04.09.2020 13:56
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ გადაწყვეტილებით, გლობალური პანდემიის გამო, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში არ ჩამოვა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, „ენდიაი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესებს დისტანციურად დააკვირდება.
„წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დეტალურ ანგარიშზე დაყრდნობით, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი გეგმავს, ყურადღებით შეისწავლოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები. „ენდიაი“ გააგრძელებს არჩევნებზე დაკვირვებას და ამ პროცესში, საქართველოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, „ენდიაის“ პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ვირტუალურად ჩატარებულ წინასაარჩევნო ანალიზსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სადამკვირვებლო სტანდარტებს დაეყრდნობა.
„ენდიაი“, ტრადიციულად, მჭიდროდ ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან. სექტემბრის პირველი ნახევრიდან „ენდიაის“ გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისია მუშაობას შეუდგება ისეთ საკვანძო საარჩევნო საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური კამპანიები, გენდერი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა, მედია და დეზინფორმაცია.
გრძელვადიანი ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და „ენდიაის“ წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სხვა მიმდინარე საკითხებს დააკვირდებიან. „ენდიაი“ გამოსცემს შუალედურ ანგარიშს, რომელიც წინასაარჩევნო ანალიზსა და ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ინფორმაციას დაეფუძნება.
არჩევნებიდან რამდენიმე დღეში „ენდიაი“ მესამე ანგარიშს გამოსცემს, რომელიც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვირტუალურ რეჟიმში „ენდიაის“ პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს დაეყრდნობა.
საარჩევნო ანგარიშში მთლიანი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა იქნება ასახული (კამპანიის პერიოდისა და არჩევნების დღის ჩათვლით) და საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მედიის, დამკვირვებელთა ჯგუფების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეფუძნება. საბოლოო ანგარიშში ასევე, ასახული იქნება „ენდიაის“გრძელვადიან ანალიტიკოსთა შეფასებები და ის მონაცემები, რომლებსაც „ენდიაი“ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან მოიპოვებს. „ენდიაი“ მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ადგილობრივ დამკვირვებლებთან“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge