19.10.2026 20:35
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინა შავ ზღვაში ამერიკული კომპანიების კუთვნილი ნავთობის გადამზიდ გემებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
გამოცემა New York Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება რუბიომ Breitbart-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ამერიკული კომპანიები უკავშირდებიან ხელისუფლებას და ჩივიან, რომ შავ ზღვაში უკრაინის მიერ მიყენებული დარტყმების შედეგად მათი კუთვნილი ნავთობი დაზიანდა.
როგორც რუბიომ აღნიშნა, მას არ სჯერა, თითქოს უკრაინა ამ გემებს განზრახ ესროდა, თუმცა ფაქტია, რომ ხომალდები მაინც დაზიანდა, რაც გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.
სახელმწიფო მდივანმა გამოხატა იმედგაცრუება იმის გამო, რომ აშშ-ის თხოვნის მიუხედავად, მსგავსი შემთხვევები მაინც მოხდა და მოუწოდა ზელენსკის, იპოვოს ამ სისხლისმღვრელი ომის დასრულების გზა.
ამასთანავე, მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ შეუწყვეტია უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება, რომლებიც კიევს რუსეთის მოსალოდნელი ბალისტიკური სარაკეტო დარტყმების შესახებ აფრთხილებს.