ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან 08.02.2023 11:32

რუსეთ - უკრაინის ომის 350-ე დღე

 

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 900-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ხოლო ჯამში, გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინელმა მებრძოლებმა დაახლოებით 134 100 ოკუპანტი გაანადგურეს. 

 

ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს.

 

სინეგუბოვის ცნობით, ხარკოვის ცენტრალურ ნაწილში რუსული ძალების რაკეტების დარტყმა დაფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით, მტერმა S-300 ტიპის 6-10 რაკეტა გაისროლა.

 

ინფორმაცია ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმაც დაადასტურა. მისი თქმით, სარაკეტო დარტყმა ქალაქის კიევსკის რაიონში მდებარე სამრეწველო ობიექტზე განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

 

რუსმა სამხედროებმა 7-8 თებერვლის ღამეს, ხარკოვის ცენტრალურ პარკზე იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

 

თავდასხმის ამსახველი კადრები უკრაინულ მედიაშიც გავრცელდა. სხვა დეტალები უცნობია.

 

გერმანული Leopard 2-ის ტანკები უკრაინას მარტის ბოლოს გადაეცემა.

 

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.

 

“შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერისთვის: თავდაცვის მინისტრი პისტორიუსი დღეს უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და კოლეგა ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. გერმანიისგან Leopard 2A6 ძირითადი საბრძოლო ტანკები მარტის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი”, - წერია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სახელმწიფო ადმინისტრაციების ახალი ხელმძღვანელები დანიშნა.

 

შესაბამისი განკარგულებები უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

კერძოდ, სერგეი ლისაკი დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, იური მალაშკო ზაპოროჟიეს ოლქის, ალექსანდრე პროკუდინი კი ხერსონის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

 

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ოლექსი კულება კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტიდან გაათავისუფლა. სხვა განკარგულებით კი მან ის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილედ დანიშნა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ