20.10.2026 01:03
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით 2 513 ადამიანი დააკავეს, რომელთა ნაწილი კვლავ პატიმრობაში რჩება, - ამის შესახებ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა განაცხადა.
ტელეკომპანია „TF1-თან ინტერვიუში დარმანენმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის მასშტაბით ყველა პროკურორს მითითება გაუგზავნა, რათა საქმეებს „ორგანიზებული დანაშაულის" კვალიფიკაცია მიენიჭოს.
„საფრანგეთში ყველა პროკურორს მივეცი მითითება, საქმეებს ორგანიზებული დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭონ"- განაცხადა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა.
მისი განმარტებით, ეს სამართალდამცველებს დაკავების ვადის 48-დან 72 საათამდე გახანგრძლივების შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, შესაძლებელი გახდება ტელეფონის საშუალებით მათი ლოკაციის დადგენაც, რათა ნახონ, სად იმყოფებოდნენ ეჭვმიტანილები მაღაზიების ძარცვისა და მერიის შენობებზე თავდასხმების დროს.
ამასთან, დარმანენის განცხადებით, ანტიტერორისტული პროკურატურა უახლოეს საათებში გადაწყვეტს, ჩაერთვება თუ არა ლიმოჟის მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის საქმის გამოძიებაში.
„თუ პროკურატურა საქმეს გადაიბარებს, ეს ნიშნავს, რომ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეფასდება, ანუ, როგორც ჩანს, ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ულტრამემარცხენე ჯგუფების წარმომადგენლებმა, მერიის შენობის განადგურება ორგანიზებულად დაგეგმეს", - განაცხადა დარმანენმა.