Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ გამუდმებით ერთი და იგივე პრობლემები გაქვთ, პრობლემისადმი მიდგომა შეცვალეთ და განსხვავებულად იმოქმედეთ. შედეგის წარმოდგენა დაგეხმარებათ, რომ მას უფრო სწრაფად მიაღწიოთ და შეცდომები დაინახოთ. სიზარმაცის უფლება არ გაქვთ – ამ დღეს აქტიური უნდა იყოთ.ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახალმა რომანმა შეიძლება დიდი იმედგაცრუება და ნერვიულობა მოგიტანოთ.

კურო

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავების დახმარებით, ყველა საქმეში სასურველ შედეგს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ. იარეთ თქვენი მიზნისკენ და აიხდინეთ თქვენი ოცნებები. ყურადღება მიაქციეთ პირად ცხოვრებას. პარტნიორთან ორმხრივი პრეტენზიები და წყენა დაგროვდა, ამიტომ გულწრფელი საუბრის დრო უნდა გამონახოთ. საღამოს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეცადეთ, განმარტოვდეთ.

ტყუპები

დროა, საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრდეთ, ახალი მიზნები და პრიორიტეტები დაისახოთ. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები, ამიტომ ბევრი საკითხი მოძველდა და მხოლოდ დროსა და ძალას გართმევთ. ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, ძალიან ეფექტურად წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები. ძვირად ღირებული ნივთის შეძენამდე კარგად დაფიქრდით – ღირს თუ არა მის გამო ამდენი ფულის დახარჯვა, თუ ცხოვრებას მის გარეშეც შეძლებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს უხასიათოდ ხართ და გრძნობთ, რომ სასიცოცხლო ძალას თანდათან კარგავთ. ეცადეთ ძალა მოიკრიბოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. განწყობის ასამაღლებლად შეგიძლიათ რაიმე გემრიელი იყიდოთ და მხიარული ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ. სავარაუდოდ, პროფესიული საქმიანობის სფეროში იმაზე უფრო მოკრძალებულ პოზიციაზე იმყოფებით, ვიდრე იმსახურებთ. დროა, ამ მოცემულობის შეცვლაზე იზრუნოთ.

ლომი

ეცადეთ, შექმნილ სიტუაციას „გარედან“, უცხო ადამიანის თვალით შეხედოთ. ეს შეცდომების დანახვას და საჭირო გადაწყვეტილების მიღებას გაგიადვილებთ. ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიჭირთ – ადამიანებს არ ენდობით. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში ყველა შეხვედრა და ვიზიტი გააუქმოთ, სახლში დარჩეთ და დაისვენოთ. ახლა ყველაზე მეტად განმარტოება გჭირდებათ.

ქალწული

პიროვნული თვისებებისა და ხელსაყრელი გარემოებების დახმარებით, ამ დღეს ადამიანების მოხიბვლა არ გიჭირთ – ეს სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, მათთან მწვავე თემებს მოერიდეთ და ნეიტრალურ თემებზე ისაუბრეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენთვის დამახასიათებელმა იდეალიზმმა შეიძლება ვიღაცების ობიექტურად შეფასებაში ხელი შეგიშალოთ.

სასწორი

წინა დღეებში ყველა მნიშვნელოვანი საქმე დაასრულეთ, ამიტომ დღეს შეგიძლიათ მშვიდად და აუჩქარებლად იმუშაოთ. პროფესიული საქმიანობისთვის, კარიერისა და პირადი ცხოვრების თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ, საღამოს ყველანაირი კამათი და გაუგებრობა დაივიწყოთ და ახლობელ ადამიანებს სასიამოვნო განწყობა აჩუქოთ. სასწორ ქალებს მსუბუქი ფლირტი ელით, რაც ორივე პარტნიორს სიამოვნებას მიანიჭებს.

მორიელი

ეცადეთ, ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, რომ უხეშობით ან შეურაცხმყოფელი შენიშვნით არავინ შეურაცხყოთ. მოერიდეთ ახლობელი ადამიანებისთვის რჩევის მიცემას, რადგან ვიღაცამ შეიძლება არასწორად გაიგოს. გახსოვდეთ, რომ პარტნიორის კრიტიკა გონივრულ ფარგლებშია დასაშვები და ზედმეტი არ მოგივიდეთ. ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, ბავშვის ჩასახვისთვის და ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობებისთვის.

მშვილდოსანი

თქვენი შრომის ნაყოფიერება და განწყობა დამოკიდებულია იმაზე, თუ დილას როგორ ატარებთ. გირცევთ დილა მშვიდად დაიწყოთ და სამუშაო რიტმში თანდათან შეხვიდეთ. ადამიანებმა, რომლებსაც დღეს შეხვდებით, შესაძლოა თქვენი მოლოდინი არ გაამართლონ, სამაგიეროდ, პირად ურთიერთობებში ყველაფერი შესანიშნავადაა. ხელსაყრელი დღეა სექსუალური ენერგიის კონცენტრაციისთვის.

თხის რქა

გარშემო მყოფებზე ზეწოლა და თქვენი თვალსაზრისის სხვებისთვის თავზე მოხვევა სასურველი შედეგის მიღწევაში ხელს შეგიშლით. მოსალოდნელია დაბრკოლება, რომელიც კარიერულ წინსვლას ან თქვენი რომელიღაც გეგმის შესრულებას უკავშირდება. გაუზიარეთ თქვენი იდეები და გეგმები გამოცდილ ადამიანებს და შესაძლო, თქვენი მხარდაჭერა მოინდომონ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ზოგიერთ მეგობართან ურთიერთობას გადახედოთ.

მერწყული

ეს დღე ხელსაყრელია სახლისა და საკუთარი აზრების მოსაწესრიგებლად. ზოგი აქტუალური აღარ არის და მხოლოდ დროსა და ენერგიას გართმევთ. სამსახურში ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები რაც შეიძლება სრულყოფილად გამოავლინოთ და აქტიურობა კარიერაში დადებით ცვლილებებს მოგიტანთ. დაოჯახებულ მერწყულებს ვურჩევთ საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატარონ, მარტოხელებს კი ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი ელით.

თევზები

დღის პირველი ნახევარში სამუშაოდ განწყობილი არ ხართ, თუმცა საუზმის შემდეგ თქვენი საქმიანი აქტივობა საგრძნობლად გაიზრდება. ამის შემდეგ რთული და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას შეძლებთ. გაუზიარეთ თქვენი ახალი იდეები ახლობელ ადამიანებს და საჭირო მხარდაჭერას მიიღებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახალმა რომანმა შეიძლება იმედგაცრუება და ნერვიულობა მოგიტანოთ.

,,ტრამპის პოლიტიკა დაფუძნებულია ეროვნულ ღირებულებებზე, რაც მნიშვნელოვანია”- შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელოვანი მოვლენა არის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია და ჩვენ ვხედავთ უკვე პირველ შედეგებს თუ პირველ აღსრულებას იმ იდეები, რომელზეც ის საუბრობდა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გადაცემაში „იმედი Live“.

მისი თქმით, ტრამპის პოლიტიკა დაფუძნებულია ეროვნულ ღირებულებებზე, რაც მნიშვნელოვანია.

„ჯერ ნაადრევია საბოლოო შეფასებებისთვის თუმცა აქედანვე უკვე იკვეთება რამდენიმე საკითხი, რაზეც მას ადრეც ჰქონდა საუბარი და ახლა უკვე მიმდინარეობს განხორციელება. პირველი, ეს გახლავთ ამერიკის ეროვნული ინტერესების წინ წამოწევა. რაც მნიშვნელოვანია და ნიშანდობლივია ჩვენთვისაც. ვინაიდან ჩვენს ოპოზიციას, მის გვერდში მყოფ „ენჯეოებს ეროვნული ინტერესი, როგორც ტერმინი საერთოდ დაკარგული აქვთ თავიანთი პოლიტიკური ტერმინოლოგიიდან და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დამარცხდნენ ისინი არჩევნებში. სინამდვილეში მათ ვერ გააცნობიერეს, რომ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ამ დიდ იდეებზე იყო მსჯელობა. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც ეს იდეა აღმოჩნდა წამყვანი, რომ ეროვნული ინტერესები არის განმსაზღვრელი იმისთვის, რომ სახელმწიფომ, ქვეყანამ, ერმა საკუთარი მიზნები სწორად დასახოს და მიაღწიოს. ამიტომ ამერიკაც და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკაც ჩანს, რომ იქნება ორიენტირებული ამერიკის ეროვნულ მიზნებზე და ინტერესებზე. მეორე, ეს გახლავთ ლიბერალური ღირებულებების გადახედვა. ვხედავთ უკვე ამის შედეგებსაც, რაც შეეხება გენდერის საკითხებს, რაც შეეხება სხვა მიმართულებებს ამ მხრივ. და ეს გახლავთ უსაფრთხოების საკითხები, მიგრაციის პოლიტიკა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის მიერ დატოვებული წერილი გაასაჯაროვა

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დატოვებული წერილი გაასაჯაროვა.

„ძვირფასო პრეზიდენტო ტრამპო, როცა მე ვტოვებ ამ წმინდა თანამდებობას, მინდა, გისურვოთ შენ და შენს ოჯახს ყველაფერი საუკეთესო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ამერიკელი ხალხი და მსოფლიოს გარშემო მყოფი ხალხი ამ ოფისისგან ელოდება სიმტკიცეს ისტორიის გარდაუვალ ქარიშხლებში. მე ვლოცულობ, რომ მომავალი წლები იყოს დრო კეთილდღეობის, მშვიდობისა და მადლიერების ჩვენი ერისთვის. ღმერთმა დაგლოცოს და წარგიძღვეს ისე, როგორც დალოცა და წარუძღვა ჩვენს ძვირფას ქვეყანას დაარსების დღიდან“, – წერია ბაიდენის მიერ დატოვებულ წერილში.

ტრამპის თქმით, წერილი შთამაგონებელი და კარგი იყო, ასევე ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის აფასებს ბაიდენის ამ ჟესტს.

მანამდე, წერილის შინაარსის შესახებ ჰკითხეს ჯო ბაიდენს, თუმცა მან აღნიშნა, რომ ეს ტრამპსა და მის შორის დარჩებოდა.

ამერიკაში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც წინამორბედი პრეზიდენტი ახალ პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში წერილს უტოვებს. ეს ტრადიცია რონალდ რეიგანმა 1989 წელს დაამკვიდრა, როდესაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჯორჯ ბუშ უფროსს წერილი დაუტოვა.

,,ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დიპლომატიის საფუძვლებს”- აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დიპლომატიის საფუძვლებს და აღმოვფხვრათ ჩვენი ყურადღება იმ პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებზე, რომელიც განხეთქილებას იწვევს ქვეყნის შიგნით და უკიდურესად არაპოპულარულია ქვეყნის გარეთ, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

„თითოეული დოლარი, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ, თითოეული პროგრამა, რომელსაც ვაფინანსებთ და პოლიტიკა, რომელსაც ვატარებთ, უნდა იყოს გამართლებული სამ მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემით: ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო უსაფრთხოს? აძლიერებს თუ არა ეს ამერიკას? ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო აყვავებულს? ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევისთვის ჩვენ ავაშენებთ უფრო ინოვაციურ, მოქნილ და ფოკუსირებულ სახელმწიფო დეპარტამენტს. ეს მოითხოვს ზოგიერთი პრიორიტეტის შეცვლას და ზოგიერთი პრაქტიკის აღმოფხვრას“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-მა უნდა შეაჩეროს მასობრივი მიგრაცია და დაიცვას თავისი საზღვრები.

„სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ განახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც ხელს შეუწყობს ან წაახალისებს მასობრივ მიგრაციას“, – განაცხადა მან.

„ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დიპლომატიის საფუძვლებს და აღმოვფხვრათ ჩვენი ყურადღება იმ პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებზე, რომელიც განხეთქილებას იწვევს ქვეყნის შიგნით და უკიდურესად არაპოპულარულია ქვეყნის გარეთ. ეს საშუალებას მოგვცემს გავატაროთ პრაგმატული საგარეო პოლიტიკა სხვა ერებთან თანამშრომლობით ჩვენი ძირითადი ეროვნული ინტერესების წინ წასაწევად“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მარკო რუბიომ ასევე ხაზი გაუსვა ცენზურისა და ინფორმაციის ჩახშობის დასრულების მნიშვნელობას.

 ,,მოაგვარეთ კონფლიქტი ახლა და შეაჩერეთ ეს უაზრო ომი!”- დონალდ ტრამპი

მე არ ვცდილობ რუსეთისთვის ზიანის მიყენებას, მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო ომის მოგებაში. მე ვაპირებ რუსეთს, რომლის ეკონომიკა ნადგურდება, და პრეზიდენტ პუტინს სამსახური გავუწიო. მოაგვარეთ კონფლიქტი ახლა და შეაჩერეთ ეს უაზრო ომი! [სიტუაცია] მხოლოდ გაუარესდება. თუ ჩვენ არ მივაღწევთ „გარიგებას“ და არ ვიზამთ ამას მალე, სხვა გზა არ მექნება გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი დონის გადასახადები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. დავასრულოთ ეს ომი, რომელიც მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასდროს დაიწყებოდა! ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება მარტივი გზით, ან რთული გზით. მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. „გარიგების“ დადების დროა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ტყუილი იყო, რომ უკრაინა NATO-ში იქნებოდა, რადგან ათწლეულები გავიდა, მაგრამ უკრაინა არ გამხდარა NATO-ს წევრი – ზელენსკი

უბრალოდ ტყუილი იყო, რომ უკრაინა NATO-ში იქნებოდა, რადგან ათწლეულები გავიდა, ხოლო უკრაინა არ გამხდარა NATO-ს წევრი, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, თავდაპირველად ზოგიერთი სახელმწიფო ატარებდა გაუმჭვირვალე პოლიტიკას უკრაინის მიმართ და არ უჭერდა მხარს NATO-ში მის გაწევრიანებას.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და გერმანიას სუსტი პოზიცია ჰქონდათ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე რუსებთან დიალოგს აწარმოებდნენ.

თუმცა, მისი აზრით, მათ ეს დიალოგი წააგეს, რადგან ყოველთვის აპელირებენ იმაზე, რომ ოდესღაც იყო შეთანხმებები რუსეთთან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანებას არ უჭერს მხარს ოთხი ქვეყანა – აშშ, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი.

„თუმცა, ყველაფერი აშშ-ზეა დამოკიდებული. თუ ტრამპი მზად არის NATO-ში იხილოს უკრაინა, ჩვენ ვიქნებით NATO-ში. თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად არ არის, ჩვენ არ ვიქნებით NATO-ში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

,,აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში უკრაინასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს ან სხვა თანამდებობებზე გადაჰყავთ”- უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში უკრაინასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს ან სხვა თანამდებობებზე გადაჰყავთ, – ამის შესახებ უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი რომან ბოჩკალა სოციალურ ქსელში წერს.

„ახლახან გვქონდა შეხვედრა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებთან. ჩვენი საუბრის შემდეგ უკრაინული საკითხების პასუხისმგებელი კორესპონდენტი პენტაგონში გაემგზავრა უკრაინის შესახებ სიახლეების გასარკვევად. რადგან – ყურადღება – ყველა, ვინც უკრაინაზე იყო პასუხისმგებელი, გაათავისუფლეს, ან უფლებამოსილება შეუჩერეს, ან გადაიყვანენ სადმე სხვა თანამდებობებზე. სრული გადატვირთვა. ასე რომ, ცვლილებები აუცილებლად იქნება. ურთიერთობის ახალი ფორმატი. ცოტა შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, მაგრამ რატომღაც ასე იქნება“, – წერს უკრაინელი ჟურნალისტი.

ტრამპი ბოდიშის მოხდას ითხოვს ეპისკოპოსისგან, რომელიც ქადაგების დროს მიგრანტებისა და LGBTQ თემის მიმართ მოწყალებას ითხოვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბოდიშის მოხდას ითხოვს ეპისკოპოსისგან, რომელიც ქადაგების დროს მიგრანტებისა და LGBTQ თემის მიმართ მოწყალებას ითხოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ე.წ. ეპისკოპოსი, რომელმაც სამშაბათს დილით ისაუბრა ქადაგების დროს, იყო რადიკალი მემარცხენე და ტრამპის მოძულე. მან თავისი ეკლესია პოლიტიკის სამყაროში გარია ძალიან არაკეთილსინდისიერი გზით. მისი ტონი საზიზღარი იყო. მან არ ახსენა არალეგალური მიგრანტების დიდი რაოდენობა, რომლებიც შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და მოკლეს ხალხი. მან და მისმა ეკლესიამ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ!“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ეპისკოპოსმა მარიან ედგარ ბუდემ სამშაბათს ქადაგების დროს, რომელსაც დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, განაცხადა „უფლის სახელით, გთხოვთ, მოწყალება გამოიჩინოთ ჩვენს ქვეყანაში შეშინებული ხალხის მიმართ“.

რობერტ ფიცო – სლოვაკეთის ტერიტორიაზე არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს მოვლენებში, ასევე უკრაინის მაიდანში და ამზადებს გადატრიალებას სლოვაკეთში

სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს მოვლენებში, ასევე უკრაინის მაიდანში და ამზადებს გადატრიალებას სლოვაკეთში, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული ჯგუფის მონიტორინგი მიმდინარეობს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გეგმაშია მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დასრულება სამთავრობო შენობების ოკუპირებით, როგორიცაა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭო ან პრეზიდენტის სასახლე.

ფიცოს განცხადებით, აშკარაა, რომ ქვეყნის ოპოზიციას არ სურს სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციაში ჩაბმა.

„ნორმალურ დემოკრატიულ, კანონიერ სახელმწიფოში უსაფრთხოების ძალები ჩაერევიან, რადგან ეს არის კანონის დარღვევა, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დარღვევა“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატივს სცემს იმ მოქალაქეების უფლებებს, თუმცა, სახელმწიფო ვერ შეეგუება კანონდარღვევებს.

რობერტ ფიცო 23 იანვარს სლოვაკეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს სხდომას მოიწვევს. მანამდე, ფიცომ მაიდანთან დაკავშირებით თავისი შეშფოთება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან 21 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზეც დაადასტურა.

„მოხსენების შინაარსს ვერ გავამხელ, მაგრამ მთელი სერიოზულობით შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიცია ემზადება მაიდნისთვის“, – აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ოპოზიციამ, როგორც ჩანს, ვერ შეამჩნია, რომ „მსოფლიოში ვითარება შეიცვალა“.

,,იყავით სერიოზული – პანამის არხი ეკუთვნის პანამას და კვლავაც პანამის საკუთრება იქნება”- პანამის პრეზიდენტი

იყავით სერიოზული, – ასე უპასუხა პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ შეკითხვას, იყო თუ არა შეშფოთებული, რომ აშშ შეიჭრებოდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პანამის არხის დაბრუნების შესახებ განაცხადა.

მულინომ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხვა შეკითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავა.

სესიაზე მულინომ გაიმეორა ქვეყნის მთავრობის პოზიცია და აღნიშნა, რომ უარყო ყველაფერი, რაც ტრამპმა თქვა, „უპირველესად იმიტომ, რომ ეს იყო მცდარი და მეორე იმიტომ, რომ პანამის არხი ეკუთვნის პანამას და კვლავაც პანამის საკუთრება იქნება“.

„პანამის არხი არ იყო შეერთებული შტატების დათმობა ან საჩუქარი. იგი შეიქმნა 1903 წლიდან დათარიღებული ხელშეკრულებების სერიის შედეგად“, – აღნიშნა პანამის პრეზიდენტმა.

ინაუგურაციის დროს ტრამპმა გაიმეორა საკუთარი განცხადება, რომ შეერთებული შტატები დაიბრუნებს არხს, რომელიც მსოფლიო გადაზიდვის მთავარი მარშრუტია. ცნობილი ხდება, რომ პანამამ გაერო-ში წერილი წარადგინა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შემაშფოთებელი მუქარის გამო.

შეერთებულმა შტატებმა ააშენა არხი და ათწლეულების განმავლობაში მართავდა მიმდებარე ტერიტორიას. თუმცა შეერთებულმა შტატებმა და პანამამ 1977 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელმაც გზა გაუხსნა პანამის სრული კონტროლის ქვეშ მოქცევას. შეერთებულმა შტატებმა არხი 1999 წელს გადასცა პანამას ერთობლივი ადმინისტრაციის პერიოდის შემდეგ.

 რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

სავაჭრო ომებში გამარჯვებული არავინაა -ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი

სავაჭრო ომებში გამარჯვებული არავინაა. ასე გამოეხმაურნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დონალდ ტრამპის გეგმას, დააწესოს ტარიფი ჩინეთიდან პროდუქციის იმპორტზე.

„ამ საკითხზე ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს ჩინეთის პოზიცია. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ არავინაა გამარჯვებული სავაჭრო ომებში და ტარიფების ორმხრივ დაწესებაში. ჩინეთი ყოველთვის მტკიცედ იცავდა თავის ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაო ნინმა.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია განიხილავს პირველი თებერვლიდან ჩინეთიდან იმპორტზე 10-%-იანი სადამსჯელო გადასახადის დაწესებას. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ასევე გეგმავს, პირველი თებერვლიდან 25%-იანი ტარიფები დაუწესოს კანადასა და მექსიკას. ამის მიზეზად მან ჩინეთიდან მექსიკისა და კანადის გავლით აშშ-ში სინთეტიკური ნარკოტიკის, ფენტანილის კონტრაბანდა დაასახელა. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე უკმაყოფილოა ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტით და ტარიფების დაწესებას ევროკავშირისთვისაც განიხილავს.