07.08.2026 18:01
„როიტერის" ცნობით, სიცხის ტალღის პერიოდში ენერგიის დაზოგვის მიზნით, ბუდაპეშტში პარლამენტის შენობის, ბუდას ციხესიმაგრისა და ჯაჭვის ხიდის დეკორატიული განათება გამორთეს. ამ ზომამ ზოგიერთი ტურისტი დააღონა, თუმცა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ეს გადაწყვეტილება მოიწონეს.
უნგრეთის დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურამ 40-42 გრადუს ცელსიუსამდე მიაღწია, რაც აგვისტოს ჩვეულებრივ მაჩვენებლებზე საგრძნობლად მაღალია.
„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ცხოვრებაში, ალბათ, ერთადერთხელ ვსტუმრობ ბუდაპეშტს და ამიტომ, გუშინ ბორცვზე რომ ავედი, მინდოდა, რომ შენობა განათებული იქნებოდა. ასევე დაგეგმილი მქონდა საღამოს კრუიზი მდინარეზე, მაგრამ ყველა განათება გამორთეს და ხიდი სრულ სიბნელეში იყო ჩაძირული", -განაცხადა გერმანელმა ტურისტმა, ზილკე შნაიდერსმა.
თუმცა, ბევრი უნგრელი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია, რადგან ელექტროგადამცემ ქსელზე დატვირთვის შესამცირებლად, თავადაც იძულებულნი არიან, ელექტროენერგია ეკონომიურად მოიხმარონ.
„რა თქმა უნდა, ეს ცოტათი უსიამოვნოა, მაგრამ ვაფასებ იმას, რაც გვაქვს და ამისთვის მადლიერი ვარ", - ამბობს კიდევ ერთი ტურისტი, ბენჯამინ თომას ტაკერი.
ხანგრძლივმა სიცხის ტალღამ და მდინარე დუნაიში წყლის რეკორდულად დაბალმა დონემ უნგრეთი აიძულა, საგრძნობლად შეემცირებინა თავისი ერთადერთი, „პაქშის" ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრე, რომლიც გაგრილებისთვის მდინარის წყალი გამოიყენება. ამან გასული კვირის განმავლობაში ენერგოსისტემა სერიოზული დატვირთვის ქვეშ დააყენა.
ავტორ(ებ)ი :