22.09.2026 23:35
უშიშროების საბჭო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, მაგრამ მას შემდეგ მსოფლიო ფუნდამენტურად შეიცვალა. თუმცა, ცვლილება უშიშროების საბჭოში არ აისახა, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 21-ე საუკუნის უშიშროების საბჭო აფრიკის მუდმივი ადგილების გარეშე უსამართლო და დაუსაბუთებელია, ამიტომ ეს უნდა შეიცვალოს.
„უნდა მოვახდინოთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება, რათა მან სამყარო ასახოს იმ ლეგიტიმურობითა და ეფექტურობით, რასაც დღევანდელი გამოწვევები მოითხოვს. უშიშროების საბჭო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, მაგრამ მას შემდეგ მსოფლიო ფუნდამენტურად შეიცვალა, თუმცა ცვლილება უშიშროების საბჭოში არ აისახა. ყველაზე გასაოცარი მაგალითია აფრიკა. როდესაც გაერო დაარსდა, აფრიკის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ კოლონიური მმართველობის ქვეშ იყო. დღეს აფრიკას საბჭოში მუდმივი წარმომადგენლობა ჯერ კიდევ არ ჰყავს. ოცდამეერთე საუკუნის უშიშროების საბჭო აფრიკის მუდმივი ადგილების გარეშე უსამართლო და დაუსაბუთებელია. ეს უნდა შეიცვალოს
ჩვენს სამყაროში არსებული ხარვეზები ფართოვდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ომები დამანგრეველი შედეგებით დაიწყო და საშინელი სისასტიკით გაგრძელდა. მშვიდობიანი მოსახლეობა სამიზნედ იქცა, ადამიანის უფლებები ირღვება, შიმშილი იარაღად გამოიყენება, ჰუმანიტარული მუშაკები იღუპებიან, საერთაშორისო სამართალი იგნორირებულია, გეოპოლიტიკური უთანასწორობა გაღრმავდა და უთანასწორობა გამძაფრდა. ძალაუფლება სამი ფუნდამენტური გზით იცვლება. პირველი, სახელმწიფოებს შორის - გაჩნდა ეკონომიკური, პოლიტიკური და ტექნოლოგიური გავლენის ახალი ცენტრები.
მეორე - ჩვენ ვხედავთ ძალაუფლების არაბუნებრივ გადაცემას მთავრობებიდან კერძო კორპორაციებისა და ფიზიკური პირების მცირე ჯგუფზე. მათი გავლენა ახლა მოიცავს პოლიტიკას, ეკონომიკას, ინფორმაციის გადაცემას, ტექნოლოგიურ განვითარებას და სამოქალაქო სივრცეს, რომელზეც საზოგადოებები არიან დამოკიდებულნი. მესამე - ადამიანები სულ უფრო მეტად გადასცემენ ძალაუფლებას მანქანებს, ხელოვნური აგენტები ხდებიან არაკეთილსინდისიერი და სასიკვდილო ავტონომიური იარაღი სამეცნიერო ფანტასტიკიდან სამხედრო რეალობად იქცევიან", - განაცხადა გუტერეშმა.