29.07.2026 15:15
„ტელეგრამის" დამფუძნებელ პაველ დუროვს რუსეთში „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში" ბრალი წაუყენეს. რუსულმა მხარემ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
მედიის ცნობით, „რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური უკმაყოფილოა, რომ „ტელეგრამი" არ შლის არხებს, ჩატებსა და იმ ბოტებს", რომლებიც, მათი თქმით, აქტიურად გამოიყენება „უკრაინელი სპეცსამსახურების, ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დივერსიული და ტერორისტული აქტების მომზადებისა და კოორდინაციისთვის, მკვლელობებისა და კიბერთაღლითობისთვის".
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მასალების მიხედვით, „2022 წლიდან რუსეთში დარეგისტრირებულია 153 000 დანაშაული, რომელიც „ტელეგრამის" გამოყენებით არის ჩადენილი, მათ შორის „კროკუს სითი ჰოლის" ტერაქტი; დარია დუგინასა და ბლოგერ მაქსიმ ფომინის მკვლელობები; ცხრა სამხედრო მაღალჩინოსნის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის ლიკვიდაცია, ასევე სამხედრო გაწვევის ცენტრებში აფეთქებებსა და ხანძრებს". „როსკომნადზორმა" დუროვის გუნდს 150 000 შეტყობინება გაუგზავნა „არალეგალური კონტენტის" წაშლის მოთხოვნით, თუმცა ისინი უგულვებელყვეს. 2026 წლიდან კი, „ტელეგრამი" რუსეთში საერთო ჯამში 100 მილიონი რუბლით დაჯარიმდა.
ამასთან, პაველ დუროვის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს საფრანგეთშიც. ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დუროვი პარიზში კიდევ ერთხელ დაკითხეს დანაშაულებრივ საქმიანობასთან „ტელეგრამის" სავარაუდო კავშირთან დაკავშირებით. საფრანგეთში „ტელეგრამის" დამფუძნებელს ბრალს სდებენ კონტენტის არასაკმარის მოდერაციასა და სამართალდამცველებთან თანამშრომლობისთვის თავის არიდებაში.
ავტორ(ებ)ი :