Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

მოვუწოდებ ოპოზიციონერებს, დაუყოვნებლივ შევქმნათ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო – რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, მოვითხოვთ და მივაღწევთ მთავრობის გადადგომას – არმაზ ახვლედიანი

ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატში გაჯიუტებული ივანიშვილი პირადად აგებს პასუხს კონსტიტუციის უხეში დარღვევის, კრემლიდან მომდინარე უზარმაზარი საფრთხეების უპრეცედენტოდ გაძლიერების, ევროატლანტიკური კურსისა და დემოკრატიზაციის დაბლოკვის გამო, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ახლა ოპოზიციური ერთობის დროა და დაუყოვნებლივ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო უნდა შეიქმნას.

„დადგა დრო, პატრიოტი მოქალაქეების, ჩვენი საამაყო სტუდენტების მტკიცე, უწყვეტ, გრანდიოზულ პროტესტს მხარი აუბას და სწორი სამართლებრივ-პოლიტიკური გეზი მისცეს ოპოზიციის ერთობამ.

მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, პარტიების ლიდერებს, დაუყოვნებლივ შევქმნათ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სასწრაფოდ შეიმუშავებს და გააცნობს საზოგადოებას ქვეყნის უმწვავესი კრიზისიდან გამოყვანის, არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებისა და დემოკრატიზაციის გეგმას.

უნდა შევთანხმდეთ, რომ: საბჭოს ყველა ნაბიჯი სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციასთან;

საგანგებო საკონსულტაციო საბჭო დაკომპლექტდება სამართლიანობის და თანაბრობის პრინციპით.

რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, მოვითხოვთ და მივაღწევთ არსებული მთავრობის გადადგომას და უახლოეს ერთ თვეში ტექნიკური მთავრობის შექმნას, რომელიც დაკომპლექტდება უმაღლესი რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის მქონე პირებისგან.

ტექნიკური მთავრობა პრიორიტეტულად იმუშავებს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების გადაუდებელ საკითხებზე.

საგანგებო საკოორდინაციო საბჭო მჭიდროდ ითანამშრომლებს პროტესტში მონაწილე საზოგადოებრივ ჯგუფებთან და დასავლელ პარტნიორებთან.

საქართველოს კრემლის ჭაობიდან ამოყვანა და ევროპულ სახელმწიფოდ გადაქცევა ახლა თითოეული შეგნებული მოქალაქისა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ღირსების საქმეა!“, – წერს არმაზ ახვლედიანი.

ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ჩაახშობს, რაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატურას ძირს გამოუთხრის – USAID-ის ხელმძღვანელი

საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს ატარებენ, რაც ევროპასთან ინტეგრირებული წარმატებული და დემოკრატიული მომავალისთვის მათ იმედებს ასახავს , – ამის შესახებ USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი აცხადებს.

„საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს ატარებენ, რაც ევროპასთან ინტეგრირებული წარმატებული და დემოკრატიული მომავალისთვის მათ იმედებს ასახავს. ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ჩაახშობს, რაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატურას ძირს გამოუთხრის“, – წერს სამანტა პაუერი X-ზე.

მე არ გადამიხდია ფული უნივერსიტეტში ჩასაბარებლად და ძალიან ვამაყობ, რომ უნივერსიტეტელი ვარ. შენ გადაიხადე და გვიმალავდი-რატი ბრეგაძე ლომჯარიას

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პოსტით ეხმიანება.

ბრეგაძის თქმით, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მას თანხა არ გადაუხდია და ძალიან ეამაყება, რომ უნივერსიტეტელია. ასევე, მოუწოდებს ლომჯარიას, თავი შეიკავოს თსუ-ის პროფესორების მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებებისგან.

„როდესაც ყოფილი სახალხო დამცველი 1937 წლის „საუკეთესო ტრადიციებით“ და „გულით შეკმაზულ“, სიძულვილთან მიახლოებული ენით ადამიანების გაშავებასა და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს, ვთვლი, რომ პასუხი აუცილებელია.

ყოფილი სახალხო დამცველისგან, რომელსაც კარგად უნდა ესმოდეს ადამიანის უფლებები, მსგავსი მომართვა, რბილად რომ ვთქვა, გაუგებარია.

ადამიანებს დანაშაულში სდებ ბრალს და იქნებ, შეახსენო საზოგადოებას სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ამ ადამიანებს კორუფციულ დანაშაულში მიუძღვის ბრალი.

თუ თავად წყვეტ, სასამართლოს გარეშე ვინ მართალია და ვინ დამნაშავე? მე არ გადამიხდია ფული უნივერსიტეტში ჩასაბარებლად და ძალიან ვამაყობ, რომ უნივერსიტეტელი ვარ.

შენ გადაიხადე და გვიმალავდი? ან თუ ასეთი დანაშაულის შესახებ გქონდა ინფორმაცია, ან გაქვს, რატომ არ განაცხადე? სწორედ ასეთი, მტკიცებულებებს მოკლებული და ადამიანების დამუნათებაზე ორიენტირებული აზროვნებაა ბოლშევიკური, ნინო და, რაც არ უნდა ევროპული დროშა მოახვიო დასამალად, მაინც იჩენს თავს. არ უბრძოლია ასიათასობით ქართველს, მათ შორის ჩემს მშობლებს, ეროვნული მოძრაობისას, არც მამაჩემს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების ვეტერანს და, არც ჩემს შვილს უმსახურია ქართულ ჯარში, ბევრ ღირსეულ ჯარისკაცთან ერთად, იმისთვის, რომ ასეთ სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებს ასაღებდეს ვინმე დემოკრატიად, სამართლებრივ სახელმწიფოდ ან ევროპულ ღირებულებად.

აქვე, ნინო, ერთი კითხვაც მექნება. სახალხო დამცველი, რომლის ქვეყანაშიც დაახლოებით, 10 000 პატიმარია და 4 წლის მანძილზე მხოლოდ 16-ს მოინახულებს რამდენად გულწრფელი, ყველა ადამიანის უფლების დაცვაზე ორიენტირებული, ომბუდსმენი გგონია? ზოგადად, სამწუხარო ფაქტია, როდესაც სახალხო დამცველი მოსანახულებელ პატიმართა სიას პოლიტიკური გემოვნებით ადგენს და ორმაგად ტრაგიკულია, როდესაც უკვე ყოფილი სახალხო დამცველი კონსტიტუციით განმტკიცებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას ხელაღებით არღვევს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

P.s ალბათ ეს სურათი „კომპრომატად“ გინდოდა წარმოგეჩინა, თუმცა მინდა გითხრა, ჩემი დადებულია სოციალურ ქსელში და იქიდან ჩამოტვირთვაზე რომ არ იწვალო მომავალში, თუ რამე დაგჭირდება თავად გამოგიგზავნი. მასწავლებლებს კი ნამდვილად პატივს ვცემ, ნინო და მიმაჩნია, რომ ბევრმა მათგანმა სასიკეთო ცოდნა მომცა. შეიძლება, დღეს ჩემს ზოგიერთ მასწავლებელს ჩემგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდეს, მაგრამ ეს სრულიად მისაღებია და ეს არის ის დემოკრატია, რომლისაც მჯერა“, – წერს რატი ბრეგაძე.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10160363764984005&set=a.10150898165714005&type=3&ref=embed_post

ვერავითარი მაიდანი და ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება, ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო – ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება თბილისის სამოქალაქო ომს, მაიდანს და ა.შ. და ამის გახსენებას, რა თქმა უნდა, საქართველოში ეს სცენარი ვერ შედგება, ამის არავითარი რესურსი არ აქვს იმ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც არის, ყველაფერთან ერთად, აბსოლუტურად დისკრედიტირებული, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს უკრაინიზაცია ვერ შედგება.

„ნული კოორდინაცია, სრული დისკრედიტაცია, ეს არის საერთო სურათი რადიკალურ ოპოზიციაში, ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ვერავითარი მაიდანი და ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება, ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა. მინდა, შეგახსენოთ, ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია რეაგირება ძალადობის ნებისმიერ მცდელობაზე. შესაბამისად, საქართველოში უკრაინული სცენარი არ შედგება.

აქვე მინდა, შეგახსენოთ, როცა მაიდანს გვახსენებენ, თუ რა იყო მაიდნის გაგრძელება, ეს იყო, საბოლოო ჯამში, ერთი და მეორე ომი. პირველი ომის შედეგად უკრაინამ დაკარგა თავისი ტერიტორიების 8 %, ამას მოყვა მეორე ომი და ზემოდან კიდევ 12 %-ის დაკარგვა, ეს არის უმძიმესი შედეგები, რაც მიიღო უკრაინამ ამ პროცესებიდან, მაიდნიდან პირველ რიგში. ჩვენს ქვეყანაში ამას არ დავუშვებთ. მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანება, პოლიტიკური უმცირესობა ცდილობს, რომ ასეთი სცენარი განახორციელოს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში უნდა შეწყდეს, გარედან დაფინანსებული სახელმწიფო რყევები – ედიშერ გვენეტაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს.

გვენეტაძის თქმით, სავსებით მართალია პრემიერი, პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს და საქართველოში უნდა შეწყდეს, გარედან დაფინანსებული სახელმწიფო რყევები.

„სავსებით მართალია პრემიერი – პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს და რაც მთავარია კანონი უნდა აღსრულდეს!
ბოლოს და ბოლოს საუკუნის მესამედის გავლის შემდეგ (33 წლის) საქართველოში უნდა შეწყდეს, გარედან დაფინანსებული სახელმწიფო რყევები!

და „მშვიდობა ნახოს საქართველომა!“
ასეც იქნება!“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა გააგრძელოს – მისი ამჟამინდელი აქტივობა გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება – ვედანტ პატელი

ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა გააგრძელოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ვფიქრობ, აქ მთავარი ის არის, რომ ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ქართველი ხალხის თვითგამოხატულ მისწრაფებებს არ შეესაბამება – არა იმას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, რასაც სხვა ქვეყნები ამბობენ, არამედ ქართველი ხალხის თვით გამოხატულ მისწრაფებებს. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ის გზა, რომელიც ამას შეესაბამება, გააგრძელოს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც ნატოა. მაგრამ მსგავსი საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც გატარდა, მთავრობის მსგავსი ქმედება, მისი ამჟამინდელი აქტივობა აღნიშნულ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.

ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ შესაძლო ქმედებებისა და შედეგების საჯაროდ განხილვას არ აპირებს და ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გააგრძელებს.

პატელის თქმით, თბილისში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ფლობს.

„ჩვენ თბილისში დაკავებული ამერიკის მოქალაქეების შესახებ ცნობები გვაქვს. როდესაც ამერიკის მოქალაქე საზღვარგარეთ არის დაკავებული, ჩვენ შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად მზად ვართ, მაგრამ კონფიდენციალურობის დაცვიდან გამომდინარე, ამ საკითხზე მეტის საუბარი არ შემიძლია“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.

 ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა-ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ლიეტუვის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ საწინააღმდეგო აქციაზე მისვლა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვიღაცებს არ მოსწონთ, გულზე არ ეხატებათ საქართველოს სუვერენიტეტი.

„ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლა არის, რა თქმა უნდა, იმის მაჩვენებელი, თუ როგორია ამ ადამიანების დამოკიდებულება სახელმწიფოსა და მისი სუვერენიტეტის მიმართ. ამდენი ხანი ჩვენ რასაც ვამტკიცებთ, იმის დასტური წარმოადგინა ბატონმა პავილიონისმა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ, გულზე არ ეხატებათ საქართველოს სუვერენიტეტი. როდესაც კადრულობს კონკრეტული ქვეყნის პარლამენტის წევრი, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, რომ უხეშად ჩაერიოს ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ამით ხომ ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ეს არის მათი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ლოიალური დამოკიდებულება გამოვავლინოთ ასეთი ინციდენტების მიმართ, რაც უკავშირდება საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ქვეყანაში ადამიანები 3 000 წელია, თავს სწირავენ დამოუკიდებლობისა და ქვეყნის ინტერესებისთვის, ვისაც აზრად მოსდის სანქციებით შანტაჟი, უბრალოდ არ იცნობს ქართველი კაცის ბუნებას-პრემიერი

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, გრძელვადიანი მშვიდობის, გრძელვადიანი სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის, რათა ქვეყანას უკრაინის სცენარი ავარიდოთ თავიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სანქციების თემა არის არასერიოზული, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ისედაც აქვს დე ფაქტო სანქციები დაწესებული.

„სანქციები არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს, სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელსაც ისედაც აქვს დე ფაქტო სანქციები დაწესებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მან ორი მილიარდი დოლარი მიანდო დასავლეთს, თუმცა ეს თანხა აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. ანუ მასზე დე ფაქტო ისედაც მოქმედებს ეს სანქციები. ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე.

რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკოსებს, პირადად მე, დეპუტატებს და ა.შ. ხშირად გვესმის ასეთი განცხადებები. ჩვენთვისაც ზუსტად ისეთივე არასერიოზულია, უფრო არასერიოზულია კიდევ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დასაკარგი ორი მლრდ დოლარი, სასწორზე დადო მან ორი მლრდ დოლარი, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი ამის მსგავსი. აქედან გამომდინარე, თუ ბიძინა ივანიშვილი გვაძლევს ასეთ მაგალითს, თუ მისთვის არის არასერიოზული საუბარი დე ფაქტო თუ ფორმალურ სანქციებზე, თქვენ წარმოიდგინეთ მით უმეტეს ჩვენთვის როგორი არასერიოზულია ამაზე საუბარი.

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, გრძელვადიანი მშვიდობის, გრძელვადიანი სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის, იმისათვის, რომ ქვეყანას უკრაინის სცენარი ავარიდოთ თავიდან. ამ ქვეყანაში ადამიანები 3 000 წელია, თავს სწირავენ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ქვეყნის ინტერესებისთვის. ასეთ პირობებში ვიღაცამ ვიზებით დაგაშანტაჟოს, ან რაღაცის გაყინვით დაგაშანტაჟოს, ისინი უბრალოდ არ იცნობენ ქართველი კაცის ბუნებას. ვისაც აზრად მოსდის სანქციებით შანტაჟი, ასეთი ადამიანი უბრალოდ არ იცნობს ქართველი კაცის ბუნებას“, – განაცხადა პრემიერმა.

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოიქეცით ისე, როგორც ყოველთვის იქცეოდით და დღე მშვიდად ჩაივლის. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ და თავი შეიკავეთ კოლეგებთან გულწრფელობისგან. საერთოდ, სამსახურში პირადი ცხოვრების შესახებ საუბრებს და ჭორაობას უნდა მოერიდოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ და თავი ნამდვილ გმირად იგრძნოთ, როდესაც სასურველ შედეგს მიიღებთ.

კურო

შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა მოულოდნელად გაუმჯობესდეს და იმაზე მეტი შემოსავალი მიიღოთ, ვიდრე გეგმავდით. ცხოვრების სხვა სფეროებში ბედი ასე არ გაგიღიმებთ. პირად ურთიერთობებში რუტინა გრძელდება, პროფესიულ სფეროში კი მხოლოდ სამუშაოს მომატება გელით.

ტყუპები

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ფიქრობთ, რომ ვარჯიშის დაწყება გჭირდებათ. თქვენი გადასაწყვეტია, როდის შეუდგებით, მაგრამ გირჩევთ დიდი ხნით არ გადადოთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ. თქვენი ენერგიისა და მონდომების წყალობით, მისი ძველი პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

კირჩხიბი

ამ დღეს გარშემომყოფები თქვენში სრულიად სხვა ადამიანს აღმოაჩენენ. მიზეზი ისაა, რომ ამ ადამიანებს უფლებას აღარ მისცემთ, თქვენი სიკეთით ისარგებლონ. სწორი გადაწყვეტილებაა. ამჟამად მხოლოდ საკუთარ სარგებელზე უნდა იფიქროთ და ოჯახის კეთილდღეობისთვის ყველაფერი გააკეთოთ. დროა, მეგობრებმა და კოლეგებმა საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე თავად იზრუნონ.

ლომი

ძალიან გაწუხებთ, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერ ერთ ადგილზე გაიყინა და სიახლეები არ ჩანს, საღამოები ერთფეროვანი და მოსაწყენია. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს სიტუაცია შეცვალოთ და ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობების, თანამოაზრეებისა და მოკავშირეების პოვნისთვის. გამორიცხული არ არის სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

ქალწული

კრიტიკული შენიშვნები და გამოხედვა – გარშემომყოფები მთელი დღის განმავლობაში განწყობას გიფუჭებენ, თუმცა მათ შეტევებს მშვიდად იგერიებთ. ასე გააგრძელეთ და სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ. ეცადეთ შექმნილი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და მიხვდებით, რომ საქმე არც ისე ცუდადაა.

სასწორი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ საყვარელ ადამიანთან კამათი და დაპირისპირება გელით – ემოციური საუბარი შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს. თანამოსაუბრისგან განსხვავებით, თქვენ ემოციების კონტროლი შეგიძლიათ, ამიტომ ეცადეთ, მეტი სიბრძნე გამოიჩინოთ, რადგან ეს ურთიერთობა ნამდვილად გჭირდებათ.

მორიელი

ამ დღეს ამინდი თქვენს განწყობაზე ძალიან მოქმედებს. მუშაობის სურვილი გაგიქრათ, გინდათ გარეთ გახვიდეთ და ისეირნოთ. ვარსკვლავები გახსენებენ, რომ ჯერ კვირის დასაწყისია და უამრავი საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი. ამიტომ პეპლები თავიდან გამოიბერტყეთ და მუშაობას შეუდექით.

მშვილდოსანი

ბოლო დღეებში ოჯახის წევრებს ზედმეტად მკაცრად ექცევით. ისინი განცდა იქმნება, რომ ნაწყენი ხართ და სამაგიეროს უხდით. კარგად დაფიქრდით, საყვარელ ადამიანებთან ასეთი მოქცევის მიზეზი ნამდვილად გაქვთ? იქნებ ყველაფერი თქვენი ზღვარგადასული ეჭვების ბრალია? სანამ დროა, შეჩერდით და ბოდიში მოიხადეთ, რათა გაუგებრობა კონფლიქტად არ აქციოთ.

თხის რქა

პირად ცხოვრებაში ყველაფერი იმდენად კარგადაა, რომ ბედნიერებისგან ანათებთ! მარტოხელა თხის რქები, რომლებსაც ასეთი გრძნობები ჯერ არ განუცდიათ, საინტერესო ადამიანთან შეხვედრისთვის უნდა მოემზადონ. ფინანსური პერსპექტივები ხელსაყრელია – საშუალება გაქვთ, რომ წარმატებული შესყიდვები განახორციელოთ.

მერწყული

მთელი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან შენაძენზე იფიქრებთ – შეიძლება ეს იყოს უძრავი ქონება ან ავტომობილი. გახსოვდეთ, რომ ეს სერიოზული საკითხია, ამიტომ გონივრულად უნდა მიუდგეთ. გამორიცხული არ არის რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

თევზები

ამ კვირაში დასვენება და საქმისადმი დაუდევარი დამოკიდებულება უნდა დაივიწყოთ. იმდენი დავალება გელით, რომ სამსახურში გვიანობამდე დარჩენა, ზოგ შემთხვევაში კი სახლში მუშაობაც მოგიწევთ. ოჯახურ ცხოვრებაშიც მცირე სირთულეებია, ასე რომ „ყველა ფრონტზე ომი“ ერთდროულად მოგიწევთ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რამდენიმე წევრი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს მიმართავს

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რამდენიმე წევრი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

„დღეს, წარმომადგენლებმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა და თავმჯდომარემ, გრეგორი მიქსმა და მაიკლ მაკკოლიმ, ევროპის ქვეკომიტეტის წევრთან და თავმჯდომარესთან უილიამ კიტინგთან და თომას კინთან ერთად, წერილით მიმართეს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელშიც გმობენ კანონპროექტს „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც ამჟამად პარლამენტში მუშავდება. მათ ამ წერილში შეუერთდა 25 კოლეგისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი, მათ შორის ოსტინ სკოტი და გერი კონოლი.

„უცხოური აგენტების“ კანონპროექტი საქართველოს მთავრობას მისცემს უფლებას, შევიწროება, სტიგმატიზაცია და ჯარიმები დააწესოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე, მათ შორის მათზე, რომელთაც მიიღეს მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

თუ ჩვენ თავს დავუხრით გარე დირექტივებს, ასეთივე წარმატებით მოგვთხოვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას – პრემიერი

“იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თავს დავუხრით უარგუმენტო და სიცრუეზე დაფუძნებულ საბჭოური ტიპის გარე დირექტივებს, მომავალში ასეთივე წარმატებით მოგვთხოვენ მაგალითად, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის არმიღებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ნარკოტიკების ლეგალიზაციას, უკონტროლო იმიგრაციის დაშვებას და მრავალ სხვა მანკიერებას, რომელცი სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან სწრაფი ტემპით იკიდებს ფეხს” – პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე

იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა – შანტაჟის ქვეშ ის შეხვედრას ვერ გამართავს – პრემიერი

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან [ჯეიმს ო’ბრაიანთან] დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა – რაც შეეხება სანქციების თემას, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯეიმს ო’ბრაიანს ხვალ საქართველოში სანქციების პაკეტი ჩამოაქვს და ბიძინა ივანიშვილს შეხვდება“.

კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ამასთან, როგორც პრემიერი ამბობს, ივანიშვილს სანქციების თემა არ აინტერესებს, რადგან მის მიმართ „დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს“.

„თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხს არასერიოზულად მიიჩნევს. რაც შეეხება ო’ბრაიანის ვიზიტს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას თავისი ახსნა და განმარტება ჰქონდა. ასევე იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე. ამაზე ინფორმაცია მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ მე მთხოვდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას. ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. გაყინული აქვს 2 მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა „გლობალური ომის პარტიის“ ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ეს არის მისი მკაფიო პოზიცია. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე-ფაქტო სანქციები, შეიძლება ნებისმიერი შეხვედრა შედგეს, მაგრამ დღეს ესაა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. აქედან გამომდინარე ასეთი შანტაჟი და მუქარა როგორც არ ჭრიდა 2022 წლის მარტიდან, როდესაც თანხები გაუყინეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შანტაჟი და მუქარა. ვერავინ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟისა და მუქარის პირობებში. სანქცია ხომ თავისთავად შეიცავს შანტაჟსა და მუქარას. ეს არის არასერიოზული თემა ამ ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო’ბრაიანს, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების პაკეტი ჩამოაქვს და ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდება.