24.10.2026 18:54
საფრანგეთის ულტრამემარცხენე პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის" ლიდერი, ჟან-ლუკ მელანშონი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდებს.
პარიზში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მელანშონმა განაცხადა, რომ მსგავსი საპროტესტო აქციები ყოველკვირეულად გაიმართება.
„ჩვენ ვხედავთ მასშტაბურ სახალხო პროტესტს, რომელიც კოლექტიური დისციპლინითა და თავშეკავებით გამოირჩევა. ვფიქრობ, ემანუელ მაკრონი გააცნობიერებს, რომ ეს აქციები ყოველ კვირას გაიმართება და დროა, დათმობაზე წავიდეს. ნუ დაამატებთ ცეცხლზე ნავთს, შეწყვიტეთ ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირების მცდელობა", - განაცხადა მელანშონმა.
ამასთან, მელანშონმა განაცხადა, რომ თუ საფრანგეთის პრეზიდენტი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ უპასუხებს, 5 ნოემბერს ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა გაიმართება.