11.09.2026 22:40
ევროკომისიამ განაცხადა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები ამ ეტაპზე "მთავარი პრიორიტეტი" არ არის. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც სულ უფრო იზრდება მოწოდებები იმასთან დაკაშვირებით, რომ დაახლოებით 210 მილიარდი ევროს ღირებულების ეს აქტივები უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გასაწევად გამოიყენონ, რომელსაც ფინანსური სახსრების მწვავე დეფიციტი აქვს.
შვედეთმა, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა და ესპანეთმა, ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერით, ევროკომისიას სთხოვეს, შეიმუშაოს ახალი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც ამ გაყინული აქტივების გამოყენების შესაძლებლობას შექმნის.
უკრაინამ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ასევე წამოაყენა წინადადება, შეიქმნას ევროკავშირის საკუთრებაში არსებული სპეციალური საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ბრიუსელის ცენტრში მდებარე დეპოზიტარ Euroclear-ში დაცულ რუსულ აქტივებს შეინახავს.
ცნობისთვის, მიმდინარ ეკვირას, ევროპარლამენტის 122 წევრისგან შემდგარმა, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, ევროკომისიას წერილით მიმართა და მოუწოდა, „განაახლოს პოლიტიკური დისკუსია" გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტარებმა ასევე მოითხოვეს, რომ წინ წაიწიოს აქტივების სპეციალური მმართველისთვის გადაცემის ინიციატივა, რათა ამ გზით ბელგიის წინააღმდეგობა იქნას დაძლეული.
თუმცა, როგორც გამოწემა იუწყება, პარასკევს ევროკომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული აქტიურობის შემცირება სცადა.
"ეს ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არ არის. ამ საკითხზე უკვე დიდი ხნის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით და ახლა ჩვენი ყურადღება სხვა საკითხებზეა გადატანილი", - განაცხადა ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა პაულა პინჰომ.
პინჰოს განმარტებით, ევროკომისიის ამჟამინდელი პრიორიტეტები ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს.
ერთი მხრივ, ევროკომისია გეგმავს გააგრძელოს 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ეტაპობრივად გამოყოფა, რომელიც უკრაინისთვის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.
მეორე მხრივ, ევროკომისია უკრაინის მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) თანამშრომლობს, რათა ზუსტად განსაზღვროს, რა ოდენობის ფინანსური დეფიციტის წინაშე დგას უკრაინა.
ავტორ(ებ)ი :