადამიანიდან, რომლებიც ციხეში მოხვდნენ, ზოგმა ელენთა დაკარგა, ზოგი ჭკუიდან გადავიდა, ზოგი კი საერთოდ ცოცხალი ვერ გამოვიდა ციხიდან და ამის შემოქმედი „ნაცმოძრაობა“ იყო და არის ევროპული პარტია? თუ ამ კომისიასაც ცირკს უწოდებენ ზოგიერთი ქვეყნის ელჩები, „ლელოს“ ლიდერების მსგავსად?“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

დღეს რაც ხდება საქართველოში, თავიდან ბოლომდე ინსპირირებულია უცხოეთიდან, რომელიც მხარს უჭერს იმ რეჟიმს, რომლის მსხვერპლებიც ჰყვებიან, რომ მხოლოდ ხელისუფლების ოპონირებისთვის იყვნენ დაპატიმრებული – გურამ მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ბესიკ ბერიტაშვილის მოსმენისას საზოგადოებას მიმართა.

„მინდა საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება, აბსურდული მეთოდებით იმისთვის, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგე გაანეიტრალო,“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ბესიკ ბერიტაშვილი და მასთან ერთად რამდენიმე დაზარალებული „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმმა სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ მაშინდელ ხელისუფლებას ოპონირებას უწევდნენ.

გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ისტორიების მოსმენის ფონზე, უფრო ცხადი ხდება, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები უცხოეთიდან არის ინსპირირებული.

„თქვენ, თქვენი ბიძაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს. ეს ყველა ადამიანი იყო პოლიტიკურად ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება, აბსურდული მეთოდებით იმისთვის, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგე გაანეიტრალო. დღეს კი სულ სხვა რეალობაა – მართლა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებია და ამის შეფუთვა უნდათ ისე, თითქოს ოპონენტები არიან. თქვენ, რამდენიმე ადამიანი, პოლიტიკურ ოპოზიციაში იყავით და ამ დროს, ხდება ის საშინელებები, რასაც აქ ვისმენთ ყველა ერთად. ეს ფაქტი, მეტყველებს იმაზე, რომ დღეს რაც ხდება საქართველოში, თავიდან ბოლომდე ინსპირირებულია უცხოეთიდან, რომელიც მხარს უჭერს იმ რეჟიმს, რომლის მსხვერპლებიც მოხვედით და ჰყვებით, რომ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე იყავით დაპატიმრებული მხოლოდ იმიტომ, რომ ოპონენტები იყავით ხელისუფლების,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული-საპატრიარქო -საქართველოს საპატრიარქო პაატა ბურჭულაძის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო პაატა ბურჭულაძის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული.

„6 აპრილს, ბატონმა პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, 9 აპრილს სამშობლოსთვის შეწირულთა სულების საოხად და მომხდარი ტრაგედიის გახსენების მიზნით, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო; მაგრამ ბ-ნ პაატას ბოლო განცხადებითვე, იგი 8-9 აპრილს აანონსებს თავისი პოლიტიკური ბრძოლის წამოწყებას და აკეთებს მოწოდებებს ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ზარების დარეკვაც მისთვის, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში მოიაზრება. მიუხედავად ცალკეული სასულიერო პირებისგან დაფიქსირებული ამა თუ იმ პოზიციისა, ზოგადად, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული. მას აქვს მრევლის და, შესაძლებლობის ფარგლებში, ქვეყნის გაერთიანებისთვის ზრუნვის მოვალეობა და საღვთო სწავლების მიხედვით მოქმედების უფლება; ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

1989 წლიდან მოყოლებული, 9 აპრილი გამორჩეულ დღედ იქცა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში; ამასთან დაკავშირებით, წელსაც, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით, ტრადიციისამებრ, გადახდილი იქნება პანაშვიდებიც და პარაკლისებიც როგორც 9 აპრილის მემორიალთან, ასევე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახ. ტაძარში და საქართველოს სხვა ეკლესია-მონასტრებში“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

რეზოლუცია, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, ასამბლეაში ივანიშვილის წარმომადგენლების დასაბრუნებლად ორ ფუნდამენტურ პირობას კვლავ დააყენებს -თინა ბოკუჩავა

რეზოლუცია, რომელსაც ხუთშაბათს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, დიდი ალბათობით, კვლავ დააყენებს ორ ფუნდამენტურ პირობას, ესენია: ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ამ ორი პირობის შესრულების გარეშე ვერ დაბრუნდება ივანიშვილის წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი დღეს განიხილავს იმ რეზოლუციის სამუშაო ვერსიას, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგანგებო დებატებზე 10 აპრილს მიიღებს.

„დღეს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი განიხილავს იმ რეზოლუციის სამუშაო ვერსიას, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგანგებო დებატებზე მიიღებს ხუთშაბათს. მონიტორინგის კომიტეტი წამყვანი კომიტეტია, რომელსაც გუშინ ვესწრებოდით დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით. დიდი ალბათობით, ეს რეზოლუცია, რომელსაც ხუთშაბათს მიიღებს უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, კვლავ დააყენებს იმ ორ ფუნდამენტურ პირობას, რომელიც ვიხილეთ იანვრის რეზოლუციაში, ესენია: ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ამ ორი პირობაის შესრულების გარეშე ვერ დაბრუნდება ივანიშვილის წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, წულუკიანის იანვრის მცდელობის მიუხედავად, რომ ეს პირობები არ ყოფილიყო დაყენებული და რომ სწორედ ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რომ გამოვიდეს დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა შეიყვანა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მარტივი და უტყუარი ტესტია, რომ უცხოეთის აგენტურისთვის რაც ცუდია, კარგია საქართველოსთვის-მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას.

როგორც მამუკა მდინარაძე წერს, უცხოეთის აგენტურისთვის რაც ცუდია, საქართველოსთვის – კარგია.

„მარტივი და უტყუარი ტესტი – ის, რაც ცუდია ამ ხალხისთვის (უცხოეთის აგენტურისთვის), კარგია საქართველოსთვის!“, – წერს მამუკა მდინარაძე.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ აპირებს, დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რომლის ძალითაც საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს მოქალაქეებისთვის მხარდაჭერის გაწევა აეკრძალებათ. არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს“.

რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აპრილს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7563 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7561 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0143 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0232 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0089 ლარი შეადგინა.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე საზოგადოებას, მათ შორის საგამოძიებო სტრუქტურებს რა ვიდეომასალაც აქვთ ნანახი, არ არის დედანი, ის არის დადგმული -გოჩა მუკბანიანი

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე საზოგადოებას, მათ შორის საგამოძიებო სტრუქტურებს რა ვიდეომასალაც ნანახი აქვთ, არ არის დედანი, ის არის დადგმული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტელეპროექტის, „ვიდეოპატრულის“ ყოფილმა ჟურნალისტმა, გოჩა მუკბანიანმა საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ექსპერტიზით დადგენილია, რომ ვიდეოკადრები მონტაჟი იყო.

„საზოგადოებას, ყველას, მათ შორის საგამოძიებო სტრუქტურებს რა ვიდეომასალაც ნანახი აქვთ, არ არის დედანი ვიდეომასალა. დედანი ვიდეომასალა, რაც მეც, აწ გარდაცვლილ ვაწაძეს, გურამ დონაძეს, ასევე გარდაცვლილ ზურა მიქაძეს მათ მანქანაში ნანახი გვაქვს, შემდეგ არავის არასდროს უნახავს. ცხრაჯერ გადაახვიეს ეს მასალა ვიდეოკამერაშივე. ვიდეომასალა, რომელიც ყველასთვის ცნობილია, არის პირველადი მასალიდან, შემდეგ უკვე დავალებული, ახლიდან დადგმული, გადაღების დროს ამოღებული რაღაც კომბინაცია. მათ შორის ვერც ბრალდების მხარის, პროკურატურის და ვერც დონაძის დიდი სურვილის მიუხედავად, ვერასდროს ვერცერთმა ექსპერტიზამ უწყვეტი კადრები ვერ დაამტკიცა, რადგან ის იყო მონტაჟი. ნებისმიერი ექსპერტიზით დადგენილია ეს“, – განაცხადა გოჩა მუკბანიანმა.

ამასთან, გოჩა მუკბანიანის თქმით, „ბუტა რობაქიძის საქმეში არის ორი გასროლა ბაშალეიშვილის იარაღიდან“.

„სინამდვილეში, ერთი გასროლა მოხდა, რომელიც იყო საბედისწერო, მეორე გასროლა უკვე დადგმის დროს მოხდა“, – განაცხადა გოჩა მუკბანიანმა.

შემოდის ოლეგ ფაცაცია და მაგინებს დედას – მეორედ შემაგინა და დავარტყი. 12-მა კაცმა მცემა. მერე გადამეკიდა, 2-3 დღეში ერთხელ გამოძახება -ბესიკ ბერიტაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, პოლიტიკური პარტია „ქართული პარტიის“ მძღოლმა ბესიკ ბერიტაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმჟამინდელი სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია სისტემატურად უსწორდებოდა ფიზიკურად.

„გლდანის ციხეში რომ შემიყვანეს, მე სახეზე არ ვიცნობდი ფაცაციას, რეჟიმის უფროსი იყო ოლეგ ფაცაცია და დასამალი არ მაქვს არაფერი, თან მარტო ვიყავი, „აძინოჩკას“ რომ ეძახიან, კაცი შვილი არ დამხვედრია იქ პატიმარი ვინმეს რომ გავსაუბრებოდი, რომ ვინ ვინ არის. შემოდის ვიღაც, კარები იღება, კარგად მოგეხსენებათ ქართველი კაცის ფსიქოლოგია და სიამაყე და მაგინებს დედას. ვიძახი ვინ არის, რატომ მაგინებს. მეთქი რატომ მაგინებ ძმაო დავიმსახურე? მეორედ შემაგინა და დავარტყი. შეიძლება არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ დავარტყი ოლეგ ფაცაციას. დარტყმა ასე არ უნდაო და 12-მა კაცმა კარგი დრო გამატარებინეს, მცემეს. მერე გადამეკიდა, 2-3 დღეში ერთხელ გამოძახება, ბოდიში და აბანოს ეძახიან გაყვანა, „ის ძველი ბიჭი გამოიყვანეთ“. მეთქი ბიჭო რა შუაშია ძველი ბიჭი – შემაგინე, მოგხვდა ხომ? რა მოხდა? ბავშვობაში არ მოგხვედრია? ერთხელ ვეუბნები და მომხვედრია, მაგრამ შენნაირი კაცისგან არაო. ჩაიდო გულში. ერთხელ ისეთ დონეზეც მივედი აღარ მინდოდა რა, ამომივიდა ყელში ეს ყოველდღიური ცემა, ყოველდღიური შეურაცხყოფა. ერთი სიტყვით არაადამიანურად იქცეოდნენ იქ რა. ესე ექცეოდნენ ყველას“, – განაცხადა ბესიკ ბერიტაშვილმა.

 ნუ გვაშინებენ ამ სანქციებით, არც კაია კალასს და არც არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს ინტერესები ფეხქვეშ გათელონ -კახა კალაძე 

ნუ გვაშინებენ ამ სანქციებით, არც კაია კალასს და არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს ინტერესები ფეხქვეშ გათელონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ატარებს და იცავს ქვეყნის ინტერესებს.

„ნუ გვაშინებენ ამ სანქციებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს. კაია კალასი ქართველი ხალხის უფროსი ვერ იქნება. ზემოდან ყურება და მბრძანებლობა ვისთანაც გასდით, იმათთან გაუვიდეთ. არც კაია კალასს და არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს თავიანთი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები გათელილი იყოს ფეხქვეშ, როგორც ეს სხვა ქვეყნის შემთხვევაში გააკეთეს.

კაია კალასი და მსგავსი ტიპის ჩინოვნიკები არიან უმცირესობაში, უმცირესობაში არიან რადიკალები, ვითომ პოლიტიკური პარტიები. ყველას მოუწევს, რომ ამ ყველაფერს შეეგუოს. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება“ დემოკრატიულ საქართველოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.