Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: იყავით ფხიზლად და ყურადღებით, რადგან არსებობს ალბათობა, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას შეეცადოს. ამიტომ, ნაკლებად ენდოთ იმ ადამიანებს, ვისაც კარგად არ იცნობთ.

კურო: კონფლიქტებისა და გაუგებრობების ალბათობაა. შესაძლოა, ზურგს უკან მითქმა-მოთქმამ ავნოს თქვენს რეპუტაციას, რაც მეტად დაძაბავს სიტუაციას. რაც უფრო მოქნილი და დიპლომატიური იქნებით, მით ნაკლებ ზიანს მოგაყენებენ.

ტყუპები: ეს დღე უახლოესი თვეების მანძილზე თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. თუ მეგობრებმა საინტერესო ღონისძიებაზე მიგიწვიეს, უარი არ თქვათ – სასიამოვნო ნაცნობობა გელით. ​

კირჩხიბი: მშვიდი სამუშაო დღეა. პლანეტების განლაგება ყველა საქმესა და წამოწყებაში წარმატებას გპირდებათ. ეცადეთ, სიზარმაცის და დეპრესიის შეტევები დაძლიოთ და ყველაზე რთული პროექტების განხორციელება დაიწყოთ. 

ლომი: ამ დღეს წვრილმანების გაზვიადება და გადაჭარბებული რეაქცია გახასიათებთ, თუმცა ვარსკვლავები საკმაოდ ნაყოფიერ, საინტერესო შეხვედრებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე დღეს გპირდებიან.

ქალწული: ეს ის დღეა, როდესაც მეტი უნდა იაქტიუროთ და ინიციატივა ხშირად გამოიჩინოთ. ბედი უამრავ შესაძლებლობას გთავაზობთ და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ. ​

სასწორი: ამ დღეს წვრილმანებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ – დაწყებული პროექტის ან საქმიანი შეხვედრის წარმატება დიდწილად მათზეა დამოკიდებული. ​

მორიელი: გაბედულად დაიწყეთ თქვენი გეგმების განხორციელება. პროექტები და გეგმები სარგებლის მომტანი იქნება, სასიკეთო პერიოდია რაიმეს შესაძენადაც.

მშვილდოსანი: მთელი ყურადღება თვითგანვითარებასა და პიროვნულ ზრდაზე უნდა გადაიტანოთ. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც სიხარულსა და კმაყოფილებას განიჭებთ. ​

თხის რქა: ნაყოფიერი მუშაობის დღეა. ეცადეთ, თქვენი პროფესიული კავშირები გააძლიეროთ და მთელი ყურადღება კარიერულ ზრდაზე გადაიტანოთ. ​

მერწყული: თქვენს გონებრივ და ემოციურ კეთილდღეობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ შესაძლებელია, ამ დღეს მხოლოდ ნაკლებად სტრესული საქმეები უნდა აკეთოთ. ​

თევზები: ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია აქტიური და კომუნიკაბელური იყოთ. დაეხმარეთ ადამიანებს, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდებათ. 

გახსოვდეთ, რომ ასტროლოგიური პროგნოზები ზოგადი ხასიათისაა და ინდივიდუალური გამოცდილება შეიძლება განსხვავდებოდეს.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ოთხ პირს მოუსმინა

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ოთხ პირს: მამუკა ყურაშვილს, გოგა ხაინდრავას, ირაკლი ბათიაშვილს და გიორგი ვოლსკის მოუსმინა.

მამუკა ყურაშვილმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი იყო, დეტალურად ისაუბრა 1-8 აგვისტოს პერიოდში კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებზე.
მამუკა ყურაშვილის თქმით, იგი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელს, ზაზა გოგავას აწვდიდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კონფლიქტის ზონაში სიტუაცია იძაბებოდა, მოსახლეობა იყო ურთულეს მდგომარეობაში და სოფელ ნიქოზში სახლები დაიწვა.

მამუკა ყურაშვილმა ისაუბრა 7 აგვისტოს პრეზიდენტთან, გორის ჰოსპიტალში შეხვედრის დეტალებზე და ამავე დღეს თავდაცვის სამინისტროში გამართულ თათბირზე, სადაც განხილული იყო სამოქმედო გეგმა.
მისივე ინფორმაციით, 7 აგვისტოს საღამოს, იგი გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა ცენტრალურ მიმართულებაზე პასუხისმგებელ პირად დანიშნა.

მამუკა ყურაშვილის მოსაზრებით, კონფლიქტის ზონაში აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რომ მომხდარიყო მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია, უფრო ნაკლები ადამიანი დაზარალდებოდა. თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ ამ ქმედების განხორციელების შემთხვევაში, ჩაითვლებოდა, რომ ქართული მხარე ომის დაწყებას აპირებდა.

მისივე განცხადებით, თემურ იაკობაშვილი, რომელიც 2008 წლის იანვრიდან იყო სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში და ამავე დროს შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე, ომის დაწყებამდე კონფლიქტის ზონაში მხოლოდ ერთხელ იყო ჩასული. მამუკა ყურაშვილის შეფასებით, თემურ იაკობაშვილის მიერ 7 აგვისტოს გაკეთებული განცხადება შერეული საკონტროლო კომისიის შესახებ დამაზიანებელი იყო და მან, ფაქტობრივად, აღნიშნული განცხადებით „ეს ფორმატი აბუჩად აიგდო“.

მამუკა ყურაშვილმა დეტალურად ისაუბრა თუ რა ქმედებები განახორციელა მას შემდეგ, რაც 7 აგვისტოს 23 საათსა 45 წუთზე მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობის შესახებ ბრძანება მიიღო.
მან ასევე განმარტება გააკეთა აღნიშნული ბრძანების მიღების შემდეგ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის“ შესახებ.

მისი თქმით, აგვისტოს ომის დროს ქართულ მხარეს კასეტური ბომბები არ გამოუყენებია, თუმცა იყვნენ სამოქალაქო პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებმაც ეს ჩვენს ქვეყანას დააბრალეს.
მამუკა ყურაშვილის აზრით, 2008 წლის პირველ აგვისტომდე ძლიერი დიპლომატიური მისიის ამოქმედების შემთხვევაში, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა 1 აგვისტოს შემდეგ ეს უკვე შეუძლებელი იყო.

2004-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ კომისიას გააცნო მისი მინისტრობის პერიოდში გატარებული სამშვიდობო პოლიტიკა.

მისი თქმით, მინისტრის რანგში ცხინვალში პირველივე ჩასვლის დროს ნათელი გახდა, რომ ადამიანებს შორის კონფლიქტი არ იყო – ქართული სამშვიდობო ბატალიონის წარმომადგენლები ქართული სამხედრო ფორმით, საქართველოს დროშებით, შეიარაღებულები და ქართული სანომრე ნიშნებით ავტომანქანებით თავისუფლად გადაადგილდებოდნენ მთელ რეგიონში.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის მისიისა და ეუთო-ს წარმომადგენლების ანგარიშების საფუძველზე, სამინისტრო სრულად ფლობდა ინფორმაციას რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ.

გიორგი ხაინდრავას განცხადებით, სამშვიდობო პოლიტიკის ძლიერი მხარდამჭერი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია იყო, თუმცა ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები ცდილობდნენ ამ პროცესის ჩაშლას.

მისი შეფასებით, ე.წ. ერგნეთის ბაზრობის გაუქმება იმ სახით როგორც ეს მოხდა, სამშვიდობო პროცესისთვის პირდაპირი დარტყმა იყო.

გიორგი ხაინდრავას განცხადებით, პირდაპირი რუსული პოლიტიკის ჩარევით სააკაშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა – ერთ შემთხვევაში, ეს იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტის შემდეგ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და მეორე – ეს იყო იმავე მინისტრის ბათუმში ჩასვლის შემდეგ ასლან აბაშიძის აჭარიდან წასვლა.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის შემდეგ სურათი მკვეთრად შეიცვალა და კონფლიქტის რეგიონში დაპირისპირებამ, რომელსაც ადრე პროვოკაციების სახე ჰქონდა, ისეთი ხასიათი შეიძინა, რომ ნათელი გახდა – ეს იყო პირდაპირი გზა, რომელიც, ადრე თუ გვიან, ქვეყანას კონფლიქტამდე მიიყვანდა.

გიორგი ხაინდრავამ გაიხსენა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, კერძოდ, ივანე მერაბიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის ცალკეული ქმედებები, რომლებმაც, მისი შეფასებით, ზიანი მიაყენეს ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას.

გიორგი ხაინდრავას თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ მან, როგორც სახელმწიფო მინისტრმა, ბოდიში მოუხადა ეუთო-ს წარმომადგენლებს, რუსულ მხარეს და დამკვირვებლებს, რაც გახდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საბაბი.

კომისიას ახსნა-განმარტება ირაკლი ბათიაშვილმა მისცა, რომელიც 1992-1993 წლებში საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი იყო.
იგი კომისიის წევრებს 2006 წელს კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, კოდორის ხეობაში ბატალიონ „მონადირის“ დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, რის გამოც ბატალიონმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.

მისი თქმით, ბატალიონი ადგილობრივი მოსახლეობისგან ემზარ კვიციანმა ჩამოაყალიბა და ეს რაზმი საკმაოდ ბრძოლისუნარიანი იყო.
ირაკლი ბათიაშვილის შეფასებით, ბატალიონ „მონადირის“ დაშლის გადაწყვეტილება იყო არ შეცდომა, არამედ დანაშაული.

„რეგიონში ჯარისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების შეყვანის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ეს იყო ავანტიურა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და პირდაპირი მოღალატეობრივი ქმედება ხელისუფლების მხრიდან. ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, რომ განაიარაღოს საკუთარი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელსაც შენ აკონტროლებ და არ არის ოკუპირებული“, – აღნიშნა მან.

ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გაიგო კოდორში განვითარებული მოვლენების შესახებ, მდგომარეობაში გარკვევის მიზნით ტელეფონით ემზარ კვიციანს ესაუბრა და სწორედ, ამ საუბრის ფალსიფიკაციის გზით მას ბრალი წაუყენეს ამბოხებისადმი ინტელექტუალურ დახმარებაში, რის გამოც დააპატიმრეს.

მისი შეფასებით, აგვისტოს ომის გადასახედიდან: კოდორის ხეობაში მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის სრულად განიარაღება, ჯარის შეყვანის შედეგად დაირღვა აფხაზეთის ომის შემდეგ, 1994 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რის შემდეგაც მალევე გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რუსეთის მიერ ინიციირებული რეზოლუცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ დაარღვია აღნიშნული ხელშეკრულება.

ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ეს რუსეთისთვის გახდა იმის საბაბი, რომ 2008 წლის აგვისტოში კოდორის ხეობაში ჯარები შეეყვანა.

მისი ინფორმაციით, კოდორის ხეობაში განლაგებული იყო მე-5 ბრიგადა და დიდი რაოდენობით ტექნიკა, თუმცა ერთი ტყვიის გასროლის გარეშე ხელისუფლებამ „ხონჩით“ მიართვა კოდორის ხეობა რუსეთს.

კომისიამ, დღევანდელ სხდომაზე, საკუთარი განცხადების საფუძველზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკის მოუსმინა, რომელიც 2004-2006 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივებს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მხრიდან მყარი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა სახელმწიფო უწყებებს შორის ანტაგონიზმი იყო.

მისი თქმით, არა მარტო ცალკეული მინისტრების, არამედ სააკაშვილის ხედვებიც ხშირად არ ემთხვეოდა პრემიერ-მინისტრის ხედვებს, თუმცა სამშვიდობო ინიციატივებს საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან ინტენსიური მხარდაჭერა ჰქონდა.

გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ამ პერიოდში შემუშავდა საგზაო რუკის პროექტი, რომლის ძირითად პრინციპებს ეუთო-მ მხარი დაუჭირა.

მისი თქმით, სამინისტროს მუშაობის მიზანი იყო პროცესის ინტერნაციონალიზაცია სხვადასხვა პროექტების განხორციელების გზით და საბოლოო ჯამში, მოხერხდა შეთანხმება 40-მდე პროექტზე, რომელიც იყო როგორც ქართველების, ასევე ოსების ინტერესებში.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, სოჭში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელშიც საუბარი იყო ნდობის აღდგენასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით პროექტების განხორციელებაზე. დოკუმენტში, ასევე ჩაიწერა, რომ ნდობის აღდგენას უნდა შეექმნა მძლავრი ბაზა კონფლიქტის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარებისთვის.

მან დეტალურად ისაუბრა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით სამინისტროს მიერ სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე და ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებისა და პარლამენტის იმ ქმედებებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, სამშვიდობო ინიციატივებს ეწინააღმდეგებოდა.

გიორგი ვოლსკი კომისიის წევრებს ასევე ესაუბრა აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო – სოზარ სუბარი

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო. მდინარაძის საბრალდებო დასკვნაში ზურაბ ადეიშვილი წერდა, რომ „მან არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება“ და აჭარელ სტუდენტებს, რომლებსაც ისედაც არასაპატიმრო ღონისძიება – „გაუსვლელობის ხელწერილი“ ჰქონდათ შეფარდებული, საკუთარ სახლში წასვლის ნებართვა მისცა!.. ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ მამუკა მდინარაძე ყველა ინსტანციის სასამართლოში გამართლდა, – წერს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, „ზუსტად 21 წლის შემდეგ, 2025 წლის 27 მარტს, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ“.

„მამუკა მდინარაძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პირველი (მტკიცებულებებით დადასტურებული) პოლიტპატიმარი იყო. ის 2004 წლის მარტში „სამსახურებრივი გულგრილობის” მუხლით დააკავეს.
მდინარაძის საბრალდებო დასკვნაში ზურაბ ადეიშვილი წერდა, რომ “მან არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება” და აჭარელ სტუდენტებს, რომლებსაც ისედაც არასაპატიმრო ღონისძიება – „გაუსვლელობის ხელწერილი” ჰქონდათ შეფარდებული, საკუთარ სახლში წასვლის ნებართვა მისცა!..

ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ მამუკა მდინარაძე ყველა ინსტანციის სასამართლოში გამართლდა. მოგვიანებით კი მისი საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე ქალი, შეთითხნილი ბრალდებით, თავად აღმოჩნდა ციხეში. ეს, იმ პერიოდში, „ნაცმოძრაობის“ მიერ სასამართლოს დამორჩილების მორიგი მკაფიო მესიჯი იყო…

ზუსტად 21 წლის შემდეგ, 2025 წლის 27 მარტს, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ!“, – წერს სოზარ სუბარი.

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ცდილობენ – პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ცდილობენ, რის უფლებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

პოლიციასა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად ადგილი აქვს სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, მონებო“; „ომი ვინ დაიწყო?“.

ამასთან, ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს.

პარლამენტთან აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ – გია ვოლსკი

ახლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რითაც პარლამენტთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, ეს ახალგაზრდები პროპაგანდის იდეის ქვეშ არიან.

„ყველა ტელევიზია და ყველა მედია საშუალება კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა [„ნაციონალური მოძრაობის“]. ახლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ. ამ იდეით არიან პროპაგანდის ქვეშ. წარმოიდგინეთ, მაშინ, როცა ხელში ჰქონდათ ძალა, ვინმეს რამე გაებედა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის ამ განცხადებას, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა რეპლიკით უპასუხა, რომ პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე ახალგაზრდების მხოლოდ გარკვეული ჯგუფი დგას.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა კომისიის სხდომებს ინტერესით მიადევნებს თვალს.

„დავაზუსტებ, აქ საუბარია ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფზე, რადგან ახალგაზრდობა ჩვენ ქვეყანაში გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანია და უმრავლესობა მათგანი დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესით მიადევნებს თვალს და ყურს ამ სხდომებს. ბევრ რამეს გაიგებს, რაც არ იცოდა. რაც მთავარია, იმ დოკუმენტაციას გაეცნობა ყურადღებით, რომელიც მათ შორის თქვენც მრავლად ჩამოთვალეთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა

ამასთან დაკავშირებით ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მას „ყველაზე არ უსაუბრია“.

„მე ვთქვი, ეს ახალგაზრდები, მე არ მითქვამს საერთოდ ახალგაზრდები, ყველაზე არ მისაუბრია“,- აღნიშნა ვოლსკიმ სხდომის მიმდინარეობისას.

ევროკავშირი არ მოხსნის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკრაინაში ომის სრულად დასრულებამდე – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ მოხსნის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკრაინაში ომის სრულად დასრულებამდე.

„სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი მტკივნეულია [რუსეთისთვის]“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ უკრაინა გადაწყვეტს, რა არის მისთვის მდგრადი მშვიდობა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ კიევს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რათა თავიდან აიცილოს რუსეთთან ახალი ომი.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე 2 ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, დააკავეს.

აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.

ახალგაზრდებმა, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დროებითი საგამოძიებო კომისიის პარალელურად აქცია ჯერ პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართეს, შემდეგ კი 9 აპრილის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, რომ განაიარაღოს საკუთარი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელსაც შენ აკონტროლებ და ჯერ კიდევ ოკუპირებული არ არის -ირაკლი ბათიაშვილი

აგვისტოს ომის გადასახედიდან რა ხდება ცხადი, მივყვეთ ფაქტებს. მოხდა ჯარის შეყვანა კოდორის ხეობაში, მოსახლეობის სრული განიარაღება, მერე იდგა იქ მეხუთე ბრიგადა, ამის დადასტურება არის უმარტივესი, იდგნენ შს სამინისტროს სპეცდანიშნულების დანაყოფები, –  ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილმა კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება.

„ჯარის შეყვანით მაშინ დაარღვიეს 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, აფხაზეთის ომის მერე დადებული. განაიარაღეს მოსახლეობა და დაარღვიეს ხელშეკრულება, ვინაიდან, ამ ხელშეკრულების თანახმად, არცერთ მხარეს იქ საჯარისო დანაყოფების შეყვანის უფლება არ ჰქონდა. მალევე, ჯარის შეყვანა მოხდა ივლისში, 2006 წლის სექტემბერში, მაგ დროს მე ციხეში ვარ, ინფორმაციას ვეცნობოდი, რუსეთმა გაიტანა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე რეზოლუციის პროექტი, რომ კოდორის ხეობაში დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება და მთელი უცნაურობა ის იყო, რომ არავინ დაადო ვეტო. ეს რეზოლუცია მიიღეს, რომ საქართველოს მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“, – განაცხადა ბათიაშვილმა.

მისივე თქმით, აგვისტოს ომში რუსეთი მიზნად ისახავდა შემოჭრას სწორედ ცხინვალის რეგიონიდან და მიზნად ისახავდა შიდა ქართლის ტერიტორიის აღებას.

„რუსეთს სჭირდებოდა მაპროვოცირებელი საბაბი და მაშინდელმა ხელისუფლებამ მას ეს მისცა, მაგრამ ასევე უკვე დიდი ხანია, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის, როგორმე აეღო ეს კოდორის ხეობა, რომელიც იყო ერთადერთი, სოლივით შეჭრილი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამიტომ, რუსეთისთვის რა იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი – პირველი, მოსახლეობის განიარაღება, რადგან პრობლემა იქნებოდა მათთვისაც, სერპარატისტებისთვის, ნებისმიერი ძალისთვის პრობლემა იყო კოდორის ხეობის აღება, ვინაიდან მოსახლეობა იყო ძალიან კარგად შეიარაღებული და ძალიან ბრძოლისუნარიანი. ყოველ შემთხვევაში, მათთვის დიდ მსხვერპლთან იქნებოდა დაკავშირებული; მეორე – სჭირდებოდათ საბაბად, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ჩვენ კი არ ვარღვევთ, ეს უკვე დარღვეულია ქართული მხარის მიერ. ეს ორი რამ სჭირდებოდათ, ეს ორი წინაპირობა საჩუქრად მიართვა 2006 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ, მოსახლეობაც განაიარაღეს კოდორის ხეობაში და პლიუს გამოვიდა ისე, რომ მაშინ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება იქნა აქეთა მხირდან დარღვეული.

ეს ორი პროვოკაციული საბაბი სჭირდებოდა მაშინ რუსეთს, რომ აეღო კოდორის ხეობა. მაშინ რუსებმა და სეპარატისტებმა 2008 წლის აგვისტოში კოდორის ხეობა აიღეს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ამხელა ძალა იდგა იქ, მთელი მეხუთე ბრიგადა, დანაყოფები, უზარმაზარი შეიარაღება, ყველაფერი ჩატოვეს იქ და ისე, რომ აქეთა მხრიდან ერთი ტყვია არ გასროლილა, ასე ხონჩით მიართვეს მტერს კოდორის ხეობა. ეს ყველაფერი არის ფაქტობრივ მოცემულობებზე დაფუძნებული“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

ამასთან, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ირაკლი ბათიაშვილმა აღნიშნა:

„ჩემთვის ცხადი იყო, რომ ეს იყო პირდაპირი მოღალატეობრივი ქმედება და გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, რომ განაიარაღოს საკუთარი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელსაც შენ აკონტროლებ და რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებული არ არის“.

„ამას არავინ გააკეთებდა. რა თქმა უნდა, მაშინ მივიღე ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება, ვიცოდი, დიდი დარტყმები მელოდა ამაზე, რომ მე ამას წინ უნდა აღვდგომოდი. მე უნდა დავპირისპირებოდი ამ საკითხში ხელისუფლებას და პირველი, რაც გავაკეთე, მახსოვს „რუსთავი 2“-ზე მივედი მაშინ. ვილაპარაკე, რომ დაუშვებელია ამის გაკეთება, ჯარის შეყვანა და განიარაღება მოსახლეობის, რომ ეს კონფლიქტი თავისუფლად შეიძლება მშვიდობიანად დარეგულირდეს და გადაწყდეს. იქ ერთი ადამიანიც რომ გაეგზავნათ და საუბრის საშუალება მიეცათ, ეს კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან გადაწყდებოდა. ნათელი იყო, რომ სააკაშვილს უნდოდა ძალის დემონსტრირება, უნდოდა ალბათ სისხლის დაღვრა და ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა შეუქცევადი. მაშინ ბევრჯერ გამოვედი, ჩემი მძაფრი პოზიცია გამოვთქვი ამასთან დაკავშირებით და ჯერ დამიბარეს პროკურატურაში, მოწმის სახით დამკითხეს და მერე უკვე მოვიდნენ სოდ-ის თანამშრომლები ჩემთან სახლში, რომ უნდა მობრძანდეთო მოდულის შენობაში ბრალის წარსადგენად, ანუ, დასაპატიმრებლად. მაშინ არავინ შევაწუხე, ტაქსი გავაჩერე, ჩემი ფეხით მივედი იქ, სადაც უკვე ბრალი წამიყენეს სრულიად აბსურდული. ბრალად მედებოდა ინტელექტუალური დახმარება ამბოხებისადმი“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც ERP სისტემა Microsoft Dynamics 365 & LS Retail სრულად დანერგა

PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

LS Retail არის საცალო გაყიდვებში მსოფლიოში წამყვანი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Microsoft Dynamics 365 Business Central პლატფორმაზე და სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს.

ეს PSP-სა და Microsoft-ის პარტნიორობის მესამე ეტაპია. ERP მოდულების გამოყენებით კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო WMS საწყობის მართვის სისტემის დანერგვით, რასაც მოჰყვა ფინანსური პროცესების, შესყიდვებისა და კორპორაციული გაყიდვების მართვის გაუმჯობესება.

საწყობის მართვის WMS (Warehouse Management System) სისტემის დანერგვამ 2023 წელს მნიშვნელოვნად გაამარტივა საწყობის ოპერაციული საქმიანობა. მედიკამენტების აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაციამ თითქმის 2-ჯერ გაზარდა შეკვეთების მომზადების სისწრაფე. საწყობის 300-მდე თანამშრომელი დავალებებს მობილური აპლიკაციის საშუალებით ასრულებს. საწყობის სრული ავტომატიზაცია და მარაგების გამჭვირვალე მონიტორინგი საშუალებას აძლევს კომპანიას უფრო სწრაფად და ეფექტურად მართოს მარაგები, შეამციროს შეცდომები და გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება.

ERP-ის მოდულების დანერგვა კომპანიაში 2024 წელს გაგრძელდა. PSP-მ Microsoft-ის თანამედროვე ტექნოლოგიები კომპანიის მასშტაბით განავრცო, დანერგა ფინანსური, შესყიდვების და კორპორაციული გაყიდვების მოდულები, რამაც შექმნა მოსამზადებელი ბაზა ERP დანერგვის საბოლოო ეტაპისთვის.

2025 წლის მარტიდან PSP-ს საპილოტე აფთიაქებში Microsoft 365 Business Central-ის ერთიანი (ERP) სისტემის სრულად ამოქმედების შედეგად გამარტივდა ასორტიმენტისა და დეფიციტების მართვის სისტემა, ავტომატიზაციის ხარჯზე 50%-ით შემცირდა ფარმაცევტის მომსახურების დრო და, შესაბამისად, რიგები, რაც მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას უწყობს ხელს.

გაყიდვების ანალიტიკის და მოთხოვნის პროგნოზირების გაუმჯობესებამ, უფრო მოქნილი გახადა მარაგების მართვა; შესყიდვის პროცესების ავტომატიზაციამ უზრუნველყო ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაცია და მომხმარებლისთვის ზუსტი,დროული ინფორმაციის მიწოდება სასურველი პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე.

„Microsoft 365 Business Central-ის თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტები ხელს უწყობს ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებას, ბიზნესის გამჭვირვალობას და მომხმარებელთა უკეთეს გამოცდილებას.

პროექტის წარმატებული განხორციელება შესაძლებელი გახდა SMART Business-ის პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერით. SMART Business არის საქართველოს წამყვანი ERP სისტემების ინტეგრატორი და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი. პროექტის განხორციელებით PSP-ს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიის ოპერაციული და ფინანსური მართვის ახალ, უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. ეს სიახლე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ამკვიდრებს მსოფლიო სტანდარტებს ამ სფეროში.“-აცხადებენ PSP-ში.

PSP აგრძელებს ინოვაციების დანერგვას, მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად.

(R)

რა ეღირება დოლარი და ევრო 29 მარტს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7673 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7673 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7712 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0039 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9818 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9865 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.

 სააკაშვილს აქვს ნათქვამი, პუტინმა მითხრა, ნახე, აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად გადაწყდა, ურთიერთობებს ისე თუ დავალაგებთ, როგორც საჭიროა, ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო -გოგა ხაინდრავა

სააკაშვილს აქვს ნათქვამი, პუტინმა მითხრა, ნახე, აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად გადაწყდაო? ურთიერთობებს ისე თუ დავალაგებთ, როგორც საჭიროა, ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო, – ამის შესახებ 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრმა, გოგა ხაინდრავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

გოგა ხაინდრავამ გაიხსენა სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, როდესაც სააკაშვილი რუსეთში დოღზე იყო დაპატიჟებული.

„ძალიან საინტერესო ამბავი ხდება, ზუსტად არ მახსოვს, გაზაფხულის ბოლოს თუ ზაფხულის დასაწყისში. ვლადიმერ პუტინი მოსკოვში მართავს დოღს, სადაც დაპატიჟებულია „ესენგეს“ ყველა პრეზიდენტი თავიანთი ცხენებით, რათა იქ მიიღონ მონაწილეობა. დაპატიჟებულია სააკაშვილიც. აჭარის მოვლენებიდან ერთი-ორი თვე არის გასული, ახალი მომხდარია აჭარის მოვლენები. დელეგაციაში ვართ გელა ბეჟუაშვილი, სააკაშვილი მეუღლესთან ერთად, მე. კიდევ არ მახსოვს, ვიღაც შეიძლება იყო, მაგრამ იმ დოღზე, რომელიც მოსკოვის ჰიპოდრომზე გაიმართა, მიპატიჟებული ვიყავით სააკაშვილი ცოლთან ერთად, გელა ბეჟუაშვილი და მე. იყო დიდი სუფრა, სადაც პრეზიდენტები ისხდნენ ერთად, პატარ-პატარა სუფრებთან ვისხედით „ესენგეს“ ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეები და ისინი, ვინც თან ახლდათ პრეზიდენტებს. დოღი რომ დამთავრდა, პუტინმა დაპატიჟა პრეზიდენტები, ცალკე სუფრა იყო გაშლილი სადღაც შენობაში. ჩვენ სხვაგან გაგვიშალეს სუფრა, ეტყობა, ამდენი ხალხი იქ ვერ ეტეოდა. ძალიან საინტერესო იყო, რომ „ელექტროქარი“ რომ არის პატარა, ორადგილიანი, გოლფის მოედანზე რომ დადის, ისეთი იდგა იქ, გასასვლელზე და პუტინი რომ გავიდა, სააკაშვილი დაისვა გვერდზე, იქით ალიევი იყო, ნაზარბაევი, სხვებიც იყვნენ, ყველას გვარი არ მახსოვს, ძალიან პატივცემული პრეზიდენტები იყვნენ. დაახლოებით ერთი საათი, საათ-ნახევარი გრძელდებოდა სუფრა. ჰიპოდრომი პატარაა, ამიტომ ჩვენი მანქანები იქ ვერ შევიდა, მარტო პრეზიდენტების მანქანები იყო შესული. სააკაშვილი ურეკავს ბეჟუაშვილს, რომელიც გვერდზე მიზის და ეუბნება, ახლა გამოვალ მანქანით, დამხვდით და მანქანაში ჩამისხედითო. დავხვდით, ჩავსხედით მანქანაში და ბეჟუაშვილი ეკითხება, აბა, რა იყო, მითხარიო. რას ლაპარაკობ, მაგარი შეხვედრა გვქონდაო. ზუსტად სიტყვასიტყვით გეუბნებით, რა თქვა სააკაშვილმა მანქანაში: პუტინმა მითხრა, ნახე, აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად და კარგად გადაწყდაო? ხომ ნახე ყველაფერიო. ამიტომ, ჩვენს ურთიერთობებს თუ ისე დავალაგებთ, როგორც საჭიროა, ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო ზუსტად ამ ურთიერთობებით, მეგობრიობითო. ოღონდ ერთი რამ მინდა, გითხრათო, ამას დრო დასჭირდება, დაახლოებით ერთი წელიო. მეც საზოგადოება მყავს, იქ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა აზრია და ეგრე მიყოლებით ამას ვერ გავაკეთებთო. სიჩუმეა მანქანაში. ბეჟუაშვილი ეკითხება, მერე შენ რას ფიქრობო? რის ერთი წელი, სად არის ერთი წელიო, ერთი წელი, არა ისო. მაგას დავალაგებთ ახლავე, რომ დავბრუნდებითო. მაშინ მივხვდი და მაშინ გადავწყვიტე, რომ მიუხედავად იმისა, დიდი ბრძოლა იყო ჩემ წინააღმდეგ, ამ თანამდებობას არ დავტოვებ-მეთქი. დავბრუნდი თბილისში და ყველას გახსოვთ კარგად 2004 წლის ზაფხულის მოვლენები, როდესაც, პრაქტიკულად, სამხედრო კონფლიქტის პირას დავდექით ყველანი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მშვიდობისკენ სვლა გაცხადებული იყო, თუმცა სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ოქრუაშვილის, ბოკერიას, ბარამიძის „ღამის მთავრობა“ ცდილობდა სამშვიდობო პროცესის ჩაშლას -გოგა ხაინდრავა

მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო მშვიდობისკენ სვლა, სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ოქრუაშვილის, ბოკერიას, ბარამიძის „ღამის მთავრობა“ ცდილობდა სამშვიდობო პროცესის ჩაშლას, – ამის შესახებ 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც განიხილავენ იმ სამშვიდობო პროცესს, რომელიც ომამდე პერიოდში მიმდინარეობდა.

„ჩემ მერე, როცა მე მომხსნეს თანამდებობიდან, სამი მინისტრი იყო – ანთაძე, ბაქრაძე და იაკობაშვილი. ისინი 2006 წლიდან 2008 წლამდე ერთად იყვნენ ნახევარჯერ ცხინვალში. იაკობაშვილი ცხინვალში არ შესულა, ის იყო ერგნეთთან მისული. რომ არ მოგატყუოთ და არ შემეშალოს, სულ მცირე, 100-ჯერ ვიყავი ცხინვალში. ორი კვირა ისე არ გადიოდა, ცხინვალში რომ არ ჩავსულიყავი. რეგულარულად დავდიოდი, ღამით ვრჩებოდი იქ, სადაც ჯარისკაცებს ეძინათ. არცერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე იქ დაცვით ჩავსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა რამდენჯერმე მითხრა, დაცვა რატომ არ გყავსო? ასეთი ვითარება იყო და დამოკიდებულება, როცა ჩვენ შევუდექით ამ საქმეს.

ერთი საინტერესო დეტალია, რომ სადღაც ორი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მინისტრად დავინიშნე, ზურაბ ჟვანიასთან ერთად ორჯერ მომიწია წასვლა კრწანისში, სამთავრობო რეზიდენციაში, სადაც ცხოვრობდა მიხეილ სააკაშვილი. ავედით და იქ დამხვდა ე.წ. ღამის მთავრობა – სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, ბოკერია, ერთ-ერთ შეხვედრაზე ბარამიძეც იყო. დავსხედით და, პრინციპში, სამთავრობო სხდომა ჩატარდა. პირველ მისვლაზე არაფერი ვუთხარი და მეორედ რომ მივედით, ვუთხარი, რომ, ზურა, მე აქ აღარ მოვალ. მე დამნიშნეს დღის მინისტრად და არა ღამის მინისტრად. ამიტომ იქ, ამ წრეში, „ღამის მთავრობაში“ რა გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩემთვის საინტერესო არ არის-მეთქი. დღისით რომ ვიკრიბებით ხოლმე, პრეზიდენტიც რომ ესწრება ხშირად მთავრობის სხდომებს, იქ რა გადაწყვეტილებებიც მიიღება, მე მაგაში ვიღებ მონაწილეობას-მეთქი.

ზურა იყო ამ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის მომხრე და ბურჯი, ყველა იმ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში, რასაც ჩვენ ვახორციელებდით – გია ვოლსკი, მე და სამინისტრო. პატარა სამინისტრო იყო, მაგრამ ძალიან კარგი ჯგუფი შეიქმნა. აქტიურად ვმუშაობდით ორივე მიმართულებით, უამრავი საერთაშორისო შეხვედრები გვქონდა,  ჟენევაში, ვენაში, ნიუ იორკში, ვაშინგტონში და სხვაგან“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, იმ დროს საერთაშორისო თანამეგობრობის განწყობა იყო ცალსახად სამშვიდობო პოლიტიკის მხარდამჭერი.

„ამიტომ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ჩვენგან მოდიოდა, ნებისმიერ შეხვედრაში, რომელიც ითვალისწინებდა საშვიდობო ინიციატივებს, ასეთი ბევრი იყო. არა მარტო რეზოლუციები და პროტოკოლები, რომელსაც ხელს ვაწერდით, და ეგეთი 49 პროტოკოლია, თუ არ ვცდები, ამ შერეული საკონტროლო კომისიის, არამედ ეუთო-ს და, განსაკუთრებით, ევროკავშირის მისიების მხრიდან მერე გამოიყო ფული. ყველას კარგად ესმოდა, რომ ძირითადი, რაც სამშვიდობო პროცესს საფუძვლად შეიძლება, ედოს, ეს არის ადამიანების საერთო ინტერესი. ამას ეუთო არ სჭირდება, ადამიანების ბუნებიდან გამოდის, როცა ჩვენ ერთი და იგივე ინტერესი გვაქვს, ვშრომობთ ერთად და ეს დოვლათს ქმნის ჩემთვისაც, შენთვისაც და საზოგადოებისთვისაც, ეს არის ძირითადი წინაპირობა, რომ ჩვენ არ ვიჩხუბოთ ერთმანეთში, მით უმეტეს, რომ განსაკუთრებით გასაყოფი არაფერი გვაქვს.

პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო, რომ მშვიდობისკენ მივდივართ, მიდიოდა ამ „ღამის მთავრობის“ მიერ სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობა. პირველი ამის ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, აქ ზურაბ ნოღაიდელს ვუსმინე, ფინანსთა მინისტრი იყო და, შეიძლება, მისი გადმოსახედიდან რაღაც ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება, ასე თუ ისე, შეიძლება გამართლებული ყოფილიყო, მაგრამ, სამშვიდობო პროცესის თვალსაზრისით, ერგნეთის ბაზრობის ისე დახურვა, როგორც იმათ დახურეს, იყო პირდაპირი დარტყმა სამშვიდობო პროცესისთვის. ერგნეთის ბაზრობისთვის, სულ მცირე, 3-4 ათასი კაცი ფუნქციონირებდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ადამიანების უკან დგანან ოჯახები, მიხვდებით, რომ ეს არის პრაქტიკულად მთელი ცხინვალის მოსახლეობა.

ამიტომ, ინტერესი და ეს ლაპარაკი – მაშინ თითქმის ყველაფერი არალეგალური იყო საქართველოში – ეს გადატრიალება რომ მოხდა, შევარდნაძის მთავრობის ბოლო წლებში, ინსპექტორიდან დაწყებული მინისტრით დამთავრებული, ყველა ქრთამს იღებდა და ყველამ კარგად ვიცოდით. ერგნეთის ბაზრობაზე რომ არ იქნებოდა იქ იდეალური წესრიგი და რაღაც არალეგალური ურთიერთობები იქნებოდა, ეგ ბუნებრივია. ერგნეთის ბაზრობის დახურვამ ეს არ მოსპო, პირიქით, უფრო ჩრდილში წავიდა. 50, 100 ტონა მანდარინი გადიოდა დიდი მანქანებით, გადაღებულიც მაქვს, როგორ გადის ცხინვალის მიმართულებით როკის გვირაბით რუსეთში, არალეგალური, აღარ ვლაპარაკობ სპირტზე, სიგარეტზე, პროდუქტებზე, რომლებიც მიმოიფანტა, ერთად კი არ იყო, როგორც მაშინ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.