04.09.2026 21:37
ბიშკეკში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტის დროს, პირველ სექტემბერს, ვლადიმერ პუტინი ნიკოლ პაშინიანს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს რეფერენდუმის ჩატარება მოსთხოვა: „არჩევანი გააკეთე - ან ევროკავშირი, ან ევრაზიული ეკონომიკური კავშირი“. ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა უარყო. რუსმა ლიდერმა სომეხი ლიდერი კრემლში დაიბარა - „მოსკოვში ჩამოდი და ურთიერთობა დეტალურად გავარკვიოთო“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პუტინი სომხეთისაგან რეფერენდუმს ითხოვს ევროკავშირთან მიმართებით. ფაშინიანი უარზეა. რა იქნება შემდეგ?“ (ავტორი - გრიგოლ ათანესიანი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივა: თუ ერევანი ბრიუსელისაკენ ინტეგრაციის კურსს გააგრძელებს, წინ უამრავი პრობლემა ელოდება.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
სომხეთისაგან რეფერენდუმის ჩატარებას არამარტო რუსეთი, არამედ აზერბაიჯანიც ელოდება, თუმცა ბაქო სხვა საკითხთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში გადაულახავი პოლიტიკური საკითხების გარდა არსებობს კონსტიტუციური ბარიერიც: ნიკოლ ფაშინიანის მმართველ პარტიას საპარლამენტო უმრავლესობა არ აქვს, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო დადგენილებას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე ვერ მიიღებს.
სომხეთი დილემის წინაშე: ან ევროკავშირი, ან ევრაზიული კავშირი
ბიშკეკში ოდესღაც გულითადი მეგობარი ქვეყნების ხელმძღვანელები ერთმანეთს გაუცხოვებულები შეხვდნენ - იგრძნობოდა, რომ ერევან-მოსკოვის ურთიერთობა კრიზისს განიცდის. ერევანს ეჭვი აქვს, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ოპოზიციას და სომხურ დემოკრატიაზე ჰიბრიდულ შეტევებს ახორციელებს, შესაბამისად, ხელისუფლება ქვეყანაში ყველანაირ რუსულ ყოფნაზე ფარულ და აშკარა ზეწოლებს ახორციელებს. სამაგიეროდ, მოსკოვი საპასუხოდ სომხურ იმპორტს ზღუდავს და ერევანს ადანაშაულებს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პრივილეგიებით სარგებლობს და იმავდროულად ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
ვლადიმერ პუტინი სომხეთს სთავაზობს წინადადებას: „გაარკვიეთ ზუსტად, სად ყოფნა გსურთ - ევრაზიულ კავშირში თუ ევროკავშირში. თუ ევროკავშირს უპირატესობას მისცემთ, მაშინ ერთმანეთს მშვიდობიანად დავშორდეთ. ვიცი, რომ ერთდროულად ორივეში ყოფნა გინდათ, მაგრამ ასე არ გამოვა“.
სომხეთის პარლამენტმა კანონი ევროკავშირში წევრობის შესახებ გასული წლის მარტში მიიღო. ნიკოლ ფაშინიანი თვლის, რომ კანონი არ ეწინააღმდეგება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობას, რადგან არავინ იცის, რამდენი წელი გაგრძელდება სომხეთის ევროკავშირში მიღების პროცესი - კანონის მიღება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბრიუსელი სასწრაფოდ დააკმაყოფილებს ერევნის სურვილს.
„გვესმის, რომ საბოლოოდ არჩევანის გაკეთება მართლაც მოგვიწევს, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა, სიტუაცია ამისათვის ჯერ არ მომწიფებულა. დღეს ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ალტერნატივა არ გვაქვს. ჩვენს პროდუქციას სხვაგან ვერსად ვერ წავიღებთ“, - უპასუხა ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს.
„თუ ალტერნატივა არ გაქვთ, მაშინ თქვით, რომ ევროკავშირი არ გინდათ და ჩვენთან ერთად ყოფნა გსურთ. თემა დავხუროთ. ესაა და ეს“, - კატეგორიულად მოითხოვა პუტინმა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება და ერევნის პოზიციების დეტალური განხილვა მოხდება.
რკინიგზები როგორც „განხეთქილების ვაშლი“
„ბოლო დროს მხარეებს ბევრი პრობლემა დაუგროვდათ. შესაძლოა სწორედ სხვა გადაუჭრელი საკითხების არსებობა იწვევს სომხეთ-რუსეთის უთანხმოებას“, - თვლის ტიგრან გრიგორიანი, სომეხი პოლიტოლოგი, რომელიც ერევანში უსაფრთოებისა და დემოკრატიის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს.
საქმე იმაშია, რომ სომხეთის ხელისუფლებას სურს რუსეთს ქვეყნის რკინიგზების მართვის უფლება ჩამოართვას და კონცესია სხვა ქვეყანას გადასცეს. პოტენციურ ვარიანტებს შორის ფიგურირებს ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და კატარი. ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ყაზახეთი სახელდება. გარდა ამისა, ერევანს სურს ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება, რაზედაც პრეტენზიას რუსული კომპანია „როსატომი“ აცხადებს. ამასთან, ერევანი პარალელურად მოლაპარაკებას ამერიკულ და ფრანგულ კომპანიებთან აწარმოებს.
როგორც პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი თვლის, ვლადიმერ პუტინის ულტიმატუმის უკან სწორედ რუსული აქტივების მიმართ შექმნილი საფრთხე დგას: „კრემლი აცხადებს, რომ სომხეთმა ევროკავშირის წევრობის თაობაზე მიღებული კანონით ფაქტიურად ევრაზიული კავშირიდან გასვლის პროცესი დაიწყოო. ეს პარადოქსულად ჟღერს: როცა კანონი მივიღეთ, წლინახევრის წინათ, მოსკოვს მსგავსი ნეგატიური რეაქცია არ გამოუხატავს. ახლა კი მისი ქცევა ეჭვს გვიჩენს, რომ საქმე იმდენად ევროკავშირს არ ეხება, რამდენადაც სომხეთში რუსეთის სტრუქტურულ ყოფნას“.
სომხეთს სურს რაც შეიძლება სწრაფად გახსნას საზღვრები აზერბაიჯან-თურქეთთან და რეგიონში „მსოფლიოს გზაჯვარედინად“ იქცეს. ამისათვის აუცილებელია სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა-მოდერნიზება, მაგალითად, სომხეთის რკინიგზების რემონტი, რომელიც ყაბაღის ომების დროს ძალიან დაზიანდა და კაპიტალურ შეკეთებას ითხოვს. აზერბაიჯანი აქტიურად ახორციელებს კომუნიკაციების აღდგენას, თურქეთმაც დაიწყო სასაზღვრო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლება, სომხეთში კი ეს ყველაფერი ჭიანურდება - „სამხრეთ კავკასიის რკინიგზები“, რომელიც „რუსეთის რკინიგზების“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს და რომელსაც სომხეთის რკინიგზების მმართველია, არ ჩქარობს ინვესტიციების ჩადებას და ქვეყნის სარკინიგზო ქსელის მოდერნიზებას.
ნიშანდობლივია, რომ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სანამ სომხეთის რკინიგზები ტვირთების გადაზიდვების მაღალ მაჩვენებელს არ მიაღწევს, მანამ ინვესტიციები ცადებული არ იქნება. ასეთი პოზიცია, ერევნის თვალსაზრისით, ჩიხურ სიტუაციას ქმნის: ტრვირთბრუნვა რომ გაიზარდოს, ჯერ რკინიგზები უნდა შეკეთდეს და მათი პოტენციალი აღდგეს. იქმნება თაბეჭდილება, რომ კრემლი მზად არ არის კონცესია მესამე მხარეს დაუთმოს, მაგრამ არც რკინიგზების აღდგენაზე არ ზრუნავს.
რეფერენდუმი პუტინ-ალიევის მოთხოვნით
„რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა მოსკოვის მხრიდან უფრო მეტად პროპაგანდისტული ნაბიჯია“, - თვლის ტიგრან გრიგორიანი, - „კრემლის რიტორიკა შენიღბულია: პუტინის განცხადებით, იგი სომეხ ხალხთან ისტორიულ ურთიერთობას უფრთხილდება, მთავრობები კი დროებითნი არიან, პრემიერები მოდიან და მიდიანო“. ანალოგიურ ნარატივს იყენებს რუსეთი მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებით. რეალურად კი ბოლო წლებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსეთისადმი სიმპათიები ისტორიულ მინიმუმადეა შემცირებული - ყარაბაღის ომში კრემლის „ანტისომხური“ დამოკიდებულების გამო.
სხვა საქმეა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოთხოვნა რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, რომლითაც სომხეთის კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს. დღეს სომხურ ძირითად კანონში ისეთი დებულებებია, რომელიც ხელს უშლის ორ მეზობელს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას. შეთანხმების ტექსტი ერთი წლის წინ დამტკიცდა და ერევანი მასზე ხელმოწერას უახლოეს ხანში იმედოვნებდა, მაგრამ ბაქომ მოითხოვა, რომ სომხეთმა ჯერ კონსტიტუციიდან ტერმინი „მთიანი ყარაბაღი“ უნდა ამოიღოს. სანამ ეს არ განხორციელდება, აზერბაიჯანი და თურქეთი საზღვრების გახსნას არ აპირებენ.
ზავის დადება სომხეთის ხელისუფლებისათვის პრიორიტეტულად ითვლება და ამიტომაც, ერევანი რეფერენდუმის ჩასატარებლად, პრინციპში, მზად იყო, მაგრამ ივნისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო თანხმობამ“ საკანონმდებლო ორგანოში საჭირო რაოდენობის ადგილები ვერ მიიღო, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოეპოვებინა და მიეღო დადგენილება პლებისციტის (რეფერენდუმის) ჩატარების ტაობაზე.
„გაუგებარია, როგორ მოახერხებს მმართველი პარტია ამ ყველაფრის გადაწყვეტას პარლამენტში. შეიძლება ოპოზიციაზე მკაცრი პრესინგით (ზეწოლით), ან რაიმე სხვა მეთოდით... ჯერ-ჯერობით კი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია“, - ამბობს ტიგრან გრიგორიანი.
სტრატეგიული ურთიერთობიდან „მშვიდობიან განქორწინებამდე“
სომხეთის მთავრობის ახალი პროგრამით, რომელიც აგვისტოში დამტკიცდა, რუსეთთან დამოკიდებულების სტატუსი შემცირებულია: თუ ადრე ურთიერთობას „სტრატეგიული“ ეწოდებოდა, ახლა უბრალოდ „პარტნიორულად“ არის მოხსენიებული - განსხვავებით ევროკავშირისაგან, აშშ-საგან, საფრანგეთისგან, საქართველოსგან, ირანისგან და ჩინეთისაგან, რომლებიც სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნებს წარმოადგენენ.
ვლადიმერ პუტინთან ბიშკეკში შეხვედრის დროს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ომი დასრუკლებულია და ამიტომ ერევანს შანსი გაუჩნდა თავის საგარეო პოლიტიკას გადახედოს. „რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობას ყარაბაღის ომის დროს სხვა აზრი ჰქონდა, ახლა კი, როცა რეგიონში მშვიდობა დამყარდა, ვფიქრობ, რომ სიტუაციას სხვა თვალით უნდა შევხედოთ“, - თქვა სომხეთის პრემიერმა.
სწორედ ამ მიზეზით, თუ როგორი შედეგით დასრულდა კონფლიქტი, ორივე მხარე ორმხრივი ურთიერთობის მომავალს სხვადასხვანაირად უყურებენ. ერევანში თვლიან, რომ რუსეთმა არ შეასრულა თავისი სამოკავშირეო ვალდებულება, როცა 2022 წელს სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ბომბები ეცემოდა და როცა აზერბაიჯანული ქვედანაყოფები მის სახელმწიფო საზღვრებს არღვევდნენ, როცა 2023 წელს რუსმა მშვიდობისმყოფლებმა მთიანი ყარაბაღიდან გამოქცეული სომეხი ლტოლვილი მოსახლეობა არ დაიცვეს.
ცხადია, სომხეთის პრეტენზიებზე რუსეთს საკუთარი თავის გამართლება აქვს. ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსეთი სომხეთს იმიტომ ვერ დაეხმარა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დემილიტარიზებული ზონა არ იყო შექმნილი. რაც შეეხება ყარაბაღელი სომხებისადმი დახმარებას, კრემლის თქმით, რუსი მშვიდობისმყოფლების ჩარევას ხელი შეუშალა იმ ფაქტმა, რომ თვითონ ნიკოლ ფაშნიანმა აღიარა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად.
ასეა თუ ისე, აზერბაიჯანთან ომის დროს სომხეთს ისეთი გრძნობა გაუჩნდა, რომ მას თავისმა მოკავშირემ უღალატა და გაჭირვების დროს არ დაეხმარა.
მოსკოვს ერევნის ასეთი პოზიციისაგან გაკვირვებულია: „ორი ქვეყნის ურთიერთობა სისტემურ კრიზისშია. მოკავშირეობის ძველი მოდელი უკვე აღარ მუშაობს, ახალი კი ჯერ შექმნილი არ არის. მართალია, ორივე მხარემ „მშვიდობიანი განქორწინება“ დაანონსეს, მაგრამ მისი ალგორითმი ჯერ შემუშავებული არ არის“, - წერს სერგეი მარკედონოვი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
ავტორ(ებ)ი :