31.08.2020 16:10
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე NDI-დან და IRI-დან დამკვირვებლები არ ჩამოვლენ. მისივე თქმით, ამ ორგანიზაციებმა ასეთივე გადაწყვეტილებები სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც მიიღეს.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება NDI-სა და IRI-ში წელს მიიღეს დამკვირვებლებთან დაკავშირებით.
„პირადად მქონდა შეხვედრა IRI-ის ოფისის ხელმძღვანელთან, სადაც მან განმარტა ვიზიტის ამ ეტაპზე გაუქმების საფუძველი, თუმცა გარკვეული იმედი ჯერ კიდევ არსებობს, რომ შეიძლება ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩვენ ვქმნით მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში. დადგენილია სპეციალური პროტოკოლი, გათვალისწინებულია მხოლოდ PCR ტესტირება დამკვირვებლებისთვის. ასევე ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული იქნება ლოჯისტიკური განსხვავებული პირობებიც. მაგალითად, შეიძლება დაორგანიზდეს სპეციალური ფრენებიც კი იმისათვის, რომ დამკვირვებლებს გაუადვილდეთ საქართველოში ჩამოსვლა. დღევანდელი მდგომარეობით ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ დამკვირვებლები საქართველოში, მათ შორის, ეუთო-დან, სხვა საპარლამენტო ასამბლეებიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ვიზიტიც იგეგმება. არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, სადაც განიხილება არჩამოსვლის საკითხი. ეს არის IRI, NDI, ევროპარლამენტი, ჯერ კიდევ ადგენენ, ზოგადად წესებს არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში, მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დანიშნა. არჩევნების დანიშვნის შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებებით, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge