19.10.2020 13:20
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტებისა და იზოლაციაში მყოფი პირების ხმებს ცესკო სპეციალურად შექმნილი ჯგუფების დახმარებით, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში დაითვლის.
„სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.
სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან და შესაბამის პროცესთან, რაც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, პროცესის დაცულობას და ამასთან, ჩართული მხარეებისთვის მონაწილეობის შესაძლებლობას.
ნიშანდობლივია, რომ ხმების დათვლა განხორციელდება არა საკარანტინო სივრცეებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში, რაც ხელს შეუწყობს პროცესის მეტ გამჭვირვალობას.
რა თქმა უნდა, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი წესების დაცვით დამკვირვებლებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა გაყვნენ გადასატან საარჩევნო ყუთს, დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დადგენილი პროცედურების უზრუნველსაყოფად მოახდენს როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების, ისე არჩევნებში ჩართული მხარეების დროულ ინფორმირებას, რაც ხელს შეუწყობს პროცესის ყველა მონაწილის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას.“- განაცხადა ანა მიქელაძემ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge