12.10.2026 11:08
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისტერიკულ მდგომარეობაშია და, სავარაუდოდ, ამჟამად გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია.
„ზელენსკი, ბუნებრივია, ისტერიკაშია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამად რაიმე გააზრებული მოქმედების განხორციელება შეეძლოს“, — განაცხადა პესკოვმა საინფორმაციო სამსახურის „ვესტის“ ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან საუბრისას.
პესკოვის თქმით, სხვა მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი მზაობას გამოავლენდა. მისივე მტკიცებით, ამის ნაცვლად, კიევი პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებს, შორი მოქმედების იარაღსა და რუსეთის სიღრმეში დარტყმების განსახორციელებლად Starlink-ის სისტემაზე წვდომას ითხოვს.
კრემლის წარმომადგენელმა მოსკოვის მიმართ ზელენსკის აგრესიული დამოკიდებულება ტრაგიკულ შეცდომად შეაფასა.
„რუსეთთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ისინი, ვინც რუსეთთან ასე იქცევიან, საფასურს იხდიან. ახლა ამ საფასურს უკრაინა იხდის“, — განაცხადა პესკოვმა.
კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ არჩევნები უნდა ჩაატაროს. ერთი დღით ადრე ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონის მოწოდებების უგულებელყოფაში დაადანაშაულა, რომლებიც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეჩერებას ეხებოდა. ტრამპის განცხადებით, უკრაინას ახალი ლიდერი სჭირდება, რომელიც შეთანხმების მიღწევას შეძლებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 20 მაისს ამოეწურა. არჩევნები მაშინ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის მიზეზით გადაიდო.