Telegraph: ბრიტანეთის სპეცსამსახურის კატარღები, რომლებიც ჩინური კამერებით აღჭურვილი აღმოჩნდა, მონაცემებს ჩინეთს ფარულად გადასცემდა 10.08.2026 23:10

ბრიტანულ დრონებში აღმოაჩინეს კამერები, რომლებიც მონაცემებს ჩინეთში აგზავნიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტელგრაფი" ავრცელებს. კერძოდ, ჟურნალისტების ინფორმაციით, სამეფო საზღვაო ქვეითების მიერ გამოყენებულ K3 Scout ტიპის უპილოტო ხომალდებზე დამონტაჟებული კამერები ჩინური წარმოების კომპონენტებს შეიცავდა და ჩინეთში მდებარე IP-მისამართზე ე.წ. პულსის სიგნალებს აგზავნიდა. საუბარია მონაცემებზე, რომლებიც ადასტურებდა კამერების ქსელთან მიერთებასა და მათ გამართულ მუშაობას.

 

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით კამერების ინტერნეტთან კავშირი გათიშა. ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ „ევრაქტივს" დაუდასტურა, რომ ასეთი ხარვეზი ნამდვილად გამოვლინდა. უწყებაში ირწმუნებიან, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ გაჟონილა.

 

„გეგმური კიბერუსაფრთხოების შეფასების ფარგლებში გამოვლინდა პრობლემა, რომელიც ეხებოდა სამეფო ფლოტის მიერ გამოყენებული Kraken-ის უპილოტო ხომალდის ერთ-ერთ ქვესისტემას. საფუძვლიანმა გამოძიებამ ვერ გამოავლინა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროს მონაცემებსა და სისტემებზე გარე წვდომა განხორციელდა ან ეს მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიგზავნა",- განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

 

სამინისტროს განცხადებით, პრობლემა კიბერუსაფრთხოების გეგმური ტესტირების დროს გამოვლინდა. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ შემოწმებებს აგრძელებენ.

 

„ტელეგრაფის" ინფორმაციით, უპილოტო ხომალდები ბრიტანულმა თავდაცვის კონტრაქტორმა, Kraken Technology Group-მა დაამზადა, რომელმაც კამერები მესამე მხარისგან შეიძინა. შეშფოთების მიზეზი გახდა იმ მონაცემების გადაცემა, რომლებიც მიუთითებდა, რომ კამერები ქსელში იყო ჩართული და ჩინეთში მდებარე მისამართთან იყვნენ დაკავშირებული. კომპანია Kraken-მა გამოცემას განუცხადა, რომ სამეფო ფლოტთან ერთად სრული აუდიტი ჩაატარა და დარწმუნებულია, რომ არანაირი კონფიდენციალური ინფორმაცია არ გადაცემულა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ