28.08.2026 11:28
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 469-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 545 ადამიანი. სტიქიის შედეგად 1 300-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
დაკარგულთა შორის ყველაზე მეტი ინდოეთის მოქალაქეა. ინდოეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ნეპალში, სულ მცირე, ინდოეთის 288 მოქალაქის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ამასთან, დაახლოებით 200 ადამიანი ჩინეთის ტერიტორიაზეა ჩარჩენილი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნეპალში დაკარგულად ითვლება ჩინეთის 100 მოქალაქე.
დაკარგული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ასევე გაავრცელეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, მალაიზიამ, ავსტრალიამ, კანადამ, უკრაინამ, სამხრეთ კორეამ, რუსეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, სამხრეთ აფრიკამ, იაპონიამ და ახალმა ზელანდიამ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნეპალის ლიდერებს ესაუბრა და ქვეყანას დახმარება შესთავაზა. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა წყალდიდობას „საშინელი სანახაობა" უწოდა და აღნიშნა, რომ სტიქიამ „ძლიერი, კარგად აშენებული შენობებიც კი გაანადგურა". ტრამპის თქმით, წყალდიდობით დაზარალებულ ტერიტორიებზე დაახლოებით 50-60 ამერიკელი იმყოფებოდა, თუმცა მათი სრული აღრიცხვა ჯერ არ დასრულებულა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ნეპალსა და ტიბეტში ამ დროისთვის აშშ-ის 90 მოქალაქის ადგილსამყოფელი უცნობია. უწყების ცნობით, აშშ-ის მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე დაადასტურა, რომ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 500 000 დოლარს გამოყოფს. თანხა მოხმარდება საგანგებო თავშესაფრების, წყლის, სანიტარული და ჰიგიენური საშუალებების უზრუნველყოფას.
ავტორ(ებ)ი :