ზელენსკი – პუტინს ესმის, რომ ახლა არანაირი უპირატესობა არ აქვს, უკრაინა უფრო ძლიერი გახდა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ჰაერში, ყველა ხედავს შესაბამის შედეგებს 10.07.2026 00:54

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა, რომელიც წლების განმავლობაში ენერგორესურსების ექსპორტზე იყო დამოკიდებული, ახლა საწვავის იმპორტის შესაძლებლობების გაზრდას ცდილობს.

 

ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე შეუშალა ხელი რუსეთისთვის ნეიტრალური ქვეყნებიდან საწვავის საკმარისი მარაგის მიწოდებას.

 

„ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, რომლის ეკონომიკაც ყოველთვის საკუთარი ენერგორესურსების ექსპორტზე იყო ორიენტირებული, დღეს ცდილობს, სადმე მოძებნოს საწვავი, როგორმე გაზარდოს საწვავის შესყიდვისა და იმპორტის შესაძლებლობები",- განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ონლაინ-შეხვედრისას.

 

ზელენსკის თქმით, რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, ბორის ელცინს რომ სცოდნოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, შესაძლოა, სხვა მემკვიდრე აერჩია.

 

„სიმართლე რომ ვთქვა, ვფიქრობ, ელცინს რომ სცოდნოდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ რუსეთი ექსპორტის ნაცვლად ენერგორესურსების იმპორტს დაიწყებდა იმის გამო, რომ თავად სულელურად გადაწყვიტა ომის დაწყება, ვფიქრობ, ის სხვა მემკვიდრეს აირჩევდა", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში მნიშვნელოვანი უპირატესობები აღარ აქვს, გარდა ბალისტიკური რაკეტებისა, რომელსაც, მისი თქმით, რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს.

 

„იმის მიუხედავად, იცის თუ არა პუტინმა ეს, ის ნამდვილად იღებს ინფორმაციას და ესმის, რომ ახლა არანაირი უპირატესობა არ აქვს. მას აქვს ბალისტიკა, მართლაც ტრაგიკული და საშინელი დარტყმები ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობაზე, მაგრამ ეს არის ერთადერთი უპირატესობა, რომელიც მას დარჩა. სხვა არაფერი აქვს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინას ამ ეტაპზე „შესაძლებლობების ფანჯარა" აქვს.

 

„უკრაინა უფრო ძლიერი გახდა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ჰაერში. ყველა ხედავს შესაბამის შედეგებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი სამხედროების დამსახურებით",- აღნიშნა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის გაძლიერება უკვე შეამჩნიეს შეერთებულმა შტატებმაც და სხვა ქვეყნებმაც, რომელთა ლიდერებსაც ის ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვდა.

 

„ეს ყველამ დაინახა. ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპს. სამიტის დროს შევხვდი ბევრ სხვადასხვა ლიდერს, მათ შორის იმ ქვეყნების წარმომადგენლებსაც, რომლებთანაც აქამდე შეხვედრები არ მქონია. ყველა ერთ რამეს აღნიშნავს: უკრაინა გაძლიერდა", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპთან და ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს უკრაინისთვის „პეტრიოტის" წარმოების ლიცენზიის გადაცემის საკითხი და ამერიკულ მხარეს გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„პრეზიდენტთან და მის დელეგაციასთან ეს საკითხი დეტალურად განვიხილეთ. პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში „პეტრიოტის" წარმოება მხოლოდ ორ-სამ ქვეყანას შეუძლია, რადგან სხვა ქვეყნებს ტექნოლოგიური მზადყოფნა არ აქვთ. ამერიკამ უკრაინა აღიარა ქვეყანად, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, შემდეგ ეტაპზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებულ „ტექნიკურ დეტალებზე" დაიწყებენ მუშაობას.

 

„რაც შეეხება უკრაინაში „პეტრიოტის" წარმოებას, ეს საკითხი პოლიტიკურ დონეზე გადავწყვიტეთ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ტექნიკურმა ჯგუფებმა და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა, რათა ლიცენზიები რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ და უკრაინაში წარმოება დავიწყოთ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტთან და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ჩინეთის შესაძლო როლი განიხილა.

 

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ ჩინეთი, მისი როლი ამ ომში, მისი მონაწილეობა ან პოტენციური მონაწილეობა და შესაძლებლობები", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის კონკრეტული დეტალების საჯაროდ განხილვა არ სურს და ურჩევნია, ისინი მასსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის დარჩეს. მისივე თქმით, რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა მას აცნობა, რომ პეკინის დამოკიდებულება რუსეთის ომის მიმართ გარკვეულწილად შეიცვალა და ზოგიერთ საკითხზე ჩინეთის პოზიცია უფრო მკაცრი გახდა.

 

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობები და ქვეყნის შეიარაღებული ძალებია.

 

„ნატო აღიარებს, რომ უკრაინასთან ერთად ალიანსის თავდაცვისუნარიანობა მხოლოდ სარგებელს ნახავს. ჩვენს არმიას ყველა პატივს სცემს, ჩვენს ქვეყანას ყველა პატივს სცემს და სურთ, რომ უკრაინის შესაძლებლობებით გაძლიერდნენ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ