26.10.2020 13:02
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, ამას უმძიმესი რეაქცია მოჰყვება არამარტო პოლიტიკოსების და მოსახლეობის მხრიდან, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც. მისივე თქმით, ის არჩევნებთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ყველა ელჩი ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარება არის საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი ტესტი.
„მე თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ შევხვედროდი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. პირველ რიგში გამეცნო მათთვის ჩვენი სამოქმედო პროგრამა. შეხვედრების დროს ჩვენ საუბარი გვქონდა ჩვენს სამომავლო გეგმებზე, ასევე იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ყველა ელჩი ხაზს უსვამდა იმ გარემობას, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარება არის საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი ტესტი და ამაზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ ქვეყნისათვის, მათ შორის, ის საერთაშორისო დახმარებები, რომელიც პანდემიის პერიოდში და ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ასე ძალიან სჭირდება ქვეყანას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, თითს არავინ დაგვიქნევს და პირდაპირ არავინ დაგვემუქრება, მაგრამ თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს და მანიპულაციებს შეეცდება, ამას უმძიმესი რეაქცია მოჰყვება არამარტო ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, სხვა პოლიტიკოსების ან მოსახლეობის მხრიდან, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც.
დიახ, ელჩების ინტერესი არის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, იმდენად, რომ ისინი დაინტერესდნენ იმ წინადადებით რაც მე გავახმოვანე, რომ მივაწოდოთ საელჩოების წარმომადგენლებს, ვინც დააკვირდება არჩევნებს, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს სხვა დამკვირვებლებს, ჩამონათვალი ე.წ. გზამკვლევი, რა საკითხებს უნდა მიაქციონ ყურადღება ჩვენმა დამკვირვებლებმა, რომ ივანიშვილმა გაყალბება ვერ შეძლოს.
არავითარ შემთხვევაში არ გადავყლაპავ, თუ წაგვართმევენ არჩევანს და ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერას. არ აქვს მნიშვნელობა რა პროცენტს დაწერს ივანიშვილი, მთავრია, რომ ეს პროცენტი შეესაბამებოდეს ხალხის ნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ყველა ელჩი ჩავაყენე საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მეთოდს, რომელიც არის ცივილიზებული ბრძოლის მეთოდი, სამართლებრივი თუ ქუჩის პროტესტი, ყველა მეთოდს მივმართავ იმისთვის, რომ ჩემთვის მოცემული ხმა ბოლო ხმამდე დავიცვა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge