პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა - რუსეთ-უკრაინის ომის 338-ე 16.02.2023 11:27

რუსეთ-უკრაინის ომის 338-ე დღეს, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, ზოგიერთ რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლუნინმა განაცხადა, რომ ოლქში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე არსებობს.

 

"პოლტავას ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. დავრჩეთ თავშესაფრებში საჰაერო განგაშის დასრულებამდე!" - დაწერა მან „ტელეგრამში“.

 

კრემენჩუკის მერის, ვიტალი მალეცკის განცხადებით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.

 

"ყურადღება! სარაკეტო თავდასხმის საშიშროება გაიზარდა! ისმის აფეთქების ხმები! დარჩით თავშესაფარში! შეინარჩუნეთ სიმშვიდე! დეტალები მოგვიანებით", - განაცხადა მალეცკიმ.

 

ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ მოსახლეობას დაბომბვის საფრთხის გამო თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

 

"ლვოვის ოლქის მაცხოვრებლებო, რეალური საფრთხე არსებობს. გთხოვთ დარჩით თავშესაფრებში საჰაერო განგაშის დასრულებამდე!" - განაცხადა კოზიცკიმ.

 

რუსული ძალების მიერ ლვოვში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, - ამის შესახებ ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი „ტელეგრამში“ წერს.

 

მისივე ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

„საჰაერო განგაშის დროს ლვოვის ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე დარტყმა განხორციელდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძარი ლიკვიდირებულია. ნუ უგულებელყოფთ განგაშის სიგნალების ხმას, ”- განაცხადა მაქსიმ კოზიცკიმ.

 

შეგახსენებთ, ლვოვში თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა. საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა.

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ და არმიამ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა გაზაფხულზე იგრძნობოდეს, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში გამარჯვებისკენ მიდის.

 

„უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ გაზაფხულზე ნამდვილად იგრძნობოდეს, რომ უკრაინა გამარჯვებისკენ მიდის. ეს ეხება ჩვენი თავდაცვის ძალების მომზადებას, ჩვენი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას და ჩვენს სტრატეგიულ ინიციატივას ომში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელახლა აღების მცდელობა უნდა აღიკვეთოს.

 

„რუსეთის მხრიდან ინიციატივის ხელახლა აღების მცდელობა უნდა აღიკვეთოს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთში სულ უფრო ნაკლები იყოს სურვილი უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ქვეშ შენარჩუნების. ჩვენი მიწის გათავისუფლება არის მიზანი, რაზეც ყოველდღე ვმუშაობთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ