ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო – ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის დამატებით მარშრუტებად განიხილავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მარშრუტებს და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს 10.08.2026 14:32

ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის დამატებით მარშრუტებად განიხილავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მარშრუტებს და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში სააგენტო „ინტერფაქს-ყაზახეთს" განუცხადეს.

 

სამინისტროში აღნიშნეს, რომ „კასპიის მილსადენის კონსორციუმის" არასტაბილური მუშაობის ფონზე ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის დამატებით მიმართულებებად განიხილავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მარშრუტებსა და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს.

 

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ეროვნულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ, „ყაზმუნაიგაზმა" 2026 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ექსპორტის 2025 წელთან შედარებით 31%-ით გაზრდა დაგეგმა, 1,7 მილიონ ტონამდე.

 

2026 წლის იანვარ-ივნისში აქთაუს პორტის გავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართულებით ყაზახური ნავთობის გადაზიდვის მოცულობამ 704 ათასი ტონა შეადგინა. ნავთობსადენის სიგრძე 1 768 კილომეტრია, ხოლო მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს შეადგენს. პროექტის აქციონერები არიან: SOCAR - 32,97%, ბრიტანული BP plc - 30,1%, უნგრული MOL - 8,9%, თურქული TPAO - 6,53%, იტალიური Eni და ფრანგული TotalEnergies - თითოეული 5%, იაპონური Itochu - 3,4%, ინდური ONGC Videsh- 3,1%, ამერიკული ExxonMobil და იაპონური INPEX - თითოეული 2,5%.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ