20.03.2023 11:41
სტუდენტები ლექტორების წინააღმდეგ - რამდენად გამართლებულია მათი პროტესტი და გამოხატვის ფორმა? არის თუ არა სტუდენტების პროტესტი, პოლიტიკურად მართული?
ორდღიანი აქცია - განელდა თუ არა ქვეყანაში პროტესტის ტალღა?
- რამდენად გვაქვს შანსი საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს? "ჯორჯიან თაიმსი" GIPA-ს პროფესორს, ბაკურ კვაშილავას ესაუბრა
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, როგორ შეაფასებდით სტუდენტების გარკვეული ჯგუფის პროტესტს ამა თუ იმ ლექტორის მიმართ და ლექციების ჩაშლის მცდელობას?
- პროტესტის ეს ფორმა, სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებაში შედის. ჩვენ შეიძლება კონკრეტულ კაზუსებს , მხარს ვუჭერდეთ ან არ ვუჭერდეთ, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ სტუდენტებს, ამის უფლება აქვთ, მაგრამ აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმას უნდა მიენიჭოს, ვისაც ლექტორი ლექციებს უტარებს და არა იმ სტუდენტებს, რომლებსაც შეხება არ აქვთ მოცემულ პროფესორთან. აქედან გამომდინარე მე ვიტყოდი, რომ ოპტიმალური ფორმა ასეთ დროს პროტესტის გამოხატვის არის სწორედ ის სტუდენტები, რომლებიც დადიან ამ ლექციაზე, უბრალოდ არ მივიდნენ. თორემ იქ სტუდკავშირმა ან რომელიმე სხვა ორგანიზაციამ თუ მოინდომა ამაში ჩარევა და თქვა, რომ აი თქვენ არ უნდა წაიკითხოთ ლექციები, ასე არ უნდა მოხდეს.
- ანუ ვამბობთ, არის ნიშნები იმისა, რომ ეს პროცესი მართული იყოს?
არა, მართულზე არ არის. მე უბრალოდ ვამბობ რა არის სწორი. რა იქნებოდა პროტესტის გამოხატვის სწორი ფორმა. მე ვიტყოდი, რომ ეს იქნებოდა ინდივიდუალური დონეზე, როდესაც სწორედ ის სტუდენტები, რომლებიც იმ კონკრეტულ ლექციას უსმენენ, გამოთქვამენ პროტესტს. ამაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს. მაგრამ ის, სტუდენტი, რომელიც არასოდეს ამ პროფესორის ლექციას არ დასწრებია, და უბრალოდ უნდა, რომ გარედან მოახდინოს ზეწოლა, ეს უკვე სცდება სტუდენტების პროტესტის პროცესს.
ეს არის უბრალოდ გარეთა მხრიდან, უფრო კონკრეტულად გარეშე ადამიანმა, რომ მოითხოვოს, რომ ეს პროფესორი აღარ ასწავლიდეს. ასეთ შემთხვევაში ამ დონის პროტესტია და შედარებით ნაკლები ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე პროტესტის იმ ფორმას, როდესაც თვითონ ის სტუდენტები,რომელსაც ეს პროფესორი უკითხავს ისინი არ გამოცხადდნენ ლექციაზე.
- ამ პროცესს, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა და ღიად საუბრობენ იმაზეც, რომ ეს არის არა სტუდენტების, არამედ ცალკეული, პოლიტიკურად მართული ჯგუფების პროტესტი...
- შეიძლება მოჰყვეს ასეთი რეაქციები, მაგრამ სანამ დაადგენ, რომ ეს პროცესი მართულია, მანამდე არანაირი საფუძველი არ გაქვს ასე თქვა.
-ორდღიანი აქციები დამთავრდა იმ შედეგით რასაც მონაწილეები ითხოვდნენ, პროტესტის ტალღა ამ პროცესით განელდა, თუ უნდა ველოდეთ ახალ აქციებს?
- საპროტესტო ტალღა იმდენად არ იყო, ვიდრე ეს კონკრეტული მოთხოვნა. ამ შემთხვევაში მოთხოვნა მიღწეულია. მთავრობამ უკან გაიტანა კანონი და გაიტანა ის უფრო სწრაფად, ვიდრე თავიდან გეგმავდა გატანას. აქედან გამომდინარე ეს კონკრეტული შედეგი მიღწეულია 100-%-ით. ეს ნიშნავს იმას, როცა მსგავს რამე გადაწყვეტს "ხალხის ძალა" იქნება თუ “ქართული ოცნება"იგივე შედეგს მიიღებს.
- ცნობილი გახდა, რომ კანადაში იღებენ მსგავს კანონს, უკვე გაიხსნა დისკუსია ევროკავშირში, ამის ფონზე ნაადრევი ხომ არ იყო ასეთი სახის პროტესტი ამ კანონპროექტის მიმართ...
- არავითარ შემთხვევაში! ყველამ გაიაზრა, რომ ამ კანონის შინაარსი და ხალხის პროტესტი იყო მთავარი კანონპროექტის კონტექსტიდან გამომდინარე. კანადა, კანონპროექტს იღებდა მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მიმართ. ჩვენი პარლამენტი, ამ კანონს, იმ მეგობრების წინააღმდეგ იღებდა, სადაც გაწევრიანება სურს. აქედან გამომდინარე სწორედ ამიტომ დაერქვა მას რუსული კანონი.
- და თუ კანონში დაკონკრეტებული იქნებოდა, რომ ეს მტრულად განწყობილი ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა ამ კანონის განხილვა?
- შესაძლებელი იყო, როდესაც ვთქვათ ვიტყოდით, რომ მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსული ფონდები იყოს შეზღუდული. ასეთ სახელმწიფოდ შეიძლება ჩაითვალოს, ის ქვეყნები, რომელიც არ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ, თუ ასე დაიწერებოდა კანონპროექტი, ბუნებრივია, რომ ეს იქნებოდა ყველასთვის მისაღები. სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, მანამდე ამ ქვეყნებიდან შემოსული თანხები, რომ იყოს პრობლემური, ეს იქნებოდა გასაგები.
-ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, როგორია მთავრობის კურსი? მათ გაცხადებული აქვთ, რომ უნდათ ევროპაში და ქმედებებში ეს არ ჩანს?
- მათი ქმედებებით, აბსოლუტურად სხვანაირად ჩანდა და განსაკუთრებით ეს კანონპროექტი არის ამის დამადასტურებელი. იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის დასკვნები, საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით, თანდათან უფრო დადებითი ხდებოდა მაშინ შემოიტანეს ეს კანონპროექტი, რომელმაც მკაცრი კრიტიკა მიიღო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. დასავლეთმა ვერ მიიღო ვერანაირი კომპრომისი "ქართული ოცნებიდან", ისინი ამბობდნენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, მოსწონთ თუ არ მოსწონთ ეს ევროპელებს, ჩვენ ამ კანონს, მაინც მივიღებთო- არც ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ. ერთადერთი, რამაც გამოიწვია მათი უკან დახევა, ეს იყო ხალხის პროტესტი. ნამდვილი ხალხის ძალა, რომელიც დაინახეს და შესაბამისად მოუწიათ უკან დახევა. თან ასე თვალსაჩინოდ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ეს ეჭვებს ბადებს. შეიძლება უბრალოდ შეცდომა იყო. შეიძლება იმის მცდელობა იყო მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ კონტროლი ძალაუფლების ყველა ბერკეტზე არჩევნების წინ. მაგრამ ყველა შემთხვევაში გამოჩნდა, რომ ისინი ჩვენი ევროპული კავშირების წინააღმდეგ მიდიოდნენ
- არის შესაძლებლობა იმისა, რომ ხელისუფლება ამ კანონპროექტის განხილვას კვლავ მიბრუნდეს?
რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ არა უახლოეს მომავალში. რადგან უახლოეს მომავალში, ამ კანონპროექტის განხილვაზე მიბრუნება გამოიწვევს ხელისუფლების კიდევ უფრო დასუსტებას. რადგან ეს ხალხი, დღესაც მზადაა და ესმის, რომ თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი არის რუსული. ხელისუფლებას არ გაუვა რუსული კანონის მიღება ხალხის ძალას წინ ვერ დაუდგება.
- რამდენად გვაქვს შანსი საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს?
ამ პროტესტის ფონზე და იმის ფონზე, რომ მთავრობას მოუწია ხალხისთვის ანგარიში გაეწია, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოცემის შანსები გაიზარდა. იმიტომ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი კრიტერიუმი ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ არის მთავრობა რამდენად უსმენს ხალხს, ნამდვილ ხალხს და არა თავის მიერ შექმნილ "ხალხის ძალას" ან ამდაგვარ რამეს. ამ პროტესტმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, პირველ რიგში მომავალ თაობას, სურს ევროპა ამაზე ორი აზრი არ არსებობს. როდესაც მოსახლეობა პროტესტს აცხადებს, მთავრობა იძულებულია მოუსმინოს. მმართველი პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ საჭიროდ და აუცილებლად ჩათვალა მოესმინა ხალხისთვის და გაეკეთებინა ის, რაც ხალხს სურდა. ისე, როგორც ევროპაში ხდება და არა რუსეთში საიდანაც იყო ეს კანონი შთაგონებული.
ესაუბრა დალი ბჟალავა
ავტორ(ებ)ი :