24.09.2026 00:18
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ნულოვანი პაციენტი" უწოდა და განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი თავისუფლება აქვს მას მოქმედებისთვის, მით უფრო საშიში ხდება მსოფლიო ყველა დანარჩენისთვის.
მისივე თქმით, „ნულოვანი პაციენტი" უნდა შეჩერდეს, შეეზღუდოს მოქმედებისა და ბოროტების კიდევ უფრო გავრცელების შესაძლებლობა.
„რუსეთს ჩვენი მეზობელი მოლდოვის მიმართაც აქვს პრეტენზიები. ის მუდმივად ემუქრება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. რუსეთი პატივს არ სცემს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სახელმწიფოებრიობას. სამწუხაროდ, სირიაში და აფრიკის ქვეყნებშიც ძალიან კარგად იციან, რას წარმოადგენენ რუსი მკვლელები.
როგორც ჩანს, რაღაც ყოველთვის უშლის ხელს პუტინს, უბრალოდ თქვას: „საკმარისია. ამას თავი დავანებოთ". რაღაც ყოველთვის ხელს უშლის აღიაროს, რომ მისთვის 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული საკუთარი ტერიტორია, საკმარისი უნდა იყოს. პუტინი ყოველთვის ეძებს ვინმეს, ვინც დაეხმარება მეტი ადამიანის მოკვლაში, მეტი ტერიტორიის დაკავებასა და სხვა ქვეყანაზე თავდასხმაში, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გაჩერდეს და საკუთარ ქვეყანას მიხედოს. ამ ყველაფრის შემდეგ, შეგიძლიათ კი, წარმოიდგინოთ პუტინი ომის გარეშე? ის „ნულოვანი პაციენტია". ის, ვისგანაც ომის იდეა სულ უფრო მეტად ვრცელდება, სადაც ეს იდეა ვრცელდება, მას მხოლოდ ტკივილი, არასტაბილურობა, ახალი საფრთხეები და ახალი კრიზისები მოაქვს. რაც უფრო მეტი თავისუფლება აქვს პუტინს მოქმედებისთვის, მით უფრო საშიში ხდება მსოფლიო ყველა დანარჩენისთვის. სწორედ ამიტომ, „ნულოვანი პაციენტი" უნდა შეჩერდეს. მას უნდა შეეზღუდოს მოქმედებისა და ამ ბოროტების კიდევ უფრო გავრცელების შესაძლებლობა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფინანსური რესურსებისა და სამხედრო წარმოების შეზღუდვა აუცილებელია, რათა პუტინმა ომის გაგრძელება ვეღარ შეძლოს.
„სანქციებს, მხარდაჭერის პაკეტებსა და იარაღის ერთობლივ წარმოებას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი გვაძლიერებს. რუსეთს როდესაც ვინმე ვაჭრობის გზით მეტ ფულს აძლევს, ამით ომს მეტ დროს აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ აგრესორთან ვაჭრობის შეზღუდვას და თავადაც ვცდილობთ რუსეთის შემოსავლების შემცირებას", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.