შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას ურჩევს, წყლისა და საკვების მარაგი იქონიონ - The Guardian 24.10.2026 00:06

 

ბრიტანეთი, ახალი სამთავრობო რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა მოქალაქეს მოუწოდებს მოიმარაგონ ბოთლში ჩამოსხმული წყალი (ცხრა ლიტრამდე) და საკვები, რომელიც სამი დღის განმავლობაში ეყოფათ. როგორც გამოცემა the guardian-ი წერს, რეკომენდაციების მიზანია, ოჯახები მზად იყვნენ ამინდის გაუარესებით, კიბერშეტევებით ან სხვა სერიოზული საგანგებო ვითარებით გამოწვეული კრიზისების გადასატანად.

კამპანია Be Ready-ი („იყავით მზად") მიზნად ისახავს, დაარწმუნოს მოსახლეობა, იქონიონ ისეთი აუცილებელი მარაგები, რომლებიც 72 საათის განმავლობაში ეყოფათ.

გამოცემის ცნობით, ამის მიზეზია ოფიციალური პირების მზარდი შეშფოთება, რომელიც კლიმატურ კრიზისს, ტექნოლოგიებზე მზარდ დამოკიდებულებას და მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე საფრთხეების შესაძლო შედეგებს უკავშირდება.

უსაფრთხოების მინისტრმა დენ ჯარვისმა განაცხადა, რომ „მათ, ვისაც ამ რეკომენდაციების შესრულება შეუძლია, უნდა შეასრულონ ისინი".

"ეს არის მარტივი ნაბიჯები ყოველდღიური საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად და უფრო ფართო საზოგადოებაზე ორიენტირებული ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც, ჩვენი, როგორც ერის, მდგრადობის გაძლიერებაა", - აღნიშნა მან.

თავდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ასევე უნდა მოემზადოს რუსეთის ან სხვა მტრულად განწყობილი ძალების მიერ ორგანიზებული "სახელმწიფო ტერორიზმის" საფრთხისთვის, რომლის სამიზნეც ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა შეიძლება გახდეს.

"ისეთი ტერმინები, როგორიცაა "ჰიბრიდული ომი" და "ნაცრისფერი ზონის საფრთხეები", ზუსტად არ გადასცემს ფართო საზოგადოებას იმას, რასაც მე "სახელმწიფო ტერორიზმს" ვუწოდებ", - თქვა სტრიტინგმა.

სტრიტინგის თქმით, სერიოზულად უნდა მოეკიდონ იმ საფრთხეებს, რომლებიც სულ უფრო აქტიურად ვლინდება და საზოგადოება უნდა მოამზადოს მათ დასაძლევად.

„ამგვარი საფრთხეების წინაშე, რომლებიც არა ჰიპოთეზური, არამედ რეალურია და სადღაც შორს კი არა, სულ უფრო მეტად ჩვენს ქვეყანაშიც იჩენს თავს, უნდა გავააქტიუროთ მოქმედებები და სერიოზულად მოვეკიდოთ, როგორც ეროვნული მდგრადობის გაძლიერებას, ისე ქვეყნის თავდაცვას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებსა და ბიზნესებს ვკითხოთ: არიან თუ არა ისინი სათანადოდ მომზადებული? მზად არიან თუ არა? იციან თუ არა, როგორ უნდა იმოქმედონ ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოქმნილი ისეთი საგანგებო სიტუაციების დროს, რომლებმაც შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს?" - აღნიშნა სტრიტინგმა.

ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, სახლში მუდმივად ჰქონდეთ საბნები და ნაღდი ფული, ასევე პირველადი დახმარების ნაკრები, ელემენტებზე მომუშავე ფანარი და ხელით დასატრიალებელი FM რადიო.

რეკომენდაციების თანახმად, სასმელად თითო ადამიანზე დღეში სამი ლიტრი წყალი უნდა მოიმარაგონ. საჭმლის მოსამზადებლად და დასაბანად კი დამატებითი წყალია გასათვალისწინებელი.

მედიის ინფორმაციით, აგვისტოში მთავრობამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ურჩევდნენ, დაკონსერვებული პროდუქტები შეეგროვებინათ, თუმცა მინისტრთა კაბინეტის მიერ დაწყებული კამპანია „მზად იყავით" უფრო კონკრეტულ მითითებებს იძლევა. ამასთან, მას დამატებით სოციალური მედიისა და რადიოს სარეკლამო კამპანია დაემატება.

ოჯახებში სამი დღის სამყოფი აუცილებელი მარაგების ქონას, მთავრობა რეალისტურ და პრაქტიკულ რეკომენდაციად მიიჩნევს. ეს გაერთიანებულ სამეფოს საფრანგეთის, ირლანდიის რესპუბლიკისა და ნიდერლანდების მსგავს მიდგომასთან დააახლოებს - ამ ქვეყნებშიც მოსახლეობას ურჩევენ, როგორ მოემზადონ სერიოზული შეფერხებებისა და საგანგებო სიტუაციებისთვის.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ