ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და პოლონეთი ბრიუსელს მოუწოდებს, რუსულ ენერგომომარაგებაზე უარის თქმის წესები შეამსუბუქოს - Euronews 19.10.2026 20:48

 

სლოვაკეთმა და უნგრეთმა ბრიუსელს რუსულ გაზზე დამოკიდებულების ეტაპობრივად შეწყვეტის პროცესში მეტი მოქნილობისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, ზღვაზე გასასვლელის არქონა და გაზის მიწოდების არსებულ მარშრუტებზე დამოკიდებულება ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას უფრო რთულსა და ძვირადღირებულს ხდის. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ბრატისლავამ განაცხადა, რომ ისტორიულად ის რუსული ნავთობისა და გაზის შესასვლელი წერტილი იყო, თუმცა ახლა - უნგრეთთან ერთად ჩიხში მოხვედრის რისკის ქვეშაა, რადგან ევროკავშირის გეგმის თანახმად, რომელიც მოსკოვიდან იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტას ითვალისწინებს, ცენტრალური ევროპისთვის რუსული ენერგომომარაგება 2027 წლისთვის შეწყდება.

"გვინდა, ევროკომისიასთან განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის დაფინანსების მომდევნო პერიოდი და ევროკავშირის სახსრების ხელმისაწვდომობა ჩვენს საჭიროებებს მოერგოს, განსაკუთრებით კი ვიშეგრადის ოთხეულის რეგიონში ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის გაფართოების მიმართულებით", - განაცხადა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა დენისა საკოვამ ბრატისლავაში გამართული პრესკონფერენციის კულუარებში. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, დენ იორგენსენი.

ცენტრალური ევროპის მინისტრებს სურთ, რომ ბრიუსელმა აღიაროს მათი განსაკუთრებული გარემოებები და გაითვალისწინოს რეგიონული საჭიროებები ახალი ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურისთვის ევროკავშირის თანხების გამოყოფისას და ევროკავშირის შემდეგი ბიუჯეტის მომზადებისას. აღნიშნული საკითხი წევრ სახელმწიფოებს შორის უთანხმოების კიდევ ერთ საგნად იქცა ევროკავშირის ბოლო ევროპული საბჭოს სამიტზე.

ეს მოწოდება მოჰყვა ვიშეგრადის ჯგუფის - უნგრეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის მხრიდან ევროკავშირის ლიდერებზე განხორციელებულ ზეწოლას. 15-16 ოქტომბერს გამართულ სამიტზე ჯგუფის წევრმა ქვეყნებმა ევროკავშირის ხელმძღვანელებს მოუწოდეს, ხელახლა განეხილათ რეგიონში ელექტროენერგიის გადასახადების შემცირებისკენ მიმართული ზომები.

მათი მოთხოვნები მოიცავდა ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრის, ემისიებით ვაჭრობის სისტემის (ETS) გადახედვის მიმდინარე პროცესში მეტი მოქნილობის უზრუნველყოფას და მისი მეორე ეტაპის, ETS2-ის ამოქმედების 2030 წლამდე გადავადებას.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ