ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
GE EN RU
"მიღწეულია პოლიტიკური კონსენსუსი და ამ დროს ხელისუფლება ძალიან უხეში ფორმით აყირავებს ამ მაგიდას" - გია ხუხაშვილი 26.12.2019 12:36

“ქართული ოცნების” იმიჯი სერიოზულად არის შელახული და ეს განპირობებულია ობიექტური მიზეზებით. რაც მოხდა საქართველოში, დასავლური სტანდარტით წარმოუდგენელია. როდესაც ხელისუფლება პირდება საზოგადოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, ფაქტობრივად, მიღწეულია პოლიტიკური კონსენსუსი და ამ დროს ხელისუფლება ძალიან უხეში ფორმით აყირავებს ამ მაგიდას, - თავისივე დაპირებაზე უარს ამბობს”, - აცხადებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “გამორიცხულია დასავლეთმა ხელისუფლების შეცვლა გადაწყვიტოს” - ხუხაშვილი.

 

 

“პროვინციული სპექტაკლი დადგეს ბუნტთან დაკავშირებით. ეს იყო სერიოზული ინდიკატორი დასავლეთისთვის და შესაბამისად ვითარდება მოვლენებიც. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერას დასავლეთი შეწყვეტს, დიპლომატიურ ენაზე ეუბნებიან ხელისუფლებას იმას, რაც სათქმელია. ამ განცხადებაში (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის) საყურადღებოა ერთი მომენტი, როდესაც საუბარია მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზების რისკებზე, ეს ძალიან სერიოზული გზავნილია. ხელისუფლებამ, როგორც მისთვის არის დამახასიათებელი, კონტექსტიდან ამოგლიჯა თავისთვის სასარგებლო რაღაცები და თქვა, რომ ეს მათი მხარდამჭერი წერილია. ოპოზიციამ - თავისთვის. ჭეშმარიტება დარჩა მის მიღმა. ძალიან სამარცხვინო წელი იყო ამ ხელისუფლების მოღვაწეობის პერიოდში. მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესები, ივნისის მოვლენები, “გადაგდება”... რომელი ერთი გავიხსენოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

 

“ხელისუფლების დეგრადაციის ტემპი წელს განსაკუთრებული იყო. ამერიკელებს აქვთ ყველა ის ინფორმაცია, რაც გვაქვს ჩვენ. მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხი, - ეს არის მცირე დეტალი. პრობლემები გვაქვს თითქმის ყველა მიმართულებით. მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირებაზეა საუბარი, რომელიც პროკურატურას და სასამართლოს მოიცავს. თუკი ეს ტენდენცია შენარჩუნდა და დასავლეთის თვალში ხელისუფლების იმიჯის ვარდნა გაგრძელდება შედეგად მივიღებთ არასტაბილურობას, მუდმივ რყევებს და შეფერხებას დასავლურ სისტემებში ინტეგრაციის კუთხით, - ეს კარგ შემთხვევაში. ცუდ შემთხვევაში კი ორიენტაციის ნელ-ნელა ცვლილებას”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

 

 

“ხელისუფლების რიტორიკაში ვხედავ ისეთ კონტექსტს, რომ “თუ არ ვუყვარვართ დასავლეთს, სხვა გზა უნდა ვეძებოთ”. ზოგს ჰყოფნის ჭკუა, რომ ამაზე არ ილაპარაკოს. “ფეისბუქის” სკანდალს თუ გავყვებით, ხელისუფლების პროპაგანდისტული ფრთა, ანტიდასავლური ნარატივის ქვეშ მუშაობდა, დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “გაჩნდა მოსაზრება, რომ თუკი დასავლეთის ზეწოლა “ქართულ ოცნებაზე” გაგრძელდება, მოსალოდნელია ხელისუფლების ცვლილება. თქვენი შეხედულება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?” - პასუხობს:

 

“დასავლეთს შეუძლია მხოლოდ ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ის, რომ დასავლეთმა გადაწყვიტოს ხელისუფლების შეცვლა, გამორიცხულია და არც არასდროს მომხდარა, მიუხედავად ათასი შეთქმულების თეორიისა. დასავლეთი უყურებს პროცესს და ის მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც მისთვის უფრო გასაგებია, რომელიც უფრო ახლოს არის მის ფასეულობათა სისტემასთან. რაც უფრო შორდება ხელისუფლება ამ ფასეულობათა სისტემას, ეს დასავლეთის მხრიდან ალტერნატიული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას იწვევს”.

ავტორ(ებ)ი : "რეზონანსი“

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ