21.09.2026 20:57
უკრაინელები უკვე ამუშავებენ საგანგებო სიტუაციებისთვის სამოქმედო გეგმებს და ზამთრისთვის ემზადებიან, რომელიც სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, შესაძლოა, ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე აღმოჩნდეს.
როგორც მედიასაშუალება წერს, გასული ზამთრის ხანგრძლივი ყინვები მძიმე გამოცდა აღმოჩნდა - მსხვილი ქალაქები, მათ შორის კიევი, კვირების განმავლობაში გათბობისა და წყლის გარეშე იყო.
„წარსულის გამოცდილებით და რუსეთის მიერ სულ უფრო დახვეწილი დრონების გამოყენების გათვალისწინებით, უკრაინა გამოწვევისთვის ემზადება. ზოგი სხვა რეგიონში ან თუნდაც საზღვარგარეთ წასვლას განიხილავს. სხვები კი შეშას აგროვებენ, საჭირო აღჭურვილობას და თბილ ტანსაცმელს იძენენ", - ნათქვამია სტატიაში.
უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი სერგეი კორეცკი პრობლემის მასშტაბებს აღიარებს.
„ერთადერთი, რისი იმედიც არ მაქვს, კარგი ამინდია", - განაცხადა მან Bloomberg-თან სექტემბერში მიცემულ ინტერვიუში.
გამოცემა უკრაინის „აქილევსის ქუსლად" უკრაინის ქალაქებში არსებულ ცენტრალური გათბობის სისტემას მიიჩნევს, რომლის საფუძველსაც თბოელექტროცენტრალები წარმოადგენს. სწორედ მათი საშუალებით მიეწოდება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს ცხელი წყალი.
„თუ სისტემის სწრაფად აღდგენა ვერ მოხერხდება, მილების გაყინვისა და გასკდომის თავიდან ასაცილებლად წყალი უნდა დაიცალოს. სწორედ ეს მოხდა კიევში გასულ ზამთარს, ასობით ათასი მცხოვრები გათბობის გარეშე დარჩა", - წერს მედია საშუალება.
ავტორ(ებ)ი :